Tbilisi Logistics Center • თბილისის ლოგისტიკური ცენტრი გეზის ტერიტორიაზე მესამე A კლასის საწყობის მშენებლობას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასაწყობე მეურნეობის მიმართულებით ლიდერი კომპანიის, თბილისის ლოგისტიკური ცენტრის გენერალურ მენეჯერს არჩილ წერეთელს ესაუბრა.
თბილისის ლოგისტიკურმა ცენტრმა გასულ წელს გეზის ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტი წამოიწყო, რომელიც რამდენიმე ფაზისგან შედგება, პროექტის პირველი ფაზა A კლასის საბაჟო ტერმინალი 6300 კვადრატულ მეტრზე უკვე სრული დატვირთვით მუშაობს.
ამავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მეორე საწყობის მშენებლობაც 12000 კვ მეტრზე, რომელიც დასრულების ეტაპზეა და 24000 ევროპალეტს დაიტევს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე სამუშაოების შემდეგ ფაზაზე დაჩქარებული ტემპით გადადიან და კომპანია მესამე საწყობის მშენებლობასაც რამდენიმე დღეში დაიწყებს.
“დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში A კლასის საწყობების, რაოდენობა საკმაოდ მცირეა. რეგიონებზე, რომ არ ვისაუბროთ ამ ეტაპზე და მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენზე ვკონცენტრირდეთ, არსებული საწყობების 60-70%-ი B და C კლასისაა. ესენი ძველი საწყობებია, რაც უახლეს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია თანდათან მათი განახლება.
დღეს თუ კი ლოგისტიკის მიმართულებით რაიმე მოძრაობაა, ყველაფერი გეზის გარშემო ტრიალებს სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ ტერიტორიაზე გვაქვს აქცენტი. საუბარი მაქვს გარდაბანზე, გამარჯვებაზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა ვფიქრობ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე სასაწყობე ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს, რადგან ტერიტორიულად ამის პოტენციალი არსებობს.
ჩვენი დაკვირვებით და ახლა უკვე ოფიციალური კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მოთხოვნა საგრძნობლად მზარდია A კლასის საწყობებზე და რამდენიც არ უნდა ააშენო, არსებული ტემპი ამ გაზრდილ მოთხოვნას ვერ უმკლავდება,ვინაიდან მოთხოვნა გაცილებით მეტია ვიდრე მიწოდებაა“, - ამბობს არჩილ წერეთელი Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული კვლევის „საწყობები და ლოგისტიკა თბილისში“ საპასუხოდ.
Galt & Taggart-ის უახლესი კვლევის თანახმად ბოლო წლებში საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდითა და ადგილობრივი/საგარეო ვაჭრობის გააქტიურებით იყო განპირობებული. მათივე მონაცემებით, ამჟამად თბილისში საწყობების მიწოდება არის 920 ათასი კვ. მეტრი. აქედან, 94% არის მშრალი საწყობები, ხოლო დანარჩენი 6% სამაცივრე მეურნეობები. მიუხედავად იმისა, რომ მშრალი საწყობების მიწოდება 2024 წელს 2020 წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი, არსებული საწყობების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები ან ძალიან დაბალი ხარისხის საწყობებია, რომლებიც მოთხოვნის კრიტერიუმებს ძირითადად არ შეესაბამება.
„ვინაიდან სტანდარტები გაიზარდა თანდათანობით B და C კლასის საწყობების არსებობა არსს კარგავს და ადრე თუ გვიან ასეთი საწყობები ჩანაცვლდება A კლასის საწყობებით.ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ამ ტემპს და სრული მობილიზებით სწორედ ამ მიმართულებით გავაქტიურდეთ, შევქმნათ სრულიად ახალი A კლასის დიდი მოცულობის საწყობები უახლესი სტანდარტების დაცვით.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოგისტიკური ცენტრის რიგით მეორე საწყობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, მშენებლობა 12000 კვ/მ-ზე მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ საწყობში 24000 ევრო პალეტის განთავსება იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება მესამე საწყობს, როგორც არჩილ წერეთელი ამბობს, მისი მშენებლობა ძალიან მალე დაიწყება.
„ძალიან მალე დავიწყებთ მესამე A კლასის საწყობის მშენებლობას,რომლისთვისაც 15 მლნ დოლარის ინვესტიციას ვგეგმავთ, რომ გამოვყოთ, მიწა არსებული საწყობების მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე შევიძინეთ და იმედი გაქვს, რომ 2026 წლის გაზაფხულისთვის მესამე A კლასის საწყობის მშენებლობასაც წარმატებით დავასრულებთ, რომელიც 20 000 კვ/მ-ზე აშენდება“, -აღნიშნავს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის დირექტორი.
უახლესი
6 საათის წინ
ჰენკელი - ექსკლუზიურად გორგიაში