ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
სი ძინპინმა დონალდ ტრამპს მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა და აღნიშნა, რომ ორივე ლიდერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთქმედებას და იმედოვნებს, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებს კარგი დსაწყისი ექნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში.
სი ძინპინმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს უფრო დიდი წინსვლა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში.
სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ ორი დიდი ქვეყანა - ჩინეთი და შეერთებული შტატები - მიჰყვებიან თავიანთ ოცნებებს და ორივე მოწოდებულნი არიან, უკეთესი ცხოვრება უზრუნველყონ თავიანთი ხალხისთვის.
„ორ ქვეყანას შორის ფართო საერთო ინტერესებისა და თანამშრომლობის ფართო სივრცის გათვალისწინებით, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ გახდნენ პარტნიორები და მეგობრები, წვლილი შეიტანონ ერთმანეთის წარმატებაში და გააძლიერონ საერთო კეთილდღეობა ორი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბუნებრივია ორ დიდ ქვეყანას - განსხვავებული ეროვნული პირობებით - უთანხმოება ჰქონდეთ.
„ტაივანის საკითხი ეხება ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკული მხარე ამას წინდახედულებით უნდა მიუდგეს. ორმხრივი ეკონომიკური კავშირები არსებითად მომგებიანია. დაპირისპირება და კონფლიქტი არ უნდა იყოს ორი ქვეყნის არჩევანი. მხარეებმა უნდა დაიცვან ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპები, უფრო მჭიდროდ იმუშაონ ერთად, გააკეთონ უფრო დიდი, პრაქტიკული და კარგი საქმეები, რაც სარგებელს მოუტანს ორ ქვეყანასა და მსოფლიოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტრამპმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სი ძინპინს მოლოცვისთვის და აღნიშნა, რომ აფასებს მის ურთიერთობას პრეზიდენტ სი ძინპინთან. მან იმედი გამოთქვა, რომ ისინი გააგრძელებენ ერთმანეთთან საუბარს და მოუთმენლად ელის პრეზიდენტ სი ძინპინთან უახლოეს პერიოდში შეხვედრას.
ორმა ლიდერმა ასევე გაცვალა მოსაზრებები უკრაინის კრიზისის, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტისა და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო და რეგიონალური საკითხების შესახებ.
უახლესი
3 საათის წინ
„პეისერა ბანკი საქართველო“ 46 000 ლარით დაჯარიმდა