სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის დამფუძნებელი, ბრენდის სტრატეგი ალექს ჩიქოვანი, სავაჭრო ქსელებში „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით, Business Insider Georgia-სთან საქართველოს ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
„ადგილობრივ ბაზარზე კომპანიებმა „შავი პარასკევი“ უნდა დააორგანიზონ ისე, რომ ადამიანებმა ერთმანეთს არ გადაურბინონ და ვაჭრობის პროცესი კომფორტული იყოს. მე არ ვთვლი, რომ „შავი პარასკევის“ აქცია ბრენდისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის გაყიდვებისთვის უფრო მნიშვნელოვანი, რაც მოკლევადიან შედეგს მოიტანს. რაც შეეხება გრძელვადიან ეფექტს, ბრენდის რეპუტაციასა და იმიჯზე, ჩემი შეფასებით ამას გავლენა არ აქვს“,- აცხადებს ალექს ჩიქოვანი.
მისი თქმით, საქართველოში „შავი პარასკევის“ აქცია გამოწვევების წინაშეა.
„არის ორგანიზების პრობლემა. „შავი პარასკევის“ აქცია ბიზნესებმა ისე უნდა დააორგანიზონ, რომ ეს არ იყოს მომხმარებლისთვის დისკომფორტის შემქმნელი და შეურაცხმყოფელი. მე მაგალითად, „შავი პარასკევის“ აქციით არ მისარგებლია, სწორედ ხალხმრავლობისა და ამ აქციის არაორგანიზებულობის გამო. ხალხმრავლობა და ჭყლეტა ალბათ ამის თანმდევი პროცესია, თუმცა დაორგანიზება უკეთ არის შესაძლებელი“, - აცხადებს სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის დამფუძნებელი.
ამასთან, ალექს ჩიქოვანი „შავი პარასკევის“ აქციის მოწყობას, არასდროს არ ურჩევს იმ ბრენდებს, რომლებიც მის კომპანიასთან თანამშრომლობენ.
„არცერთ ჩემს ბრენდს „შავი პარასკევის“ მოწყობას იმ ფორმით, რა ფორმითაც საქართველოში ხდება, არ ვურჩევ. ვიღაც იტყვის ჩემს კომენტარზე, რომ უცხოეთშიც იგივე ხდება, აღებენ კარს და ხალხი სპონტანურად და უკონტროლოდ შეცვივდება ხოლმე სავაჭრო ობიექტებში. ზოგადად მივიჩნევ, რომ ბრენდისთვის „შავი პარასკევი“ მნიშვნელოვანი არ არის. თუ ეს რითეილია, მაშინ შესაძლებელია ერთ დღეში მნიშვნელოვანი მოცულობის თანხა დააგენერიროს, თუმცა ამას თავისი ფორმა, სტილი, კლასი, ეთიკა და კულტურა უნდა ჰქონდეს“, - მიიჩნევს ალექს ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 22-30 ნოემბერს „შავი პარასკევის“ ფარგლებში სავაჭრო ქსელებმა ფასდაკლებები გამოაცხადეს.
უახლესი