თიბისი კაპიტალი მტავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლებას აქვეყნებს, რომელშიც გასულ კვირას სავალუტო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს განიხილავს.
რეკორდულად მაღალი სავალუტო შესყიდვების შემდეგ, წინა კვირაში სებ-მა 17.1 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
„აპრილის 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჩვენს მოლოდინებთან შედარებით უფრო მაღალია, რაც ცალკე აღებული, ფასების ზრდისა და მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის გამყარების არგუმენტია. ინფლაციის მხრივ, მართალია მაისის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ჯამური დინამიკა პროგნოზთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა, მომსახურების სფეროში ფასების ყოველთვიური მატება შედარებით მაღალია.
ეს ინდიკატორი მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს რეალობაში, ჩვენი აზრით, შინაარსობრივად საბაზო ინფლაციის საზომთან ყველაზე ახლოა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წინა თვეებში ნორმალიზების შემდეგ, მომსახურების ფასების შედარებით მატება მაინც უფრო ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამაზე მიუთითებს მომსახურების ყველაზე მეტად გაძვირებული და გაიაფებული კომპონენტების გამორიცხვის შედეგად მიღებული ტენდენცია.
ამავდროულად, 2 ივნისის მდგომარეობით, ლარის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით საშუალო კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან უფრო მეტად დაახლოებას აჩვენებს
თუმცა, ჩვენს მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სხვადასხვა მკვლევარის მიერ ამ ინდიკატორის შეფასება სულ მცირე შესაძლებელია განსხვავებული იყოს.
მთლიანობაში, როგორც ყოველთვის, ლარის კურსის პროგნოზი არაერთ ახალ ინფორმაციაზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, თუ რა იქნება თუნდაც ევრო/დოლარის წყვილის სამომავლო მიმართულება და სხვა. ამასთან, სადღეისოდ არსებულ შეფასებასა და ლარის მიმდინარე კურსზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ახლო პერსპექტივაში ჩვენი მოლოდინები, ადრინდელთან შედარებით, მართალია მცირე, მაგრამ მაინც გაუფასურებიდან ამჟამად უფრო ნეიტრალურისაკენ შეიცვალა“, - ნათქვამია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.
უახლესი