დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მობილური ბანკით გადახდები 175%-ით გაიზარდა

მობილური ბანკით გადახდები 175%-ით გაიზარდა

06-05-2023 13:00:28

2022 წელს მობილური ბანკის გამოყენებით განხორციელებული გადახდების რაოდენობა 175%-ით გაიზარდა და უნაღდო გადახდების 18% შეადგინა, - ამის შესახებ სებ-ის 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული. 

ცნობილია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ციფრული და მობილური ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გადახდის ელექტრონული საშუალებების გამოყენებას.

აღნიშნული ტენდენციები კიდევ უფრო დააჩქარა COVID-19-ის პანდემიით ინიციირებულმა ბიზნესის ციფრულმა ტრანსფორმაციამაც. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მობილური ბანკის საშუალებით განხორციელებული გადახდები.

2015 წლიდან მობილური ბანკი, როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით ყველაზე სწრაფად მზარდ გადახდის არხს წარმოადგენდა და უკვე 2020 წლიდან მყარად დამკვიდრდა საბარათე ინსტრუმენტების შემდეგ ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებად გადახდის საშუალებად.

წინა წელთან შედარებით, მობილური ბანკის გამოყენებით განხორციელებული გადახდების რაოდენობა 175 პროცენტით გაიზარდა და სულ უნაღდო გადახდების 18 პროცენტი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 პპ-ით მეტია. 

ტრადიციულად, რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით ყველაზე ხშირად გამოყენებულ გადახდის ელექტრონულ საშუალებას საბარათე ინსტრუმენტი წარმოადგენს.

2022 წელს მისი მეშვეობით განხორციელებული გადახდების რაოდენობა 34 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი უნაღდო გადახდების 77 პროცენტი შეადგინა.

14 პროცენტით გაიზარდა ასევე ინტერნეტ-ბანკით განხორციელებული გადახდების რაოდენობაც და სულ უნაღდო გადახდების რაოდენობის 4 პროცენტი შეადგინა.

აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით არ არის გასაკვირი, რომ არა-დისტანციური საშუალებებით განხორციელებული გადახდების რაოდენობა 2022 წელს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 9 პროცენტით და უნაღდო გადახდების რაოდენობის 1 პროცენტი შეადგინა.

„მობილური ბანკით გადახდები თანხობრივი მაჩვნებლების მიხედვითაც ყველაზე სწრაფად მზარდი გადახდის არხს წარმოადგენს. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, მობილური ბანკით განხორციელებული გადახდების თანხა გაიზარდა 97 პროცენტით და შეადგინა სულ უნაღდო გადახდების 12 პროცენტი, რაც 5 პპ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მიუხედავად აღნიშნული ტენდენციისა, ინტერნეტბანკი რჩება თანხობრივი მაჩვენებლების მიხედვით გადახდის უმნიშვნელოვანეს არხად. 2022 წელს ინტერნეტბანკის საშუალებით ინიცირებული საკრედიტო საგადახდო დავალებების თანხა 12 პროცენტით გაიზარდა და მისმა წილმა მთლიან უნაღდო გადახდებში 62 პროცენტი შეადგინა, რაც 2 პპ-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 

მიუხედავად წინა წელთან შედარებით 17 პროცენტიანი ზრდისა, უმნიშვნელოა საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული გადახდების თანხა და როგორც 2021 წელს სულ უნაღდო გადახდების 8 პროცენტს შეადგენს. გარდა აღნიშნულისა, სულ უნაღდო გადახდების 3 პროცენტი შესრულდა სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით“, - აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში. 

საყურადღებოა, რომ კლიენტის მიერ უშუალოდ კომერციული ბანკის სერვის-ცენტრში ინიცირებული საკრედიტო საგადახდო დავალებების თანხა ბოლო 10 წლის განმავლობაში სტაბილურად მცირდება და, 2022 წლის ჯამური მაჩვენებლებით, მთლიანი უნაღდო გადახდების თანხის 15 პროცენტს შეადგენს, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3 პპით ნაკლებია.

მიუხედავად ამისა, თანხობრივი მაჩვენებლების მიხედვით, ბანკის სერვისცენტრში ინიცირებული საკრედიტო დავალებები ჯერ კიდევ აღემატება მობილური ბანკით და საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული გადახდების თანხას და მხოლოდ ინტერნეტ-ბანკით განხორციელებულ გადახდებს ჩამოუვარდება. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები