დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ბავშვი დაიბადა 2022 წელს

რამდენი ბავშვი დაიბადა 2022 წელს

26-09-2023 12:00:40

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის დაიბადა 21 897 ბიჭი და 20 422 გოგო. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 7.9 პროცენტით.

ბოლო წლების განმავლობაში, შობადობის ზოგადი კოეფიციენტი (ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა მოსახლეობის 1 000 კაცზე) კლების ტენდენციით ხასიათდება და 2022 წელს 11.4 პრომილე შეადგინა. რაც შეეხება შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტს, აღნიშნული კოეფიციენტიც შემცირდა და ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობა 1.8 ბავშვით განისაზღვრა.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა დაბადებისას შეადგენს 107.2-ს. მათ შორის, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სამცხეჯავახეთის (119.7), კახეთის (112.9) და ქვემო ქართლის (108.3) რეგიონებში.

როგორც საქსტატში განმარტავენ, 2012 წელთან შედარებით, შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტები 20 წლამდე და 20-24 წლის ასაკის ქალებისათვის შემცირდა. 2022 წელს საქართველოში 20 წლამდე ასაკის 1 000 ქალის მიერ ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ შეადგინა 21.9, ხოლო 20-24 წლის ასაკის ქალებისათვის – 90.2. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა.

დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 2012 წელს 24.2 წელი შეადგინა, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 26.4 წლამდე გაიზარდა. დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, 46.2 პროცენტიდან 39.1 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 15.7 პროცენტიდან 26.6 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, მეორე რიგითობის შვილის წილი 4.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

022 წელს არარეგისტრირებულ ქორწინებაში 16 512 ბავშვი დაიბადა, რაც ცოცხლად დაბადებულების 39.0 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შობადობის რეგისტრაციის სტატუსი ორი სახის არის: დაბადებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ა) მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბ) მხოლოდ დედის განცხადებით. ქორწინების გარეშე მხოლოდ დედის განცხადებით რეგისტრირებული დაბადებულების წილი 2022 წელს შეადგენს 12.1 პროცენტს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები