დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
“ჩვენ ვართ ინოვაციური კომპანია დაფუძნებული ადამიანურ კაპიტალზე” - Wendy's-ს, Subway-ს  და Dunkin-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

“ჩვენ ვართ ინოვაციური კომპანია დაფუძნებული ადამიანურ კაპიტალზე” - Wendy's-ს, Subway-ს და Dunkin-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

16-09-2024 15:00:00

რამდენიმე დღეა საქართველოში Wendy's-ს, Subway-ს  და Dunkin-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გიორგი მშვილდაძე გივი გვეტაძემ ჩაანაცვლა, რომელსაც „ვისოლ ჯგუფში“ რამდენიმე წლიანი მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. Business Insider Georgia დაინტერესდა რა გეგმებით მოვიდა კომპანიის ახალი აღმასრულებელ დირექტორად გივი გვეტაძე და როგორია მისი ხედვები.

„ახალი პოზიცია ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს. ეს არის აქციონერების და გუნდის ნდობა, დიდი პასუხისმგებლობა, განვითარების და ახალი გამოცდილების მიღების უნიკალური შანსი, დადებითი გავლენის მოხდენის საშუალება ქვეყნის ეკონომიკაზე, მსოფლიო წამყვანი ბრენდების ფილოსოფიის კიდევ უფრო გავრცელება საქართველოში და ა.შ.

„ვისოლ ჯგუფის“ გუნდის წევრი ვარ 15 წელიწადია და თითქმის ყველა მიმართულების განვითარებაში ვიღებდი მონაწილეობას, როგორიც  არის ავტომობილების მომსახურების კომპანია ვინტო, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტ რითეილი“, უძრავი ქონების კომპანია „მპ დეველოპმენტი“ და ცხადია ჩემთვის უსაყვარლესი, სწრაფი მომსახურების რესტორნის ამერიკული ბრენდები „ვენდი“, „საბვეი“ და „დანქინი“.

წლების წინ, ერთად გავხსენით პირველი სუპერმარკეტი „სმარტი“, პირველი „ვენდის“ და „დანქინის“ რესტორნები.

„ვისოლ ჯგუფში“ მოსვლამდე, ვმუშაობდი ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორიც არის „გალტ ენდ ტაგარტ სიქიურითის“, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ და საქართველოს ბანკი. ასევე, 18 წელიწადია ვკითხულობ ლექციებს ბაზრის ლიდერ, კავკასიის უნივერსიტეტში.

რაც შეეხება მიზნებს, ეს არის აქციონერების ხედვის რეალიზაცია, კერძოდ, ქსელის განვითარება, საუკეთესო ხარისხის პროდუქტის და მომსახურების შეთავაზება მომხმარებლისთვის, ბრენდის ცნობადობის ამაღლება, ტექნოლოგიური ინოვაციები.

- ⁠როგორი იქნება თქვენი როლი Wendy's-ის, Dunkin-ის და Subway-ს სტრატეგიულ განვითარებაში?

- კომპანიის CEO-ს როლი კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში ყოველთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი და წამყვანი. ჩვენი სამივე ბრენდის შემთხვევაშიც, ცხადია ეს ასე არის და იქნება მომავალშიც.

ჩვენს ჯგუფს, „ვისოლ ჯგუფს“, აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა - საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო პროდუქტი.

„ვისოლ ჯგუფი“ ფლობს სამი წამყვანი, უდიდესი ამერიკული და მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიურ ფრანჩაიზის ხელშეკრულებას. ჩვენ დიდი ხანია ბაზრის ლიდერები ვართ, როგორც რესტორნების რაოდენობით, ასევე მომსახურების საუკეთესო ხარისხით, ქსელის გეოგრაფიით და ტექნოლოგიური ინოვაციებით. ჩვენი აქციონერების არსებული და სამომავლო სტრატეგიაც სწორედ ამ პრინციპების კიდევ უფრო გაძლიერებას და დახვეწას ისახავს მიზნად.

- როგორ აფასებთ Wendy's-ის, Dunkin-ის და Subway-ს სამომავლო ზრდის პოტენციალს, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის ინდუსტრიაში.

- სამივე ბრენდს ცხადია აქვს ზრდის დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით საბვეის, ვინაიდან ეს არის ყველაზე ახალგაზრდა ბრენდი ჩვენს ჯგუფში - ფრანჩაიზის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას 2023 წელს მოვაწერეთ ხელი და „ვისოლ ჯგუფის“ „საბვეის“ პირველი რესტორანი 2023 წლის სექტემბერში გაიხსნა. დღეს უკვე 17 რესტორანი გვაქვს, თუმცა განვითარების საკმაოდ აქტიური ფაზა გველოდება წინ.

მიუხედავად იმისა რომ „საბვეი“ ქართულ ბაზარზე დაახლოებით ათი წლის წინ შემოვიდა, ეს იყო არა-ექსკლუზიური ფრანჩაიზის ხელშეკრულება და შესაბამისად, ქართველი მომხმარებელი „საბვეის“ ნაკლებად იცნობდა, თუნდაც იმიტომ რომ ამ ათი წლის მანძილზე მხოლოდ 8 რესტორანი ფუნქციონირებდა.

დღეს უკვე სხვა მდგომარეობაა და ჩვენმა მომხმარებელმა კარგად დაინახა ამ უდიდესი ბრენდის სიძლიერე, ფილოსოფია, ხელმისაწვდომობა, პროდუქტის სიჯანსაღე, სარესტორნე სივრცეების ერგონომიკა და ეს ყველაფერი აისახება იმ დადებით ემოციაში, უკუკავშირში, სიყვარულში რასაც ჩვენ, ჩვენი სტუმრებისგან ყოველდღიურად ვგრძნობთ.

ანალოგიურად, გრძელდება „ვენდის“ რესტორნების ქსელის ექსპანსია და უკვე წლის ბოლოს, „ვენდის“ ულამაზესი მე-20 რესტორანი, რომელსაც ასევე ექნება დრაივი, შეემატება ჩვენს ქსელს.

რაც შეეხება „დანქინს“, ეს არის უნიკალური ბრენდი, ვინაიდან დღის მანძილზე, სხვადასხვა საათებში, რამდენჯერმე არის შესაძლებელი ესტუმროთ „დანქინს“ და შეიძინოთ ყავა, დონატები, საუზმე, იოგურტი, ხაჭაპური, სენდვიჩები და ა.შ.

დღეს ჩვენ გვაქვს „დანქინის“ 85 რესტორანი, ვართ თითქმის ყველა ქალაქსა და რეგიონში და გვაქვს უდიდესი ქსელი საქართველოში. თუმცა ქსელის განვითარება კვლავ გრძელდება და ჩვენ კიდევ გავხსნით „დანქინის“ რესტორნებს.

ზოგადად, ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე, ვინაიდან ეს არის გემრიელი, საუკეთესო ხარისხის, ფრეშ პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად და ხელმისაწვდომ ადგილას.

- ⁠რას ნიშნავს თქვენთვის გუნდის /კომპანიის წარმატება და რას თვლით ბაზარზე არსებულ მთავარ გამოწვევად?

- კომპანიის წარმატება, კლასიკურად, რამდენიმე პარამეტრით შეგვიძლია გავზომოთ. ეს არის ფინანსური მომგებიანობა, გაყიდვების სიდიდე, რესტორნების რაოდენობა, გაყიდვების ზრდის ტემპი და აქტივების სიდიდე, თუმცა, ჩვენ, „ვისოლ ჯგუფში“, ყოველთვის ორი მთავარი პარამეტრით ვზომავთ ჩვენი გუნდის თუ კომპანიების წარმატებას. ეს არის ბედნიერი და ლოიალური მომხმარებელი და ბენდნიერი და ლოიალური თანამშრომელი.

მომხმარებელი ბედნიერია ჩვენთან სტუმრობით და თანამშრომელი ბედნიერია ჩვენთან მუშაობით.

ყველა სხვა რაოდენობრივი თუ ციფრობრივი მაჩვენებელი ეფუძნება ამ ორ აქსიმატურ ჭეშმარიტებას.

ჩვენ გავცემთ დადებით ემოციას, ვნერგავთ ახალ ცხოვრების წესს, ვთავაზობთ მომხმარებელს რესტორანში სტუმრობის პოზიტიურ და დაუვიწყარ გამოცდილებას და ასე შემდეგ.

დილით, ძალიან ბევრი ადამიანი მხვდება ქუჩაში, ვისაც „დანქინის“ ყავა უჭირავს და დღეს იწყებს „დანქინის“ ყავით - ქალაქში საუკეთესო ყავით.

სწორედ ეს არის ჩვენი წარმატებული მუშაობის და შრომის შედეგი.

რაც შეეხება გამოწვევებს, ერთ-ერთი მთავარია ტექნოლოგიური გამოწვევბი და ინოვაციები. დღევანდელი რეალობა უკვე არის გაჯეტების, ონლაინის, ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების რეალობა. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვიყავით ამ პროცესის ავანგარდში.

დღეს გვაქვს უნიკალური, ამ ბაზარზე ანალოგის არ მქონე მობილური აპლიკაცია რომლის ჩამოწერა შესაძლებელია როგორც Appstore-იდან ასევე google play store-იდან - აპლიკაციის სახელია „wendys dunkin subway”. აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი რესტორანი, შეუკვეთოთ ყველა ის პროდუქტი რაც მენიუში გვაქვს, მიუთითოთ სასურველი დრო და ზუსტად იმ დროს თქვენი შეკვეთა დაგვხვდებათ რესტორანში გამზადებული.

დიდ აქცენტს ვაკეთებთ თვითმომსახურების კიოსკზე. ყველა რესტორანში დგას ჩვენი კიოსკები user friendly ინტერფეისით  და შეკვეთების განთავსება არის ძალიან მარტივი. დღეს ჩვენ უკვე გადავდივართ contactless პრინციპზე რომლითაც შეკვეთები რესტორანში კეთდება უმეტესად მობილური აპლიკაციით და თვითმომსახურების კიოსკით.  

ცხადია, ჩვენ ვართ ტექნოლოგიური კომპანია რომელიც დაფუძნებულია ადამიანურ კაპიტალზე. ჩვენ გვაქვს დასაქმების და განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობა. მაგალითსაც მოვიყვან, თანამშრომელი, რომელმაც ათი წლის წინ ვენდის რესტორანში მუშაობა დაიწყო ქრუს (crew) პოზიციაზე, დღეს არის წარმატებული საოპერაციო დირექტორი. თანამშრომელი, რომელიც წლების წინ ჩვენს კომპანიაში იყო ოფისის ადმინისტრატორი, დღეს არის წარმატებული საოპერაციო დირექტორი. და ასე შემდეგ. ეს არის დიდი შრომის, სწავლის, საკუთარ თავზე მუშაობის, ენერგიის დახარჯვის შედეგი, თუმცა ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ დინამიური და სწრაფად მზარდი გარემოდან, რაც ჩვენს ჯგუფში იყო და არის.

ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ჩვენს თანამშრომლებს დასაქმების მხრივ, ვცდილობთ მივცეთ არჩევანი, რომელ ბრენდში, რომელ რესტორანში და რამდენი საათი იმუშაოს კვირაში. ამიტომ, ველოდებით ყველას, ვისაც სურს სწრაფ, დინამიურ, მეგობრულ გარემოში მუშაობა სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ცოდნა, განვითარების სურვილი, ინოვაციები...

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები