დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავარი გამოწვევაა პრემიუმ პროდუქციაზე დაბალი მოთხოვნა და ქსელურ მარკეტებში შესვლა - „მაისის“ დამფუძნებელი

მთავარი გამოწვევაა პრემიუმ პროდუქციაზე დაბალი მოთხოვნა და ქსელურ მარკეტებში შესვლა - „მაისის“ დამფუძნებელი

18-10-2024 18:00:00

ხილის ნატურალური წვენების ბრენდი „მაისის“ დამფუძნებელი თორნიკე ჩხაიძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ამ ტიპის ბიზნესს, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გამოწვევები აქვს.

მეწარმე, ადგილობრივ ბაზარზე მთავარ გამოწვევად პრემიუმ სეგმენტის პროდუქციაზე დაბალ მოთხოვნას და ქსელურ მარკეტებში შესვლისას არსებულ პრობლემებს ასახელებს.

„ჩვენი მიმართულება და ნიშა ბაზარზე არის მაღალი და საშუალოზე მაღალი სეგმენტი. ნატურალური წვენების წარმოება თავისთავად მოიცავს მაღალი ხარისხის ნედლეულსაც და აქედან გამომდინარე პროდუქციის თვითღირებულებაც მაღალია.  სამწუხაროდ, ასეთ პროდუქტზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ჯერ-ჯერობით დაბალია.

ამასთან, ძალიან რთულია ისედაც მცირე და გაჯერებულ ბაზარზე მაღაზიებში შესვლა. მეტ ხელშეწყობას ვისურვებდი რითეილის ქსელის წარმომადგენლებისგან, რადგან სავაჭრო ქსელები ცდილობენ საკუთარი პროდუქციის განვითარებას და ხელს არ უწყობენ მეწარმეებს. შესაბამისად, მანდაც უკვე კონკურენციაში შევდივართ უკვე რითეილის ნაწილში და ეგ არის ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი სირთულე“, - განაცხადა მეწარმემ.

თორნიკე ჩხაიძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ასევე მეწარმეებს გამოწვევები აქვთ საექსპორტო ბაზრებზეც.

„მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტზე გაგვაქვს პროდუქცია, ძალიან დაბალია საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გატანის გამოცდილება. სწორედ აქ გვჭირდება კომპეტენციის ამაღლება როგორც ბიზნესს ისე ქვეყანას. რადგან ბიზნესმა არ იცის რა სპეციფიკაა, პროდუქციის ექსპორტირებისას რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. მოკლედ, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ ექსპორტის კუთხით“, - განაცხადა მეწარმემ.

„მაისის“ ბრენდის ქვეშ ნატახტრის ქარხანაში ადგილობრივი ფერმერების პროდუქციის გადამუშავება ხდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს არ იყენებენ კონსერვანტებს და პროდუქცია 100%-ით ნატურალურია. კომპანია 5 დასახელების ნატურალურ წვენს აწარმოებს.

„მაისის“ ქარხნის წლიური წარმადობა 2,5 ათას ტონას შეადგენს, თუმცა ეს სიმძლავრე სრულად არ აქვთ ათვისებული. „მაისის“ წვენები იყიდება ჰიპერმარკეტებსა და ჰორეკა სექტორში. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული მუდმივად, ხოლო 15 სეზონურად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები