საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტრენდი ეკონომიკურ წრეში დადებითად ფასდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტენდენცია შენარჩუნდება, თუმცა გარკვეული გამოწვევაც არსებობს, რასაც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, პროექტ „რეფორმეტრის“ მენეჯერი გიორგი პაპავა რეგიონში მიმდინარე ომს და პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირებს.
,,ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში მაღალი ზრდა გვაქვს, რაც კარგი მაჩვენებელია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოლოდინი წლის დასაწყისში გაცილებით ნაკლები იყო. არსებობდა ვარაუდი, რომ მშპ-ს ზრდის ტემპი 5%-მდე დაიწევდა, თუმცა 7%-ზე მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ შენელების ტემპი არ იქნება ისეთი, როგორიც წლის დასაწყისში წარმოგვედგინა. ბოლო პერიოდში პროგნოზი შეცვლილია და თუ ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა ჯგუფის მიერ 5%-ის მიდამოებში იყო ნავარაუდევი, პროგნოზი შეიცვალა და უკვე 6-8%-ის ფარგლებშია. ეს ადასტურებს, რომ ეკონომიკურ ზრდას აგრძელებს ქვეყანა და ამ ტემპის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება“, - აცხადებს გიორგი პაპავა Business Insider Georgia - თან.
რაც შეეხება დარგობრივ ჭრილს, ცნობილია, რომ მშენებლობის სექტორი პირველია, რომელსაც ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მეტი წვლილი აქვს.
,,ბოლო თვეების განმავლობაში მშენებლობის დარგში სიტუაცია იცვლებოდა. ადრე ქირაზე სჭარბობდა მოთხოვნა, შემდეგ უკვე გაყიდვებზე გადაინაცვლა. ეს სეგმენტისთვის კარგია, რადგან განვითარების მიმართულებით შედარებით მდგრადია. მრეწველობა და ვაჭრობა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შესაბამისად, იზრდება იმპორტის მაჩვენებელი, ანუ საგარეო ვაჭრობაშიც დადებითი დინამიკაა, თუმცა გამოწვევაა არასტაბილური პოლიტიკური გარემო რეგიონში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკლევადიანი პოზიტიური ტრენდი გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაშიც შენარჩუნდეს, ამაზე უნდა ვიზრუნოთ“, - აცხადებს გიორგი პაპავა.
ცნობისთვის, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.
უახლესი