ჩვენი კომპანია აქტიურად აპირებს ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობას და უახლოეს ხანებში გამოვალთ სასარგებლო ინიციატივით, რომელიც შესაძლებელია გახდეს ფართო დისკუსიის საგანი და მოიტანოს უამრავი სასარგებლო გადაწყვეტილებები მომავლის ინიციატივების თვალსაზრისით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსიის თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა | ხელისუფლების როლი“ იყო.
2025 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა. დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„მსგავსი ფორუმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლების მაღალ წარმომადგენლებთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაში უშუალოდ განვიხილოთ ის საკითხები, რომელსაც როგორც გლობალურად, ასევე ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება აწყდებოდეს მსხვილი ბიზნესი. ჩვენი ჯგუფი, „ამბასადორი ჯგუფი“ წარმოადგენს უმსხვილეს დამსაქმებელს საქართველოში. გარდა იმისა, რომ „ამბასადორი ჯგუფი“ თავად აწარმოებს საქართველოში ბიზნეს აქტიურობას, აგრეთვე აჭარაში ახორციელებს უმსხვილეს ბიზნეს ინიციატივას, რაც გულისხმობს 84 ჰექტარზე გაშენებულ ორ ნახევარ კუნძულის და კუნძულის მშენებლობას, რაც საქართველოში მომავალში შექმნის უამრავ ბიზნეს შესაძლებლობებს. შესაბამისად, ჩვენი კომპანია აქტიურად აპირებს ამ ფორუმთან თანამშრომლობას და უახლოეს ხანებში გამოვალთ იმ სასარგებლო ინიციატივით, რომელიც შესაძლებელია გახდეს ფართო დისკუსიის საგანი და მოიტანოს უამრავი სასარგებლო გადაწყვეტილებები მომავლის ინიციატივების თვალსაზრისით“, - აცხადებს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი.
გოჩა კამკიას თქმით, ორი ნახევარკუნძულისა და კუნძულის განაშენიანების ინიციატივა, ეს უკვე არის გლობალური, ეკონომიკური ელემენტების მქონე ინიციატივა საქართველოში.
„ჩვენ პროექტში ჩართული გვყავდა მსოფლიო მასშტაბის როგორც არქიტექტორები, ურბანისტები, ასევე ეკონომისტები. შესაბამისად, კონკრეტული კვლევებით დასტურდება, რომ ამ პროექტის რეალიზების შედეგად დაახლოებით 20 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება და კონკრეტულად ეს საკადასტრო კოდი უზრუნველყოფს მომავალში 65 მლნ აშშ დოლარამდე გადასახადების აკუმულირებას სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც არის ნამდვილად შთამბეჭდავი შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის, რეგიონისთვის და თავად ჩვენი კომპანიისთვის, რომელიც არის ამ ყველაფრის ინიციატორი“, - აცხადებს გოჩა კამკია.
უახლესი
11 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო12 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა12 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე