დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიხეილ ხიდურელი | აუცილებლად შევქმნით ფონდს, რომლის ლიმიტირებული პარტნიორი ვიქნებით

მიხეილ ხიდურელი | აუცილებლად შევქმნით ფონდს, რომლის ლიმიტირებული პარტნიორი ვიქნებით

05-01-2024 12:23:00

Business Insider Georgia-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, რომ იგეგმება სააგენტოს ტრანსფორმირება. 

„ვგეგმავთ სააგენტოს ტრანსფორმირებას, რადგან ვთვლით, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. რა თქმა უნდა, ამ შედეგებს შევაფასებთ და ახალ პროგრამებს დავამატებთ, მაგრამ გლობალურად რომ შევხედოთ, დღეს საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით წამყვანი მიმართულებაა საბანკო ინდუსტრია, რაც ძალიან კარგია და  ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი კონტრიბუტორია“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

მიხეილ ხიდურელმა ახალი ფონდის შექმნაც დააანონსა, სადაც  „აწარმოე საქართველოში" ლიმიტირებული პარტნიორი იქნება.

„გვესმის ყველას, რომ ქვეყანა თუ სწორი ვექტორით მიდის, რა გზაზეც დღეს  ვდგავართ, აუცილებელია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრები განვითარდეს, ანუ გაჩნდეს საბანკო სერვისების ალტერნატივა. სწორედ ამიტომ, მთავრობის პოლიტიკის შედეგად, ამ მიმართულებით, ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდა - ეკონომიკის სამინისტრო და კაპიტალური ბაზრების დეპარტამენტი მუშაობს საკანონმდებლო ჩარჩოზე. ერთი პროგრამა, რომლის დიზაინიც ფაქტობრივად დამუშავებულია და შემდეგ წელს გავუშვებთ - კომპანიებს დავეხმარებით ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში, ე.წ ბონდების,  რაც ახალი ინსტიტუციონალური მიმართულება იქნება სააგენტოში.

ასევე, აუცილებლად შევქმნით ფონდს, რომლის ლიმიტირებული პარტნიორი ვიქნებით -  ჩვენი თანხით შევალთ, თუმცა შემდეგ  ყველა საერთაშორისო წესის დაცვით, მაქსიმალურად ბევრ საერთაშორისო ინსტიტუტს შემოვიყვანთ და შესაბამისად გაჩნდება მცირე და საშუალო ბიზნესის ე.წ. „ექვითი ფონდი“  (Equity Fund).

ამასთან ერთად, საუბარია asset based financing-ზე ანუ უძრავ აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსებაზე, შესაბამისი პლატფორმის შექმნაზე. ასე რომ, როგორც ხედავთ სააგენტოს ფარგლებში ბიზნესისთვის ახალი მექანიზმები გაჩნდება.

დღეს არსებობს ბიზნესის სეგმენტი, რომელიც რჩება ბანკის დაფინანსების მიღმა იმ ნაწილში, რომ კრედიტით არის გადატვირთული, მას ვეღარ აძლევს ბანკი მეტ სესხს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ნამდვილად აქვს განვითარების პერსპექტივა. ამ კომპანიებს სჭირდებათ ახალი მექანიზმი და სწორედ ეს იქნება „ექვითი ფონდი“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.


 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები