დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბაზარი მიმზიდველია საერთაშორისო ფინტექ კომპანიებისთვის - დავით კიკვიძე

საქართველოს ბაზარი მიმზიდველია საერთაშორისო ფინტექ კომპანიებისთვის - დავით კიკვიძე

30-09-2024 11:00:00

როგორ ვითარდება საქართველოს ფინტექ ინდუსტრია და რა ნიშა გვაქვს რეგიონში, რა არის მთავარი გამოწვევა? ამ  და სხვა საკითხებზე  Business Insider Georgia საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძეს ესაუბრა:

  • როგორ შეაფასებთ საქართველოს ფინტექ ბაზარზე არსებულ ვითარებას, 2024 წლის 8 თვის დინამიკის მიხედვით, როგორია განვითარების ტემპი?

განვითარების ტემპი საშუალოა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი ლიცენზია გასცა კრიპტოაქტივების ვირტუალური პროვაიდერის მიმართულებით, ასევე  საგადახდო პროვაიდერის, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს ბაზარი მიმზიდველია საერთაშორისო ფინტექ კომპანიებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ღია ბანკინგის ლიცენზია უკვე გაიცა ერთ-ერთ საგადახდო უფლების მქონე პროვაიდერზე, რომელმაც უკვე დაიწყო ინოვაციური პროდუქტის განხორციელება ღია ბანკინგის ბაზარზე. გარდა ამისა ჩვენი ასოციაციის ბაზაზე, რამდენიმე პროექტი მუშავდება, რომელიც ღია ბანკინგს ეხება. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ახალო კომპანია დაემატება ბაზარს, რაც ასევე ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას.

  • რა არის დღეს ადგილობრივ ბაზარზე ფინტექ კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა?

უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პატარა ბაზარი, არის მომხმარებლების სიმცირე, ესაა გამოწვევა, თუმცა კომპანიები ახერხებენ ამ გამოწვევისგან მეტი სარგებლის მიღებას, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ბაზარი არის მეტად მოქნილი და ინოვაციურ პროდუქტებთან მიმართებით მიმღებლური. მეორე გამოწვევა, ეს არის კომერციულ ბანკებთან კომუნიკაციის ელემენტი. ფინტექ კომპანიები ძალიან დამოკიდებული არიან კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობაზე. ორი მსხვილი ბანკი, რომელიც საქართველოშია, ამ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის მოქნილობა საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კარგი იქნება თუ ეს საკითხი გადაიჭრება. აქ მნიშვნელოვანია როგორც სებ-ის ისე საბანკო ასოციაციის მნიშვნელოვანი როლი. ჩვენი ასოციაციაც არ იშურებს ძალისხმევას, რომ ამ პროცესების გამარტივებას ხელი შეუწყოს,თუმცა ამ კუთხით ეროვნული ბანკის ჩართულობა მნიშვნელოვნად იკვეთება.

  • თქვენ თქვით, რომ ადგილობრივი ბაზარი საინტერესოა უცხოური ფინტექ კომპანიებისთვის. 2024 წელს რომელი ინვესტიცია იყო ამ კუთხით საინტერესო საქართველოსთვის და რომელი ქვეყნებიდან იკვეთება ამ მიმართულებით ინტერესი?

ინტერესი არსებობს და ამას ცხადყოფს, რომ ბოლო სამ წელიწადში დაახლოებით 5-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია შემოვიდა საქართველოში. შესაძლოა, ეს არ არის დიდი ციფრი, თუმცა საქართველოს ფინტექბაზარი იმდენად ახალგაზრდაა და მცირე, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანია. ფარდა ამისა ფინტექ ასოციაცია ამუშავებს პროექტებს, მათ შორის კიდევ ორი საერთაშორისო ორგანიზაცია აპირებს შემოსვლას საქართველოს ფინტექბაზარზე. საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ამ კომპანიებთან და შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ამ კუთხით საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდა დიდი ბრიტანეთიდან და ამ ქვეყნის კომპანიაა წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე, ასვე თურქული კომპანია და ბრიტანული ციფრული ბანკი. შესაბამისად ეს გვაძლევს იმის განწყობას, რომ ბაზრის მცირე მასშტაბიდან გამომდინარე პერსპექტივის კუთხით დიდი მოლოდინები გვაქვს.

  • ქართული ფინტექ კომპანიები თუ ცდილობენ თავისი სერვისის ექსპორტზე გატანას?

არაერთი წარმატებული მაგალითია ქართული სტარტაპი Payze, რომელიც უზბეკეთში წარმატებით ოპერირებს. ასევე „კერნელი“ რომელიც ინდოეთის ბაზარზე ოპერირებს. ძალიან ბევრ კომპანიას აქვს ინტერესი, თუმცა ძალების მოსინჯვით შემოიფარგლებიან. ასევე ჩვენი ასოციაცია ცდილობს საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბებას. მათ შორის უზბეკეთში მივემგზავრებით უახლოეს მომავალში, სადაც ჩვენი მიზანია, რომ ამ ბაზარზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შევაგროვოთ, შესაბამისად ჩვენს წევრებს გავუზიაროთ, რათა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გავიდნენ ამ ბაზარზე.

  • რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, რა ვითარებაა ფინტექის განვითარების კუთხით და სად არის საქართველო?

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ინფრასტრუქტურული განვითარებით ჩვენ რეგიონში მნიშვნელოვნად წინ ვართ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით. აზერბაიჯანში სულ ახლახან შევიდა კანონი ძალაში საგადახდო მომსახურების რეზერვის პროვაიდერების რეგისტრაციის შესახებ. აქამდე კანონმდებლობა არ ჰქონდათ და ფაქტობრივად ბაზარი დაურეგულირებელი იყო. ოდნავ უკეთესი ვითარებაა სომხეთში და ეს ორივე ქვეყანა უყურებს ქართულ ბაზარს და ჩვენგან მიაქვთ გარკვეული გამოცდილებები. თავად ცენტრალურ ბანკებს შორისაც აქტიურად ხდება ინფორმაციის მიმოცვლა და გამოცდილების გაზიარება. ჩვენც, ასოციაციებიც აქტიურად ვართ ჩართული ერთმანეთთან კომუნიკაციაში და ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით ქართული ბაზარი რეგიონში მოწინავეა და ერთადერთი რაც გვაფერხებს ბაზრის სიმცირეა, თუმცა როგორც აღვნიშნე, ეს პრობლემა ბაზრის მოქნილობიდან გამომდინარე კომპენსირდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები