წლიდან წლამდე ქვეყანაში ზეთისხილზე და ზეითუნის ზეთზე მოთხოვნა იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია „ქართული ზეთისხილი Georgian Olive“-ს დირექტორმა ნელი გეთიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიამ ქვეყანაში ზეთისხილის ბაღების გაშენება 2010 წლიდან დაიწყო და დღეს უკვე ფლობს 100 ჰა ზეთისხილის ბაღებს და საქართველოში პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ ზეთისხილის გადამამუშავებელ საწარმოს.
„ჩვენი ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო 2010 წლიდან. საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო აქვს კომპანიას „ქართული ზეთისხილი“, რომელიც აწარმოებს როგორც ზეითუნის ზეთს, ასევე მარინადს: შავს და მწვანეს. ჩვენ ვაწარმოებთ ორი ხარისხის ზეითუნის ზეთს: შავი ნაყოფისგან გამოხდილი ზეთი და მწვანე, მკვახე ნაყოფისგან გამოწურულ ზეთს.
„ქართული ზეთისხილის“ პროდუქცია იყიდება სუპერმარკეტების ქსელ „კარფურში“, „წერტში“, „წისქვილი ბაზარში“, ასევე ჩვენ გაქვს საკუთარი მაღაზია თბილისში გორგასლის ქუჩაზე, სადაც პირველად ფასებში ვყიდით პროდუქციას“, - განმარტავს ნელი გეთიაშვილი.
„ქართული ზეთისხილის“ დირექტორის თქმით, კომპანიამ უკვე შეძლო და ზეითუნის მომხმარებლებს იმპორტირებული ზეთი ჩაუნაცვლა.
„წლიდან წლამდე ქვეყანაში ზეთისხილზე და ზეითუნის ზეთზე მოთხოვნა იზრდება, იმიტომ, რომ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის, ვირჯინის ზეთს. ვინც ჩვენგან ყიდულობს პროდუქციას გვეუბნება, რომ უკვე ჩაანაცვლა ბერძნული, იტალიური, ესპანური ზეითუნის ზეთი“, - განმარტავს ნელი გეთიაშვილი.
„ქართული ზეთისხილის“ პროდუქციის ექსპორტზე მოთხოვნა არის, თუმცა მწირი ნედლეულის გამო ნაწარმის უწყვეტი და თანაც დიდი მოცულობებით მიწოდება კომპანიას ჯერჯერობით არ შეუძლია.
„ექსპორტი გვქონდა სომხეთში, როგორც ზეთის ასევე მარინადის. ამ ეტაპზე ძალიან დიდი შემოთავაზებები გვაქვს ჩინეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ევროპიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რუსეთიდან. თუმცა საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის მიწოდება უნდა მოხდეს უწყვეტ რეჟიმში და რა თქმა უნდა ამ მოცულობებს ჩვენ ვერ გავწვდებით. ჩვენი სურვილია, რომ ჯერ ქართული ბაზარი მოვიცვათ“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
კომპანია „ქართული ზეთისხილი“ გარდა იმისა, რომ საკუთარ ბაღებში მოწეული ზეთისხილის გადამუშავებას ახდენს, ასევე ფერმერებისგან იბარებს კიდეც.
„ბაღების გაშენება ჩვენ 2010 წლიდან დავიწყეთ და ჩვენთან ერთად შემდგომ ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყეს ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმაც. მათაც აქვთ უკვე მოსავალი. 2024 წელს ძალიან დიდი მოსავალი მოვიდა. კომპანიამ „ქართული ზეთისხილი“ 700 ტონამდე ნედლეული ჩაიბარა და გადავამუშავეთ. თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი მომსახურებაც, რომ შეუძლიათ გადასამუშავებლად მოიტანონ ზეთისხილი და თუ სურვილი აქვთ შემდეგ თავად წაიღონ პროდუქცია, თუ არადა ნაყოფს ჩავიბარებთ ჩვენ“, - ამბობს ნელი გეთიაშვილი.
„ქართული ზეთისხილის“ დირექტორი ამბობს, რომ კომპანიას მოყვანა/გადამუშავების გარდა ზეთისხილის ნერგებიც გამოჰყავს.
„დანერგე მომავალი“ არის ძალიან კარგი პროექტი და ამით სარგებლობს მოსახლეობა და ისინი აშენებენ. ჩვენი კონსულტაცია უფასოა. სანერგე მეურნეობაც გავაშენეთ კახეთში, ჩვენ თვითონ გამოგვყავს უკვე ზეთისხილის ნერგები და ექსპორტიც განვახორციელეთ. ნერგების ექსპორტი უკვე მოვახდინეთ აზერბაიჯანში“, - აცხადებს „ქართული ზეთისხილის“ დირექტორი.
უახლესი