საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ისრაელის ქნესეთის სპიკერმა ამირ ოჰანამ და ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური გახსნეს. ახალი სათბური, ჰიდროპონიკის ტექნოლოგიითა აღჭურვილი და მისი საერთო ღირებულება 95 000 აშშ დოლარია. ჰიდროპონიკის სისტემა სოფლის მეურნეობის ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც კულტურების ნიადაგის გარეშე მოყვანას ითვალისწინებს.
„საქართველოში ვიზიტით იმყოფება ისრაელის ქსენეთის სპიკერი, რომელსაც ვუმასპინძლეთ ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ისრაელთან, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს. MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, 1600-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე გადამზადდა წლების განმავლობაში და ახლა, სპიკერთან ერთად, მათი მხარდაჭერით, გავხსენით ახალი სათბური, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. სათბური საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა ფერმერებმა ჰიდროპონიკის ტექნოლოგიის მეშვეობით პროდუქციის წარმოების შესახებ მეტი ცოდნა მიიღონ, რაც გაზრდის მათ პროდუქტიულობას და მოუტანს უფრო მეტ შემოსავალს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ორი ქვეყნის თანამშრომლობის გრძელვადიანი პროექტის მიზანი, მთელს რეგიონში, სადემონსტრაციო ჰაბის ჩამოყალიბებაა, სადაც აგრონომები და ექსპერტები ისრაელიდან, საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეძლებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე სტუდენტებისა და დაინტერესებული ფერმერების გადამზადებას.
„დღეს ჩვენ გავხსენით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური სათბური. MASHAV-ი არის პროგრამა თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების, თანამედროვე ტექნოლოგიებში. ჩვენ აღვნიშნავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, რომელიც 2600 წელს ითვლის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვიმუშაოთ ერთად უკეთესი მომავლისთვის. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ აქ დღეს ვაკეთებთ“, - განაცხადა ისრაელის ქსენეთის სპიკერმა.
სათბურის მშენებლობა MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. MASHAV-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა, რომელიც 1992 წელს, საელჩოს გახსნისთანავე ამოქმედდა. დღემდე, საქართველოსა და ისრაელში, MASHAV-ის პროფესიული ტრენინგ კურსები საქართველოდან 1600-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა.
სტუმრებმა წილკნის ბაზაზე პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს, სადაც 2017 წლიდან ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.
უახლესი