დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაღალი ეკონომიკური აქტივობა 2025 წელსაც უნდა გავაგრძელოთ - ლევან დავითაშვილი

მაღალი ეკონომიკური აქტივობა 2025 წელსაც უნდა გავაგრძელოთ - ლევან დავითაშვილი

23-12-2024 21:22:00

„სამინისტროში ვაკეთებთ შეფასებებს და ანალიზს, გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან. მათ შორის, მათთან, რომელთა საქმიანობაზეც პროტესტი აისახა. ჩვენ ვიმსჯელებთ, რით შეიძლება ასეთი ტიპის ბიზნესებს მივეხმაროთ" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2025 წლისთვის ვითარება დასტაბილურდება და ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, რადგან მაღალი ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტური წინაპირობები შენარჩუნებულია.

 

„საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ვაჩვენეთ 2024 წელს და მიუხედავად ბოლო ორი თვის შედეგებისა, წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ. მაღალი ეკონომიკური აქტივობა 2025 წელსაც უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური პროცესები განვითარდება გეგმის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად არ ვფიქრობთ, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა მოგვიწევს," - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.   

 

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გაუთვალისწინებელი ფაქტორები შეიძლება ყოველთვის იყოს, ეკონომიკური ზრდის დაგეგმვა ბევრად უფრო კონსერვატიულია ხოლმე, ვიდრე რეალურად შემდეგი შედეგები დგება.

 

„ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია იგივე 2024 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა, შესაბამისად, მათ შორის, ცვლილებები ბიუჯეტში, რადგან ბევრად უფრო მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა და ბევრად უფრო მეტი საბიუჯეტო შემოსავალი. აქედან გამომდინარე,  ვფიქრობთ, რომ მინიმუმ, 2025 წლის დაგეგმილ მაჩვენებლებს შევინარჩუნებთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური ზრდის იმ მოლოდინის რეალიზაციისთვის, რომელიც ოფიციალურ, ფორმალურ პროგნოზზე მაღალი უნდა იყოს,  მეტი მუშაობაა საჭირო, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის წარმატება. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა მეზობელ ქვეყნებთანაც, მათ შორის ტურისტული ნაკადის ზრდის მიზნით. 

 

„ტრადიციულ და ახალ ბაზრებზე გვექნება აქტიური საკომუნიკაციო კამპანიები, რომელიც უკვე დაგეგმილია და მნიშვნელოვნად გაზრდილია ამ მხრივ ჩვენი დაფინანსება 2025 წელს მარკეტინგული კამპანიების კუთხით. ასევე მიმდინარე წელსაც, მიუხედავად მოვლენებისა, რომელიც, რა თქმა უნდა, ტურიზმის სფეროზე ნეგატიურად აისახება, მაინც ვაგრძელებთ ჩვენს ღონისძიებებს, მათ შორის ბაკურიანში  ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამთო - სათხილამურო ტურნირს ვმასპინძლობთ - საქართველოში მსოფლიო თასის ეტაპი ტარდება  საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციასთან (FIS) ერთად,  რაც კურორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ბაკურიანის გარდა, ასეთივე ღონისძიებები მიმდინარე სეზონზე დაგეგმილია საქართველოს კიდევ ერთ სამთო კურორტ გუდაურში. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი უწყება ზამთრის სეზონზე აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ სეზონი იყოს წარმატებული ბიზნესისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები