დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მომდევნო 15 წელიწადში საქართველოსთვის, განახლებადი და მწვანე ენერგია მთავარი საექსპორტო მიმართულება უნდა გახდეს - ინტერვიუ გიორგი აბრამიშვილთან

მომდევნო 15 წელიწადში საქართველოსთვის, განახლებადი და მწვანე ენერგია მთავარი საექსპორტო მიმართულება უნდა გახდეს - ინტერვიუ გიორგი აბრამიშვილთან

13-01-2024 08:50:00

რა გამოწვევები იყო ენერგოსექტორში 2023 წელს და რა სიახლეები დაინერგა? რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით და რომელია საქართველოსთვის ყველაზე სტრატეგიული ენერგოპროექტი, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილს ესაუბრა.

როგორ აფასებთ 2023 წელს ენერგეტიკის სექტორისთვის, რა გამოწვევების წინაშე იყო სექტორი და რა მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზება დაიწყო ან დასრულდა მიმდინარე წელს?

2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ენერგეტიკისთვის. ამ სექტორში და განსაკუთრებით განახლებად ენერგეტიკაში, ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა გვაქვს: ბოლო წლებში ეს იყო ფინანსური ხელშეწყობის ინსტრუმენტის არქონა და სოციალური პრობლემები, რომლებიც სხვადასხვა პროექტებთან მიმართებით სახეზეა. პირველ შემთხვევაში 2023 წელი გამოირჩევა იმით, რომ დარგისთვის ახალი ხელშემწყობი ინსტრუმენტი შემოიღეს. ე.წ. CFD აუქციონი და პირველი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ეს დარგისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. აუქციონი 300 მეგავატზე გამოცხადდა და განაცხადები 950 მეგავატზე შემოვიდა კერძო სექტორიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მზაობა კერძო სექტორის მხრიდან იყო სამჯერ უფრო მაღალი, ვიდრე მთავრობამ გააკეთა განაცხადი შესყიდვაზე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო. ყინული დაიძრა და გაჩერებული პროექტებისთვის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა გაჩნდა და განხორციელების ეტაპზე გადავიდნენ. გარდა ამისა, მანამდე შეჩერებული პროექტებიც გადაიხედა და მთავრობის გადაწყვეტილებით მათი განახლებაც მოხდა. ამ კუთხით თამაშიც წესები შეიცვალა და ვფიქრობ, ამ მიმართულებით მეტად მნიშვნელოვანი წელი იყო. ასევე განახლებადი ენერგიის სექტორის მიმართ ინვესტორების ინტერესი გაიზარდა, დეველოპერებიც აქტიურად ამუშავდნენ და ფაქტობრივად, 2023 იყო გამოცოცხლების წელი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი მსხვილი გაჭიანურებული ენერგეტიკული პროექტია, მაინც როგორია უცხოელი ინვესტორების ინტერესი და ხედვები საქართველოში ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით და რა უნდა გავაკეთოთ ამ ინტერესის კიდევ უფრო გასაძლიერებლად?

უკვე ვთქვი, რომ ორი გამოწვევაა დარგში: სოციალური პრობლემები და ფინანსური მხარდაჭერა. ფინანსურის კუთხით გარღვევა მოხდა და მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალური პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან თანმიმდევრულად მოხდეს მუშაობა იმ ფონზე, როცა 30 წლის განმავლობაში ჰესების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიები მიმდინარეობდა საქართველოში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სწორად უნდა გავაგებინოთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს განახლებადი ენერგიების რესურსის სწორად და გონივრულად ათვისებას და ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია.

მესამე გამოწვევაა, გაზრდილი ბიუროკრატია. ამ კუთხითაც სამუშაოა, რათა ინვესტორებს შეექმნათ კომფორტი და ერთი ფანჯრის პრინციპით იმოქმედონ და არ უწევდეთ უწყებებში ბევრი დროს დაკარგვა, ვიდრე პროექტის იმპლემენტაციის ეტაპზე გადავლენ. ბოლო წლების განმავლობაში ბიუროკრატია სულ უფრო იზრდება და მეტი უწყებაა ჩართული პროექტის განხორციელებამდე სხვადასხვა ტიპის ნებართვების გაცემის პროცესში და ეს საკმაოდ ართულებს და ახანგრძლივებს პროექტის განხორციელების ვადებს. მსხვილ პროექტებს რაც შეეხება, ამ მიმართულებითაც გააქტიურდა მთავრობა. მიმდინარეობს ხუდონჰესის პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობა საინჟინრო კომპანიები არიან ჩართულები, იმისთვის რომ სრულად ხუდონის პროექტის და მისი სქემის ოპტიმიზება მოხდეს, რათა უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის და ასევე ისე განხორციელდეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი არ მოხდეს.

ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია. ხუდონჰესი იყო პირველი პროექტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეჩერდა. ეს პროექტი დღესაც აქტუალურია და მნიშვნელოვანია მისი განხორციელება. ასევე ნენსკრას კუთხითაც გახანგრძლივდა მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანია და არის მოლოდინი, რომ ნენსკრას პროექტს განახორციელებენ კორეელი ინვესტორები, რომლებიც ამ მიმართულებით გააქტიურდნენ.

ჩვენ ვახორციელებთ ბახვის წყალზე 46 მეგავატიან პროექტს. ეს ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც 2023 წელს დაიწყო. ინვესტიციის მოცულობა 80 მილიონია, რომელიც აშშ-სა და ევროპის საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების დახმარებით ხორციელდება. შესაბამისად ამ პროექტის დასრულების შემდეგ 2025 წელს 200 მილიონი კილოვატ/საათი იქნება გამომუშავება.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა ძალიან მალე დასრულდება რა მოლოდინები გაქვთ?

შავი ზღვის კაბელის პროექტი, ყველაზე სტრატეგიულია, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ეს იქნება პირველი ფიზიკური საზღვარი ევროპასთან, როცა ჩვენ სხვა შუამავალი ქვეყნების გარეშე დავუკავშირდებით ევროპის ენერგეტიკულ ქსელს. ჩვენი განახლებადი და მწვანე ენერგია უნდა გახდეს მთავარი საექსპორტო პოტენციალი შემდგომი 10-15 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენი საექსპორტო პოტენციალი არის მადნეული, ფეროშენადნობები, რომელიც ამოწურვადია. ქვეყანას ჭარბად აქვს მწვანე და განახლებადი ენერგია და ამ პოტენციალის სწორად ათვისების შედეგად უნდა მოხდეს ის, რომ ეს უნდა იყოს მთავარი საექსპორტო მიმართულება, რომლის მიწოდებაც მოხდება ევროპაში. ამისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელება, იმისთვის რომ მწვანე ენერგია გავიტანოთ ევროპაში ან თუნდაც დეფიციტურ თვეებში, ვიდრე სრულად ავითვისებთ დივერსიფიცირების საშუალება გვქონდეს და იმპორტი აღარ განვახორციელოთ და ჩავანაცვლოთ მეზობელი რუსეთი და აზერბაიჯანი. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მალე უნდა დასრულდეს და რა ინფორმაციაც მაქვს საკმაოდ პოზიტიურია. მოლოდინი დადებითი გვაქვს და იმედი გვაქვს მალე დაიწყება ამ პროექტის განხორციელება.

ეკონომიკის სამინისტრომ 2023 წელს აუქციონების პირველი ეტაპი გამოცხადდა, რომელზედაც მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო, მორიგი აუქციონი ნოემბერში იყო დაანონსებული, თუმცა ამ დრომდე თარიღი უცნობია?

მიმდინარეობს აუქციონის და ამ პროცესის ოპტიმიზება. ჩვენი ასოციაცია აქტიურადაა ჩართული და მუშაობს სამინისტროსთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ პროცესებს დახვეწა. შესაბამისად, ახლა აუქციონს დამატებითი კომპონენტი ემატება, რაზეც დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, რომ რეგულირებადი სადგურების მცნება შემოვიდეს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და საუბარია იმაზე, რომ ვინც დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს რეგულირების კუთხით, შესაბამისი სარგებელი მიიღოს. ახლა მიდის მუშაობა სწორედ ამაზე თუ რა ფორმით უნდა წარიმართოს ეს პროცესი. გარკვეულ ცვლილებებზე მიდის მუშაობა და ალბათ უკვე 2024 წლის იანვარში დანამდვილებით გამოცხადდება აუქციონის შემდეგი ეტაპი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები