საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონის ველიში დაფუძნებულმა ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა, მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეავსეს სტარტაპებმა 40 ქვეყნიდან. ინტენსიური შერჩევის პროცესის შემდეგ კი 12 კომპანია შეირჩა, რომლებიც აქსელერაციის პროგრამას გაივლიან. მათ შორის არიან: Arena Games, Bilimber, DataMind, Dealpad, Deskntea, Emonomy, Fortu Wealth, Glorri, Murmur, OneApp, Squares, and Uteach. აღნიშნული კომპანიები EECCA (Eastern Europe, Caucasus, and Central Asia) რეგიონის 7 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.
12 კვირიანი ინტენსიური ტრენინგის შედეგად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ 500 Global-ის საინვესტიციო ექსპერტიზას და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამასთან ერთად, მონაწილეები საერთაშორისო მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად აქტიურად იმუშავებენ ბიზნესის განვითარებისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიებზე, რაც მათ სწრაფი ზრდის შესაძლებლობას მისცემს.
500 Georgia-ს პროგრამის დაწყების შემდეგ უკვე ათობით ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა გაიარა ინტენსიური ტრენინგი მსოფლიო დონის მენტორებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ წელს აპლიკაციების 70% ისეთი ქვეყნებიდან შემოვიდა, როგორებიცაა: უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, უზბეკეთი, ბალტიისპირეთის და ბალკანეთის ქვეყნები.
„საქართველოს ბანკის აქტიური მხარდაჭერით, წელს 500 Georgia საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. 500 Georgia არის შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, მიიღონ წვდომა 500 Global-ის აქსელერაციის საერთაშორისოდ აღიარებულ ინსტრუმენტებზე, გახდნენ 500 Global-ის პორტფოლიოს სტარტაპები, მიიღონ არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნა ბიზნესის ეფექტური სტრატეგიის შექმნისა და ფონდების მოზიდვის მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, ადგილი დაიმკვიდრონ საერთაშორისო ბაზარზე. ამასთანავე, 500 Georgia წარმოადგენს შესაძლებლობას საქართველოსთვის, გააუმჯობესოს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემა და რეგიონში იქცეს სტარტაპების აქსელერაციის ჰაბად“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული და მარკეტინგის მიმართულებების ხელმძღვანელი ლევან გომშიაშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და 500 Global-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, 2022 წელს კი მხარეებს შორის ოთხწლიან პარტნიორობას მოეწერა ხელი. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, 500 Georgia წელიწადში ორ საინვესტიციო აქსელერაციის პროგრამას ჩაატარებს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს სტარტაპებს საქართველოდან და EECCA რეგიონიდან.
500 Global-ის შესახებ:
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2.8 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 50-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 28 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
შერჩეული კომპანიების შესახებ:
უახლესი