Business Insider Georgia-თან „ვილა მოსავლის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა,რომ 2024 წელს კომპანიის საექსპორტო გაყიდვები 10%-ითაა გაზრდილი.
„ჩვენი საექსპორტო ბაზრებია აშშ, ლიეტუვა ლატვია, ავსტრია, გერმანია და კატარი.
ძირითადი გაყიდვების წილი აშშ-სა და ლიეტუვას ეკუთვნის. მიმდინარე წელს დაახლოებით 10% -ით გაიზარდა გაყიდვები“, - განაცხადა ნიკოლოზ შეყრილაძემ.
მისი ინფორმაციით, წლის ბოლომდე „ვილა მოსავალი“რამდენიმე ახალი პროდუქტის გამოშვებას გეგმავს, მათ შორის, ერთ-ერთი მუხის კასრში დაძველებული ჭაჭა იქნება.
ამ დროსთვის „ვილა მოსავლის“ ბრენდის ქვეშ 22 დასახელების ღვინო იწარმოება.
„8 ჯიშის ყურძენი გვაქვს გაშენებული საკუთარ ვენახებში და ვაწარმოებთ 22 დასახელების ღვინოს. წითელს, თეთრს, შემაგრებულ ღვინოებს კასრში და ქვევრში დაძველებით და ა.შ. გასულ წელს ექსპორტზე გავიტანეთ 60 ათას ბოთლამდე და გვაქვს მოლოდინი, რომ 100 ათას ბოთლამდე ავალთ. ადგილობრივ ბაზარზე სწრაფი ტემპით ვითარდება გაყიდვები, თუმცა კონკურენცია მაღალია და ზრდა 10% იყო“, - ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი.
მისი თქმით, „ვილა მოსავლის“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინო პრემიუმ სეგმენტს მიეკუთვნება.
„ვენახს ჩვენ უვლით და მხოლოდ საკუთარ მოსავალს ვამუშავებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ კარგი ხარისხის მოსავალი და ღვინო. ნაკლები მოსავალი გვაქვს, ხოლო დანახარჯი იგივეა, რაც აქვთ დიდ მარნებს“ - ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე.
„ვილა მოსვლის“ ბრენდის ღვინის ფასები 20 ლარიდან იწყება და 100 ლარს აღწევთ. პროდუქცია მხოლოდ ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰორეკა სექტორში იყიდება.
უახლესი
1 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა