ოჯახური ბიზნესი 1995 წლიდან ოპერირებს, 2024 წლიდან კი ქუდების წარმოება BOGVELI-ს ბრენდის ქვეშ დავიწყეთ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის წარმომადგენელმა ქეთევან ბოგველმა განუცხადა.
მისი თქმით, საოჯახო ბიზნესი წარმატებულია და პროდუქცია უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებშიც იყიდება.
„უცხოეთის ბაზარზე დამკვეთებისთვის ქუდის შესაბამის ლუქს ვაწყობთ, ადგილობრივ ბაზარზე ეს საკმაოდ ძვირია, ამ მიმართულებით ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე ვმუშაობთ, რადგან მაღალი საფასო სეგმენტია. ექსპორტზე 2024 წლის იანვრიდან გავედით და ჩვენი პროდუქცია საფრანგეთსა და ნიდერლანდებში იყიდება. გაყიდვები აჩვენებს, რომ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია“, - აცხადებს ქეთევან ბოგველი.
BOGVELI-ის გაყიდვებში 80%-ი ადგილობრივ ბაზარზე მოდის, ხოლო 20%-ს ექსპორტი შეადგენს.
„ჩვენი მიზანია, უცხოეთის ბაზრებზე გასვლა და ექსპორტის გაფართოება, რადგან მაღალ საფასო სეგმენტში ვართ და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები არ არის დიდი, თუმცა გვყავს ერთგული მომხმარებელი, რომელიც მუდმივად ყიდულობს ჩვენს ახალ კოლექციებს“, - ამბობს მეწარმე.
BOGVELI-ის ქუდების ფასი მატერიისა და დიზაინის მიხედვით 85-ლარიდან 130-ლარამდეა.
ქუდების წარმოება თბილისში 1995 წლიდან არსებობს, თუმცა კომპანია BOGVELI-ს ბრენდის ქვეშ ერთი წელია ოპერირებს.
უახლესი