დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Tbilisi Logistics Center-ი მეორე საწყობის მშენებლობას მარტის ბოლომდე დაასრულებს, ინვესტიცია 6 მლნ დოლარია

Tbilisi Logistics Center-ი მეორე საწყობის მშენებლობას მარტის ბოლომდე დაასრულებს, ინვესტიცია 6 მლნ დოლარია

24-01-2025 16:00:00

Tbilisi Logistics Center • თბილისის ლოგისტიკური ცენტრი გეზის ტერიტორიაზე მეორე საწყობის მშენებლობას მარტის ბოლომდე დაასრულებს და მალევე, მესამე საწყობის მშენებლობასაც შეუდგება.

როგორც Business Insider Georgia-ს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის დირექტორმა არჩილ წერეთელმა განუცხადა, კიდევ ერთი ახალი A კლასის საწყობის მშენებლობა 12000 კვადრატულ მეტრზე აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ საწყობში 24000 ევრო პალეტის განთავსება იქნება შესაძლებელი. ინვესტიციის მოცულობა 6 მლნ დოლარია.

„მორიგი საწყობის მშენებლობა მარტის ბოლოს დასრულდება და ეს არის საუკეთესო საწყობი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. რეალურად  A კლასის კი არა  A + კლასის საწყობი გამოგვდის. მე სისტემატურად ვატარებ მონიტორინგს, ასევე კლიენტებისგან ვიღებ ინფორმაციას და ჩვენი კონკურენტული უპირატესობა სახეზეა. მთლიანობაში ამხელა საწყობი საქართველოში არ არის. 

რეალურად ჩვენს სეგმენტში მოთხოვნა იზრდება. ძალიან ბევრი ტვირთებია, საუბარი მაქვს შუა დერეფნის ტვირთებზე. დიდი კომპანიები უკვე ცდილობენ, რომ საქართველოში დასაწყობებული ჰქონდეთ პროდუქციის რაღაც რაოდენობა. ტვირთმა გაიარა გავიდა - ეს მიდგომა იყო წლების წინ. ახლა კომპანიები ცდილობენ, რომ საქართველოში დაფუძნდნენ და შუალედური მარაგები გააკეთონ საქართველოში. შუა დერეფნის ტვირთების მოცულობები არის საკმაოდ გაზრდილი საუბარი მაქს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით განკუთვნილ ტვირთებზე. აქტიურად დაიწყო სატვირთო ავტომობილებით ტვირთების ტრანსპორტირება, რა თქმა უნდა გადაზიდვები ხდება რკინიგზის მეშვეობითაც. საახალწლოდ ჩვენს არსებულ საწყობში საავტომობილო გზით საკმაოდ ბევრი ტვირთი შემოვიდა, რომელიც რაღაცა პერიოდი გაჩერდა საწყობში და შემდეგ უკვე სხვადასხვა მიმართულებით წავიდა“, - აცხადებს არჩილ წერეთელი.

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გარდა შუა დერეფნის ტვირთებისა საწყობის მიმართულებით მოთხოვნა იზრდება ადგილობრივი ბაზრიდანაც. გაზრდილ მოთხოვნას თბილისის ლოგისტიკური ცენტრიც ადეკვატურად პასუხობს და უკვე მორიგ გაფართოებას აპირებს. 

„გაზრდილი ტვირთბრუნვის და მოთხოვნის ფონზე კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. რასაც ვუყურებთ საერთაშორისო ტვირთების პარალელურად იზრდება მოთხოვნა ქართული კომპანიების მხრიდან. იცით როგორია პერიოდია? ძალიან ბევრი ქართული კომპანია მსხვილდება. ვინ რასაც არ უნდა ამბობდეს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არის და საქართველოსადმი ინტერესი არის. დღეს, ბევრი ქართული კომპანია იზრდება და იცვლის საწყობს. ამიტომ ვხედავთ რა ბაზარზე მოთხოვნას, ჩვენ როგორც კი მიმდინარე პროექტს მოვრჩებით გვერდითვე დავიწყებთ 24000 კვ/მ-ზე ახალი საწყობის მშენებლობას. 

თუ კი მიმდინარე პროექტის ინვესტიცია 6 მლნ დოლარია, მესამე საწყობის მშენებლობაში ორჯერ მეტ ინვესტიციას განვახორციელებთ. ზაფხულის ბოლოდან დავიწყებთ შეთანხმებების პროცესს. სამშენებლო სამუშაოების წარმართვას შესაბამისი ნებართვები ესაჭიროება და შევეცდებით, რომ წლის ბოლომდე ამ პროცესებს მოვრჩეთ და წლის ბოლოდან თუ არა მომავალი წლის დასაწყისიდან დავიწყებთ მშენებლობას.

ისეთი მოთხოვნაა, რომ ერთი წამითაც არ ვფიქრობთ, რომ საწყობები სრულად არ დაიტვირთება. ძალიან დიდი ინტერესია უცხოეთიდან საქართველოზე და საქართველოში შემოსვლაზე მოთხოვნა არის“, - აცხადებს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის დირექტორი. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები