„დღეს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს - ეს არის „ენა, მამული, სარწმუნოება“. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ გვინდა სტაბილური განვითარება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის, ვფიქრობ, აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა იმ პოლიტიკასთან მიმართებაში, რომელიც ქვეყნის მომავალს და განვითარებას უკავშირდება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. „ბოლო წლებში, ჩვენ შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური პროგრესის მიღწევა და რაც, ასევე მნიშვნელოვანია, წინსვლა ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც ხშირ შემთხვევაში სპეკულაციის საგანია. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გვქონდა ყველაზე დიდი პროგრესი ევროპული ინტეგრაციისა და ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ შევძლებთ ამ სტაბილური კურსის გაგრძელებას, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ქვეყნის განვითარებას იმგვარად, რომ შევინარჩუნოთ ღირსება, სუვერენიტეტი და ფუნდამენტური ღირებულებები, რაც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. „ჩვენ ვერ ავაშენებთ ევროპულ მომავალს, ვერ შევქმნით დემოკრატიულ საზოგადოებას, თუ ფუნდამენტურ საკითხებში არ გვექნება თანხმობა. მათ შორის ერთ-ერთი პრინციპი ასეთი საზოგადოებისა არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა საზოგადოების ყველა ჯგუფის პასუხისმგებლობაა, მათ შორის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაც, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ ქვეყნის განვითარებაში იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, კანონპროექტი სწორედაც რომ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს ემყარება. „სამწუხაროდ, დისკუსია არ მიმდინარეობს არგუმენტებით, შინაარსის შესახებ. ჩვენ ვხედავთ, რომ არგუმენტგამოცლილია ძირითადად ოპოზიციის მხრიდან მესიჯები და არის ბევრი სპეკულაცია, რაც დღეს თქვენ ნახეთ საპარლამენტო პროცესის დროს. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ დეპუტატებს ოპოზიციის მხრიდან, რომლებმაც შეუძლიათ საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა, გამოთქვან თავისი აზრი, თავისი არგუმენტები და საზოგადოება თავად შეაფასებს და განსჯის, მაგრამ ასეთი საპარლამენტო დისკუსიის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ულტიმატუმებით საუბარი. ულტიმატუმები უმრავლესობისთვის მიუღებელია,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რომელმაც თავისი პოზიცია რუსთაველზე შეკრებით დაადასტურა. „რაც შეეხება განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, სამწუხაროდ, ბევრი სპეკულაციაა და ბევრი ემოციაა ამ პროცესების გარშემო. სამწუხაროდ, ჩვენ გვაკლია არგუმენტთან დაკავშირებული დიალოგი. გვაქვს უბრალოდ სპეკულაციები ბევრი მხრიდან, პოლიტიკური ძალების მხრიდან, რასაც არ მოაქვს დადებითი ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის, ასევე იმ შედეგებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ასე სჭირდება. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ერთად დგომა და ამ ერთობით ყველაფერს მივაღწევთ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უახლესი