ჩირის მწარმოებელი კომპანია ჩიკორი • Chikori 2025 წელს გაყიდვების ზრდას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩიკორის“ გენერალურმა დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა განაცხადა, საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის პარალელურად, კომპანიის გეგმებში ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებაცაა. ირკვევა, რომ 2025 წელს „ჩიკორი“ აქცენტს რეგიონების ათვისებაზე გააკეთებს.
„ქსელების გაფართოების კუთხით 2025 წელს გარკვეული გეგმები გაქვს და ვფიქრობთ, რომ რეგიონებში უფრო აქტიურად შევალთ. დღეისათვის მომარაგება უმეტესწილად თბილისის მასშტაბით გაქვს და ვფიქრობთ, რომ დილერების საშუალებით რეგიონები მაქსიმალურად მოვამარაგოთ „ჩიკორის“ პროდუქციით. რეგიონებში მცირე რაოდენობით ჩანს ჩვენი პროდუქცია და გვინდა, რომ 2025 წელს რეგიონების მოცვა გავზარდოთ“, - აცხადებს ანანო ბეჟანიშვილი.
რაც შეეხება ექსპორტს, „ჩიკორის“ გეგმები ამერიკულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე მოხვედრაა.
„ექსპორტის მიმართულებით ამ ეტაპზე შესრულები ვართ ევროპის ბაზარზე: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და საფრანგეთი. ამ ბაზრებზე კვლავინდებურად ვინარჩუნებთ კომუნიკაციას და კავშირს. გვაქვს რამდენიმე კონტრაქტი და შესაბამისად დაგეგმილი გვაქვს, რომ 2025 წელს ექსპორტი გავზარდოთ.
ახალ საექსპორტო ბაზრებს რაც შეეხება ვცდილობთ აშშ-ში ონლაინ გავფართოვდეთ. პირველი სატესტო გადაზიდვა უკვე გაკეთებული გაქვს. საუბარი მაქვს ამერიკულ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით „ჩიკორის“ პროდუქციის რეალიზებაზე. თუმცა განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც. ამ ეტაპზე მოკვლევითი ხასიათის სამუშაოები გაქვს და გვინდა და ჩვენი მიზანიც არის, რომ Amazon-ზეც გამოჩნდეს ჩვენი პროდუქცია“, - ამბობს „ჩიკორის“ გენერალური დირექტორი ანანო ბეჟანიშვილი.
„ჩიკორის“ მიერ წარმოებული პროდუქციის 50%-ი ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 50%-ი ექსპორტზე იყიდება.
„2024 წელი ჩვენთვის საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა ზრდა მაინც გვქონდა. 2024 წელს კომპანიის გაყიდვებმა ჯამურად 15%-იანი ზრდა გვიფიქსირდება.
ამ ეტაპზე რა გეგმები გაქვს არსებული სიმძლავრეების ფარგლებშია, თუმცა სამომავლოდ თუ მოხერხდა ინვესტირება და გვინდა, რომ გავზარდოთ საწარმოო მიმართულება“, - ამბობს ანანო ბეჟანიშვილი.
„ჩიკორს“ საკუთარი ბაღებიც გააჩნია, სადაც ქლიავი და ვაშლი მოჰყავს, თუმცა არსებული მოსავალი მისი სიმძლავრეებისთვის საკმარისი არ არის და კომპანია ნედლეულის ძირითად ნაწილს ფერმერებისგან იბარებს. სამომავლოდ კომპანია ბაღების ზრდას არ აპირებს და ხილის ჩაბარებას ფერმერებიდან აპირებს.
შეგახსენებთ, რომ „ჩიკორი“ ჩირის მწარმოებელი კომპანიაა 10 წლიანი გამოცდილებით, რომლის პროდუქციაც მზადდება ქართული, ჯანსაღი და მზიანი ხილისგან.
უახლესი