საბორნე მიმოსვლამ, რომელიც „ზემო ლარსის“ საგუშაგოს ალტერნატივად უნდა გამხდარიყო და საქართველოს გავლით რუსეთში სომხური ტვირთების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იფუნქციონირა, რადგანაც მარშრუტმა იმპორტიორების და ექსპორტიორების დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ კი განცხადება სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან კერობიანმა გააკეთა.
ცნობილია, რომ 2023 წლის მაისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის მარშრუტით საზღვაო ტვირთების გადაზიდვა დაიწყო. პროექტი კი სომხეთის ხელისუფლების მიერ იყო სუბსიდირებული.
”ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვემსახურეთ საბორნე მარშრუტს, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ძალისხმევა სხვა ქვეყნებში ექსპორტის გააქტიურებაზე უნდა მივმართოთ”, - თქვა კერობიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ „ჩვენი შეფასებით, (პროექტს) არ გამოუწვევია საკმარისი ინტერესი ექსპორტიორებსა და იმპორტიორებში. არ გვინახავს ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც ამ ბორანს იყენებდნენ ისე, რომ ჩვენი თავი და ჩვენი პარტნიორები დაგვერწმუნებინა ამ პროგრამის გაგრძელებაში“.
მინისტრის თქმით, 2023 წელს რუსეთი კვლავაც იყო სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ მისი წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ოდნავ შემცირდა. „შემდეგ მოდიან არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, საქართველო და აშშ. ეს უკანასკნელი (ქვეყანა) ამ სიაში პირველად არის“, - დასძინა მან.
უახლესი