დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში აუცილებლად იქნება გამართული, ევროპული ტიპის, მგზავრთა გადაყვანის საქალაქთაშორისო სისტემა - გურამ გურამიშვილი

საქართველოში აუცილებლად იქნება გამართული, ევროპული ტიპის, მგზავრთა გადაყვანის საქალაქთაშორისო სისტემა - გურამ გურამიშვილი

22-05-2023 11:00:03

 

 

მთავრობა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმას გეგმავს. რას გულისხმობს რეფორმა და კონკრეტულად ტრანსპორტის სექტორის რა ნაწილი მოექცევა საკანონმდებლო ჩარჩოებში. რა მოლოდინი აქვს ეკონომიკის სამინისტროს, რა შეიცვლება მგზავრთა გადაყვანის ინდუსტრიაში და რა სარგებელს მიიღებენ რიგითი მოქალაქეები, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გურამ გურამიშვილს ესაუბრა:

 

  • ცნობილია, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა. როდის დაიწყება კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები?

 

ამჟამად კანონპროექტი უწყებებშია საბოლოო შეთანხმებებისთვის და უახლოეს დღეებში წარდგენილი იქნება მთავრობის სხდომაზე განხილვისთვის და ამის შემდეგ გადაეგზავნება საკანონმდებლო ორგანოს. გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება საკომიტეტო განხილვები და  საშემოდგომო სესიაზე მოხდება მისი მიღება.

 

  • როგორც ცნობილია, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რა შეიცვლება რეფორმის შემდგომ როგორც მგზავრისთვის, ასევე მგზავრთგადამყვანი კომპანიებისთვის?

 

რეალურად რეფორმა ორეტაპიანია და პირველი გარდამავალი ეტაპი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ სექტორი მოემზადოს, როგორც მგზავრთგადამყვანები ასევე ავტოსადგურის მფლობელები. ისინი ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა მოემზადონ იმ ცვლილებებისთვის, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ლი მაისიდან შევა. გარდამავალი ეტაპი თავის მხრივ მგზავრთა გადამყვანებისთვის გარკვეული შუალედური მოთხოვნების შესრულებას გულისხმობს.

მაგალითად, ავტოსატრანსპორტო საშუალებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი ტექინსპექტირება. აუცილებელია, რომ მძღოლს  ჰქონდეს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. აუცილებელია ასევე, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილი იყოს მგზავრთა გადაყვანებისთვის და არა სატვირთო ან სხვა მიზნებისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს კონკრეტულ მარშრუტზე სამგზავრო გადაყვანებისთვის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა. რაც შეეხება ავტოსადგურებს, როგორც აღვნიშნეთ მათ მიეცემათ გარკვეული გარდამავალი ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა უზრუნველყონ ინფრასტრუქტუტის მოწესრიგება წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ამ ეტაპზე, საორიენტაციოდ, ასეთ ვადად განსაზღვრულია 2025 წლის პირველი მაისი, რომლის შემდგომაც სრულად ამოქმედდება ის მოთხოვნები, რომლებსაც ავტოსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ.

ასევე ხსენებული მოთხოვნები ავტოსადგურებზე გავრცელდება  გარკვეული კლასიფიკაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ავტოსადგურები სამ კატეგორიად (კლასის) დაიყოფა: პირველი კლასის, მეორე კლასის და მესამე კლასის. - რომ დამიზუსტოთ, რა მოთხოვნები გავრცელდება ავტოსადგურებზე და რა სერვისები დახვდებათ მგზავრებს. - ავტოსადგურებში მგზავრებს პირველ რიგში უნდა დახვდეთ კომფორტული და რაც მთავარია უსაფრთხო გარემო. ავტოსადგური აღჭურვილი უნდა იყოს ყველა სათანადო სერვისით, რომელიც საჭიროა მგზავრთა გადაყვანისთვის. ეს შეიძლება ერთი შეხედვით არ იყოს ვიზუალური, მაგრამ მთავარია ტექნოლოგიური მხარე, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად პირველ კლასის ავტოსადგურს შესაძლოა, ტექნიკური დათვალიერების სერვისი ჰქონდეს.

ამ შემთხვევაში სულ მცირე, რეისის წინ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა შემოწმდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველი კლასის სადგურებში ხდებოდეს ექიმის მიერ მძღოლის წინასარეისო შემოწმება. მძღოლი ალკოჰოლურ თრობაზეც უნდა შემოწმდეს. უნდა იყოს ასევე ისეთი მნიშვნელოვანი სერვისები, როგორიცაა: ბილეთის ელექტრონულად გაყიდვა, ინფორმაცია რეისების შესახებ, ტექნიკური აღჭურვილობა სახანძრო უსაფრთხოებისთვის, ასევე მოწესრიგებული ბაქნები.

 

  • მსგავსი ტიპის სადგურები, ვგულისხმობ პირველ კლასს, ალბათ უფრო დიდი ქალაქებში მოეწყობა?

 

საკმაოდ მნიშვნელოვანი და კომპლექსური რეფორმაა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით განხორციელდება. რეფორმის ფარგლებში, თითოეული მუნიციპალიტეტი ავტოსადგურებისთვის განთავსების ადგილის იდენტიფიცირებას მოახდენს.

ეს შესაძლოა, იყოს მანამდე მოქმედი ავტოსადგურები. ამის შემდეგ ამ ავტოსადგურების სერტიფიცირება სიმძლავრეებისა და მოთხოვნის მიხედვით მოხდება. რაც შეეხება კლასიფიცირებას პირველი კლასის სადგურები აღჭურვილი უნდა იყოს ყველა სერვისით, რადგან მათ სერვისში შევა საერთაშორისო რეისების მომსახურება, რაც მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებისთვის არ იგეგმება.

თუმცა მეორე კლასის ავტოსადგურებიდან საერთაშორისო რეისების მომსახურება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში საერთაშორისო გადაზიდვებზე იქნება მოთხოვნა და ამ მხრივ გამონაკლისის დაშვება მოხდება. მესამე კლასის ავტოსადგურებს მინიმალური მოთხოვნები წაეყენებათ. 

 

  • ბატონო გურამ დღეს საქართველოში გაქვს ისეთი ადგილები, სადაც ავტოსადგურის შენობაც კი არ არის. არის დათქმითი ადგილები, საიდანაც სატრანსპორტო საშუალებები გამოდიან. ასე დროს რა ხდება, მუნიციპალიტეტი გამოყოფს ავტოსადგომისთვის ადგილს?

 

ძალიან კარგ საკითხს შეეხეთ. დღეს ეს ყველაფერი ქაოტურია და მნიშვნელოვანია, რომ ამ ქაოტური ვითარების დასარეგულირებლად დაინიცირდა ეს კანონპროექტი. მნიშვნელოვანია, რომ ჯერ მოხდეს აღრიცხვა და შემდეგ „მტაცებლების“ განებართვიანება, რომლებიც დღეს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს უგულებელყოფენ. როგორც აღნიშნეთ ხალხმრავალ ადგილებში, სადაც მოესურვებათ ე.წ. მარშუტკები, თუ მინივენები ნებართვის გარეშე, მგზავრებს კონკრეტულ მიმართულებებზე გადაყვანას სთავაზობენ. ეს ტრანსპორტი ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებს, ზოგ შემთხვევაში არ აქვთ გავლილი ტექინსპექტირებაც და რაც მთავარია ავტოსადგურების მიღმა ლოკაციებიდან მგზავრის გადაყვანა ყოვლად დაუშვებელია და იწვევს ქაოტურ მოძრაობას, იწვევს საცობებს, ასევე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

შესაბამისად ასეთი გადაზიდვები აიკრძალება. ყველა რეისი უნდა დაექვემდებაროს ავტოსადგურიდან გასვლას. ავტოსადგურებიც დღეს სწორედ ამას აცხადებენ, რომ იმყოფებიან არაკონკურენტულ გარემოში და ე.წ. „მტაცებლები“ მგზავრთა გადაყვანის ინდუსტრიაში სერიოზულ პრობლემას ქმნიან.

ზოგიერთ შემთხვევაში ავტოსადგურებსაც აქვთ საკუთარი გადამზიდავი კომპანიები და მათ ანიჭებენ უპირატესობას. ეს საკითხი ასევე დარეგულირდება. ავტოსადგურს არ ექნება უფლება უარი უთხრას გადამზიდავ ოპერატორს თუ მისი გამტარუნარიანობა და სიმძლავრე აკმაყოფილებს კონკრეტული რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურებას.

 

  • როგორ ფიქრობთ საკანონმდებლო ვაკუუმის დასრულების შემდეგ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მკაცრი ადმინისტრირება? ვინ გამოავლებს დარღვევებს და ხომ არ იგეგმება ფინანსური ჯარიმების შემოღება?

 

კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის მიერ ავტომატურად დაიწყება ათვლა. 2024 წლის პირველ მარტამდე უნდა მოხდეს მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების განებართვიანება და მათ შესაბამისად უნდა დააკმაყოფილონ გარდამავალი ეტაპის მოთხოვნები, რომელიც იმოქმედებს 2025 წლის 1-ელ მაისამდე. როგორც კი რეფორმა ამოქმედდება მნიშვნელოვანია განხორციელდეს მონიტორინგი, რათა დარღვევები აღარ მოხდეს. ჩვენ შსს-თან ერთად განვახორციელებთ მონიტორინგს და ავამოქმედებთ ჯარიმებს, რაც გაწერილია კანონპროექტში და კანონქვემდებარე აქტებში უფრო დაზუსტდება.

 

  • ანუ ჯარიმები დღეისათვის განსაზღვრული არ არის და შემდგომ ადმინისტრაციულ კანონში გაიწერება?

 

დღეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ავტოსადგურში მონიტორინგის ჩასატარებლად მოსამართლის გადაწყვეტილება სჭირდება. კანონპროექტის მიხედვით, მონიტორინგის განხორციელების დელეგირება მიეცემა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და მის მონიტორინგის ჯგუფს, რათა შევიდნენ ავტოსადგურებზე და აწარმოონ ზედამხედველობა და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გამოწერონ ჯარიმა. შესაბამისად ჩვენ და შსს საპატრულო პოლიცია, ამ რეფორმის წარმატებულად განხორციელებას უზრუნველვყოფთ.

 

  •  რეფორმირების შემდეგ ან პროცესში, ხომ არ უნდა ველოდოთ გარკვეული მოთამაშეების ბაზრიდან გასვლას, რადგანაც შესაძლოა, მათ ახალი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილონ.

 

გარდამავალი ეტაპი რეფორმის ძალაში შესვლამდე ორიენტირებულია იმაზე, რომ მოასწრონ აკუმულაცია, ფორმირება, მორგება იმ პირობებზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში იქნება მოთხოვნილი. რა თქმა უნდა ბაზარიდან გავა ის ავტოსადგური, ან ის გადამზიდავი, რომელიც პირველ რიგში ვერ დააკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს. დღეს რაც ხდება დაუშვებელია, რადგან ნებისმიერ ადამიანი ასეთ სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობისას საფრთხის ქვეშაა. გვაქვს საკმაოდ ნეგატიური სტატისტიკაც.  როცა ბიზნესი იწყება, ის იწყება იმ სასტარტო პირობით, რომ იქ ტექნიკურად ყველაფერი გამართული უნდა იყოს. ადამიანებში ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. მძღოლი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს გადაიყვანოს მგზავრი უნდა იყოს დარწმუნებული თავის სატრანსპორტო საშუალების გამართულობაში.

ეს არის საწყისი სასტარტო პირობა, რომლის შემდეგაც შესაძლოა, ვილაპარაკოთ ვიღაცის შემოსავალზე ან ვისაუბროთ ზოგადად ბიზნესის წარმატებაზე. რა თქმა უნდა ეს პირობები გამოიწვევს გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების ამორიცხვას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სხვა სეგმენტში საქმიანობის გაგრძელება ვერ შეძლონ.

ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სხვა დიაპაზონში ოპერირებასა და არა საქალაქთაშორისო გადაყვანებს. თუ საქალაქთაშორისო გადაყვანების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ეს არ ნიშნავს რომ ისინი სამუდამოდ დახარვეზდებიან.

 

  •  რეფორმის დაგეგმვისას თუ მოხდა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, როდისთვის იგეგმება ამ რეფორმის დასრულება და რა შედეგს ელოდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო?

 

რეფორმის მომზადებაში ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული. ასევე ჩართული იყო GIZ-ი, რომელმაც საკმაოდ საინტერესო კვლევები მოამზადა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მგზავრთა უსაფრთხოება. მგზავრმა და ტურისტმა დაცულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი. რეფორმის განხორციელებისას ცხადია, სხვა ქვეყნების გამოცდილებებსაც ვუყურებთ, რამეთუ ამ რეფორმის გარკვეული კომპონენტები ასოცირების დღის წესრიგს ეხმაურება. ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგდეს მგზავრთა გადაყვანების საკითხი.

და თქვენი კითხვის პასუხად, თუ რას მოველით, გეტყვით, რომ მოველით იმას, რომ საქართველოში აუცილებლად იქნება გამართული ევროპული ტიპის, საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანები. მგზავრი წინასწარ შეძლებს ინფორმაციის მიღებას - ელექტრონულად შეიძინოს ბილეთი და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ეს სტიქიური თუ ქაოტური ვითარება რაც ამ დარგშია უნდა აღმოიფხვრას და ყველაფერი დაექვემდებაროს უსაფრთხოების წესებს, საერთაშორისო მოთხოვნებს და ბევრად კომფორტული და საიმედო უნდა გახდეს საქალაქთაშორისო გადაყვანები საქართველოში.  რეფორმა სრულად ამოქმედდება 2025 წლის 1-ელი მაისიდან, ხოლო მანამდე გვექნება გარდამავალი ეტაპი და გვექნება აქტიური სამუშაო.

 

  • მოსალოდნელია თუ არა რეფორმის დასრულების შემდეგ, მგზავრთა გადაყვანის სექტორში ტარიფების ზრდა?

 

ბოლო პერიოდში თითქმის ლარით გაიაფდა საწვავი. სექტორმა მანამდე საწვავზე ფასის გაზრდის პარალელურად გააძვირა მგზავრობა, თუმცა იგივე საწვავის ლარით გაიაფების შემთხვევაში, მათ ტარიფები არ დაუწევიათ.

შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ  რეფორმის მიმდინარეობის ფარგლებში მანკიერი და ტენდენციური მომენტები გამოიკვეთოს. სახელმწიფო რეფორმის განხორციელების პირველ ეტაპზე არ გეგმავს რაიმე სახის სატარიფო რეგულირების შემოღებას, შესაბამისად, ბილეთების საფასურს განსაზღვრავს თავად კერძო სექტორი. თუმცა მიუხედავად ამისა, რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია მექანიზმები, რომელიც გააჯანსაღებს სექტორს და შექმნის კონკურენტუნარიან გარემოს, რაც ბუნებრივია მომავალში განაპირობებს ამ მხრივ უმთავრესი ინტერესის - მომხმარებელთა უფლებების დაცვას და აღნიშნულის შედეგად, სამართლიანი და ობიექტური ფასწარმოქმნის არსებობას.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები