დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ბიზნესს აქვს გარანტია, რომ  თავისუფლად შეძლებს ოპერირებას - სოსო გიორგაძე

საქართველოში ბიზნესს აქვს გარანტია, რომ თავისუფლად შეძლებს ოპერირებას - სოსო გიორგაძე

22-07-2024 15:08:00

ინტელექტუალური საკუთრება, ტექნოლოგიები, რომელიც თანამედროვე ეკონომიკისა და ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილია, მუდმივად ეძებს მნიშვნელოვან, სტაბილურ ბაზრებს, რომელიც განვითარებადია და ამ ნაწილში იმის დადასტურება საერთაშორისო დონეზე, რომ საქართველოში ეს ინტელექტუალური საკუთრება დაცულია და ბიზნეს აქვს გარანტია, რომ ისინი თავისუფლად შეძლებენ ოპერირებას საქართველოში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო რეფორმები, ცვლილებები აუცილებელია, რადგან საკანონმდებლო ბაზა ქმნის გარანტიებს, საფუძველს, მექანიზმებს აჩენს იმისთვის, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორმა უზრუნველყოს თავიანთი უფლებების სწორი მართვა.

„ამის გარდა არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. მაგალითად წელს, 2024 წლის 15 იანვარს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო უწყებას შორის ვალიდაციის შეთანხმება, რომელმაც კიდევ ერთი დიდი გარანტიები აჩვენა საერთაშორისო დონეზე, რომ საქართველოში დაცულია ინტელექტუალური საკუთრება. ეს ნიშნავს, რომ ევროპის საპატენტო უწყების გავლით, პირდაპირ საქართველოში ხდება მათ მიერ დაცული ინტელექტუალური საკუთრების ვალიდაცია და აღიარება. რა თქმა უნდა, ეს იყო დასტური ევროკავშირის საპატენტო უწყების მხრიდან, მინდა დავაზუსტო, რომ მთელი ევროკავშირის მასშტაბით, მათი საპატენტო უწყება მოცულობით არის მესამე საჯარო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია, ამიტომ მათი მხრიდან „საქპატენტის“ აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო ღია მესიჯი ევროკავშირში ინვესტორებისთვის, სამეცნიერო სექტორისთვის, გამომგონებლებისთვის, რომ საქართველოში დაცულია ინტელექტუალური საკუთრება იმდენად, რომ მოხდა ვალიდაცია. ე.ი. ევროპის საპატენტო უწყება ენდობა საქართველოს ინსტიტუტებს“, - განაცხადა გიორგაძემ

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ასევე ხაზგასმაა იმისა, რომ „საქპატენტი“ ძალიან ბევრს მუშაობს და საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ევროკავშირის საპატენტო უწყების მუშაობაში.

„ეს არ არის ავანსი, ეს არის დამსახურება. გაწეული სამუშაოების შედეგად მიღწეულ შედეგებზე ვსაუბრობთ და არა ავანსზე. თუმცა ავანსიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლობის მომავალს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან. სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელსაც აინტერესებს საქართველოს ბაზარი. ბაზარი, რომელიც მუდმივად განვითარებადია და სტაბილურია. ამიტომ, ინტელექტუალური საკუთრება, ტექნოლოგიები, რომელიც თანამედროვე ეკონომიკისა და ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილია, რა თქმა უნდა, მუდმივად ეძებს მნიშვნელოვან, სტაბილურ ბაზრებს, რომელიც განვითარებადია და ამ ნაწილში იმის დადასტურება საერთაშორისო დონეზე, რომ საქართველოში ეს ინტელექტუალური საკუთრება დაცულია და ბიზნეს აქვს გარანტია, რომ ისინი თავისუფლად შეძლებენ ოპერირებას საქართველოში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის აღიარება არის ვალიდაცია, ამის აღიარება არის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და ამის აღიარებაა ის შეთანხმება, რომელსაც ასევე რამდენიმე დღის წინ მოვაწერეთ ხელი“, - განაცხადა გიორგაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები