ჩეხური ინვესტიციებით დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტები, სამომავლო გეგმები და ურთიერთანამშრომლობის კონკრეტული საკითხები განიხილეს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ჩეხური საინვესტიციო ფონდის - Georgia Energy Sicav-ის თანამფლობელი, ჩეხური კომპანია „დიემენ ინვესტის" მფლობელი და დირექტორი დანიელ მაჰოვსკი, მორავიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და ჩეხური ფონდის თანამფლობელი ტომაშ პსოტა, კომპანია „დიემენ ჯორჯიას" დირექტორი მიხეილ ჩხიკვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუბო ტურაშვილი მონაწილეობდნენ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ჩეხური მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და დაინტერესებულია კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებით განახლებადი ენერგიების პროექტებში. კომპანიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას და იმ მხარდაჭერას, რაც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების საშუალებით როგორც მცირე, ისე მსხვილი პროექტების მხარდაჭერისთვის ხორციელდება. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს და ჩეხური საინვესტიციო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გეგმებზე ისაუბრეს.
საქართველოში კომპანია „დიემენ ინვესტის" საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ჰიდროპროექტები, მათ შორის: ხოფური ჰესი, ხოფური 2 და ხოფური 3, ხელედულა 1 და ხელედულა 2, ასკისწყალი ჰესი, ორი მცირე ჰესის პროექტი რაჭაში და ორი კახეთში, ასევე მზის ელექტროსადგური გორის რაიონში. პროექტების ჯამური ინვესტიციის ოდენობა შეადგენს 60 მილიონ ევროს, რომელიც ხორციელდება ჩეხეთში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდიდან „ჯორჯია ენერჯი სიკავ." პირველ ეტაპზე, ჯამურად, 40 მეგავატის აშენება იგეგმება.
უახლესი