დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი - ირაკლი კობახიძე

თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი - ირაკლი კობახიძე

01-08-2023 14:48:05

 

თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 100 ათასს შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 ათასს - გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა, - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა, რითაც ირაკლი კობახიძე ქვეყანაში საკრუიზო ლაინერის შემოსვლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოში რუსეთიდან ტურისტები შემოიყვანა.
პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ გემი დარეგისტრირებულია პალაუში და ცურავს პალაუს დროშის ქვეშ. მასზე, რუსი ტურისტების გარდა, იმყოფებოდნენ ტურისტები სხვა ქვეყნებიდანაც. 
„გემი არ შესულა აფხაზეთში, შესაბამისად, გემს და გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ. ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას.

სინამდვილეში, ახსნა ერთადერთია - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი პატრონები ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რისი მიზანიც ქვეყანაში თუნდაც მცირე არეულობის შემოტანა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა“, - აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, ნაციონალებმა იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც ნაციონალებისა და მათი პატრონების გადმოსახედიდან, უკვე საქმეა. „ამასთან, მათი მთავარი მიზანი არა იმდენად საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება, რამდენადაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა და საქართველოსთვის პოლიტიკური რისკების შექმნაა“, - ამბობს კობახიძე.
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები