დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი ფინანსური მაჩვენებლები აქვთ თხილის ექსპორტიორ კომპანიებს

როგორი ფინანსური მაჩვენებლები აქვთ თხილის ექსპორტიორ კომპანიებს

17-07-2023 11:00:17

ქვეყნის თხილის ექსპორტიორი სამი მსხვილი კომპანიის ბრუნვა ჯამურად 90 მლნ ლარს აჭარბებს. ამის შესახებ „ფინსპოტის“ მიერ მომზადებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც ირკვევა,  „ფინსპოტმა“ შპს "ჯტჯ პლასის", შპს "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის" (GPR Nuts) და შპს "გლობალ ექსპორტის" (Global Export გლობალ ექსპორტი) ფინანსური მაჩვენებლები მიმოიხილა და გაარკვია, რომ 2021 წელს ამ კომპანიების ბრუნვამ ჯამურად ₾90 მილიონზე მეტი შეადგინა, ხოლო 2018-2021 წლებში კომპანიების საშუალო წლიური ზრდა (CAGR) ასე გამოიყურება: 

  • შპს "ჯტჯ პლასი": +41%
  • შპს "ჯორჯიან პროდაქტს რენესანს": +45%
  • შპს "გლობალ ექსპორტი": +14%

„თხილის ექსპორტის ბიზნესში თვალშისაცემია საკმაოდ დაბალი საერთო მოგების მარჟა (gross profit margin), რომელიც 4%-8%-მდე მერყეობს. ვინაიდან ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ნედლეულის სახით ხდება, თხილის გადამამუშავებელი საწარმოები მაღალი მარჟის დაჭერას ვერ ახერხებენ.

ამასთანავე, ქართული თხილის საწარმოები ფასწარმოქმნაში მონაწილეობას ვერ იღებენ, განსაკუთრებით იმ პირობებში რომ თურქეთი (მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი) პროდუქტის ხარისხითაც და ფასითაც დიდ კონკურენციას უწევს ქართულ თხილს.

აღსანიშნავია რომ შპს "გლობალ ექსპორტს" ყველაზე მაღალი საერთო მოგების მარჟა (7.8%) ჰქონდა 2021 წელს, თუმცა 2018-2020 წლებში კომპანიის საერთო მარჟა 2.5%-3.5%-ის ფარგლებში იყო.

რთული სათქმელია ზუსტად როგორ მოახერხა შპს "გლობალ ექსპორტმა" საერთო მოგების მარჟის ზრდა 2021 წელს, მაშინ როდესაც კონკურენტების მარჟებს ამავე პერიოდში დაღმავალი ტენდენცია ჰქონდათ.

დაბალი საერთო მოგების მარჟის პირობებში, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების მკაცრი კონტროლი. შესაბამისად, როგორც ქვემოთ მოცემულ ანალიზში ვხედავთ, საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში საკმაოდ დაბალია (1%-4%). საოპერაციო ხარჯების უდიდესი ნაწილი (~60%-ზე მეტი) კი მოდის მიწოდების/ტრანსპორტირების ხარჯებზე.

თხილის ექსპორტიორების EBITDA მარჟა 3%-3.5%-ია. გამოდის რომ თითქმის ₾33 მილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანია მხოლოდ ₾1 მილიონ EBITDA-ზე გადის.

Cash Conversion Cycle (ფულის დაბრუნების პერიოდი) კომპანიებისთვის 60-100 დღის ფარგლებში მერყეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფული "დაბმულია" ოპერაციებში 2 თვეზე მეტ ხანს. იმისათვის რომ ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიებმა უწყვეტლივ განაგრძონ ფუნქციონირება, საჭირო ხდება დამატებითი სახსრების მოძიება“, - აღნიშნულია „ფინსპოტის“ მიერ მომზადებულ ინფორმაციაში. 

სამივე თხილის კომპანიის აქტივების 50%-ზე მეტი სესხით არის დაფინანსებული. მაღალი ლევერიჯის მიუხედავად, კომპანიები ახერხებენ სესხზე მომსახურებას, ვინაიდან სარგებლობენ სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით, სადაც პროცენტის გარკვეული ნაწილი თანადაფინანსებულია.

Operating Income / Interest Expense:

 შპს "ჯტჯ პლასი": 3.6x

 @GPR Nuts: 3.5x

@Global Export გლობალ ექსპორტი: 6.3x

კომპანიებისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავლები და ადგილობრივ ვალუტაში არსებული თვითღირებულების ხარჯები. განსაკუთრებით იმ პირობებში რომ თხილის შესყიდვისა და გაყიდვის პერიოდი დროში აცდენილია.

„ჩვენს მიერ განხილული კომპანიები ოპერირებენ 2013-2015 წლებიდან, შესაბამისად შედარებით ახალი ბიზნესია და განვითარების პოტენციალიც აქვს.

მსგავსი ტიპის ბიზნესებში, სადაც საერთო მოგების მარჟა ასე "ბრუტალურად" დაბალია, მნიშვნელოვანია:

დიდ მოცულობაზე გასვლა;

შედარებით მაღალმარჟიანი პროდუქტების ხაზის დამატება. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ქართული თხილის შეთავაზება საბოლოო პროდუქტის სახით საერთაშორისო ბაზარზე. მაგალითად: თხილის პასტა, snack pack (თხილეულის და ჩირის კომბინაციით);

ან შეფუთვის საწარმოო ხაზის დამატება, რისი მეშვეობითაც იმპორტიორ კომპანიებს შესთავაზებენ მათივე ლეიბლებით შეფუთვას და უკვე გასაყიდად მზა პროდუქციის გაგზავნას. ამ შემთხვევაშიც უფრო მაღალი მარჟის დაჭერა იქნება შესაძლებელი“, - აცხადებენ „ფინსპოტში“.

აღსანიშნავია, რომ კომპანიებს ექსპორტზე გააქვთ ძირითადად ნედლი თხილის გული და გაუტეხავი თხილი. ასევე ხდება მოხალული და დაჭრილი თხილის, თხილის ფქვილისა და ნაჭუჭის ექსპორტი. ექსპორტირებულ ქართულ თხილს კომპანიები იყენებენ ინგრედიენტად შემდგომი გადამუშავებისთვის როგორც საკონდიტრო ნაწარმში, ასევე სხვადასხვა კერძო ლეიბლების პროდუქციის ინგრედიენტად.

ქვეყნის უმსხვილესი თხილის გადამამუშავებელი საწარმოები მდებარეობს დასავლეთ საქართველოში და ნედლეულის მომწოდებლების უმეტესობაც სწორედ ადგილობრივი ფერმერები არიან. ბოლო წლებში თხილის ბაღების გაშენება დაიწყო კახეთშიც.

ექსპორტირებული თხილის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.

საქართველო თხილის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა - თურქეთის, იტალიის, ჩილეს და შეერთებული შტატების შემდეგ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები