ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით 20-25%-ითაა გაზრდილი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია „ბორანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე ქიტიაშვილი აცხადებს. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში „ბორანის“ მომსახურებით უფრო მეტი ქართველი დაინტერესდა და საერთო მგზავრთნაკადში ადგილობრივების წილი გაიზარდა.
„სასიხარულოა, რომ ჩვენი სერვისებით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებმაც აქტიურად დაიწყეს. თუ კი ადრე ისინი მტკვარზე დასვენებას არ სწყალობდნენ, ახლა უკვე ყველა დარწმუნდა, რომ არანაირი დისკომფორტი არ არის. მტკვარი, როგორც ტურისტული და დასასვენებელი სივრცე გაცოცხლდა.
უცხოელებიდან ყველაზე ხშირად „ბორანის“ სერვისებით გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები სარგებლობენ, ასევე საკმაოდ არიან ტურისტები შუა აზიიდან და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან“, - განმარტავს კონსტანტინე ქიტიაშვილი.
კომპანია „ბორნის“ მფლობელობაში ამ დროისათვის ოთხი ერთეული მცურავი სატრანსპორტო საშუალებაა - ერთი ბორანი-ტივი (დიდი ბორტი ) და 3 ერთეული კატამარანია.
„ბორანი გათვლილია დაახლოებით 50 ადამიანზე. რეისს ასრულებს „მშრალი ხიდიდან“. მას არ აქვს რეგულარული რეისები და რეისებს შეკვეთების მიხედვით ასრულებს. ჩვენი ბორანის მაგალითზე საკმაოდ მზარდია კორპორატიული შეკვეთები. ბორანზე ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, ეს არის პრეზენტაციები სადღესასწაულო ღონისძიებები და სხვა. თუმცა ყველაფერი კეთდება წინასწარი შეკვეთით, რადგანაც ამ რეისისთვის წინასწარ უნდა მოვემზადოთ. ბორანის სპონტანურად გასვლა მტკვარზე არ შეიძლება, რადგანაც მას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. ეკიპაჟმა წინასწარ უნდა დაგეგმოს რეისი და მოემზადოს. მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა“, - განმარტავს „ბორანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბორანის შემთხვევაში პრივატულია რეისი რომელიც სრულდება დამკვეთის მიერ მოთხოვნილ დროს და არ ემთხვევა რეგულარულ რეისების შესრულების დროს. პრივატული რეისები არის ორი სახის, ესენია დახურული და დახურვის გარეშე. დახურული პრივატული რეისების დროს არ ხდება უცხო მგზავრების დამატება ბორანზე, ბორანით მთლიანად სარგებლობს კონკრეტული ჯგუფი. პრივატული რეისები დახურვის გარეშე ნიშნავს იმას რომ, ბორანის ადმინისტრაცია იტოვებს უცხო მგზავრების დამატების უფლებას კონკრეტულ ჯგუფში შემავალი მგზავრების გარდა.
პრივატული რეისები სრულდება სხვადასხვა დროს დამკვეთთან შეთანხმებით. ცურვის ხანგრძლივობის და ფასის განსაზღვრაც ხდება დამკვეთთან შეთანხმებით, ინდივიდუალურად.
რაც შეეხება კატამარანს, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით რეისები ყოველ 15 წუთში სრულდება. პატარა კატამარანზე 10-12-მდე მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი, ხოლო დიდზე 20-22 მგზავრის. ერთი ვიზიტის ფასი კი 20 ლარიდან 30 ლარამდეა, რაც დამოკიდებულია შეკვეთაზე და მგზავრების რაოდენობაზე.
„კომპანია „ბორანს“ საკუთარ მცურავ საშუალებებზე სხვადასხვა მათ შორის სასმელების მიწოდების სერვისიც აქვს, თუმცა შეკვეთა უნდა მოხდეს წინასწარ. ზოგს ერთი ყავა ყოფნის, ზოგს კი უფრო მეტი უნდა. თუმცა საერთო ჯამში გეტყვით, რომ დამატებით სერვისებს აქტიურად იყენებენ. სასიამოვნოა მტკვარზე, რამე გამაგრილებელი ან მსუბუქი ალკოჰოლური სასმლის მირთმევა“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კატამარანი გასეირნება შესაძლებელია ყოველდღე 10-დან საღამოს 24 საათამდე. კატამარანით შესაძლებელია შესრულდეს პრივატული რეისები ინდივიდუალურად დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.
ბავშვები 6 წლამდე სარგებლობენ უფასო გასეირნებით (ადგილის გარეშე)
კომპანია „ბორანი“ სამომავლოდ საკუთარი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების პარკის ზრდასაც განიხილავს, რაც თავის მხრივ მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.
„მტკვრის ტურისტული პოტენციალი ისე კარგად ვითარდება და იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ თავისთავად მოგვთხოვა ბიზნეს საქმიანობამ, რომ უკეთესი და უფრო მეტი სატრანსპორტო საშუალებები გვყავდეს და უკეთესი სერვისები შევთავაზოთ დამსვენებლებს და ჩვენს სტუმრებს. გაფართოების დეტალებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ, რადგანაც სეზონი ახლა დასრულდა და ჯერ უნდა გავაანალიზოთ მონაცემები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები. იმედი გვაქვს, რომ თუ ქვეყანაში მშვიდობა იქნება უკეთ წავა ჩვენი საქმეებიც. ზოგადად ბიზნესს ესაჭიროება გრძელვადიანი მშვიდობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განმარტავს კონსტანტინე ქიტიაშვილი.
ირკვევა, რომ ამ ეტაპზე კომპანია სტანდარტული ტურისტული მარშრუტების დაგრძელებას, ან დროს გახანგრძლივებას არ განიხილავს.
„ბარონისთვის მშრალი ხიდის ნეკნებს შორის გაცურვა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მტკვრის დინების საწინააღმდეგოდ, დიღმის მიმართულებით, დასათვალიერებელი დიდად საინტერესო არაფერი არ არის. ეს ყველაფერი დიდ დროს დაიკავებს. რაც შეეხება კატამარანებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით ეს შესაძლებელია, მაგრამ ვინაიდან 30 წუთიანი ტური გაქვს, ძირითად ტურისტულ ლოკაციას ვათვალიერებინებთ. ჩვენ თავის დროზე მოვსინჯეთ უფრო მოკლე ტურებიც და უფრო გრძელი ტურებიც, მაგრამ 30 წუთი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ტურისტს დავათვალიერებინოთ საინტერესო ადგილები“, - აღნიშნავს „ბორანის“ თანადამფუძნებელი.
უახლესი