გამოქვეყნებული მაჩვენებლები სრულ თანხვედრაშია იმ რიცხვებთან, რომელიც გვაქვს ჩვენს კვლევაში, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა (BAG) დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სამუშაო ძალის მაჩვენებლებთან (დასაქმება და უმუშევრობა) დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა.
ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ბოლო 2-3 წლის მაჩვენებლებით, დასაქმების ნაწილში მუდმივად ზრდის ტენდენციაა.
„ჩვენ როდესაც BAG-ის ინდექსს ვაკეთებთ, იქ არის დასაქმების ბარომეტრიც, რომელიც განსაზღვრავს კომპანიების ოდენობას, რომელიც შემდეგ კვარტალში, ან შემდეგ 6 თვეში აპირებს გაზარდოს სამუშაო ადგილები. ეს მათი მხრიდან გარკვეულწილად არის პროგნოზი. როგორც კი კომპანიების საინვესტიციო აქტივობა იზრდება, იზრდება მოთხოვნა სამუშაო ძალაზე და განსაკუთრებით იზრდება კვალიფიციურ კადრებზე. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ინვესტიციაზე ვლაპარაკობთ ეს არის ან არსებული საწარმოების გაფართოება, ან ახალი ტიპის წარმოების შექმნა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მაინც უკავშირდება ახალ ტექნოლოგიებს და ახალი ტექნოლოგები თავის მხრივ მოითხოვს იმ ტიპის კვალიფიკაციებს, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს ამ სიახლესთან. დიდი ბიზნესი ასე თუ ისე შეიძლება უმკლავდებოდეს, როცა საქმე რაიმე ტექნოლოგიურ სიახლეებს ეხება. იმიტომ, რომ 2019 წლის შემდეგ თითქმის ყველა კომპანია მიხვდა, რომ არ უნდა ელოდონ, ვიღაცა მოვა და მათ მოუმზადებს კადრებს. ამიტომ მათ თავად დაიწყეს ამ მიმართულებით ინვესტირება. იყო სახელმწიფოს მხარდაჭერა, იყო დონორების მხარდაჭერა და საბოლო ჯამში შიდა ან კოლეჯთან არსებული სატრენინგო ცენტრები, რომელმაც უზრუნველყო მოკლევადიანი: 6 თვიანი, 9 თვიანი, 1 წლიანი გადამზადება. ამ ყველაფერმა შექმნა ის ბაზა, რომელმაც მეტ-ნაკლებად შეამცირა ის პრობლემა რომელიც არსებობს. მომზადება ხდება იმ კვალიფიკაციების შესაბამისად, რომელიც მათ სჭირდებათ. მაგრამ, პირობითად მან მოამზადა 30 კაცი, ოცდაათივე მასთან სამუშაოს ვერ იღებს, მაგრამ ბაზარზე უკვე ჩნდება კვალიფიციური კადრები, რომელიც სხვა კომპანიებს შეუძლიათ წაიყვანონ და დაასაქმონ. ამიტომ ეს კონტრიბუცია, რომელსაც მსხვილი კომპანიები ბაზარზე ახდენენ, ძალიან მნიშვნელოვანია შრომითი ბაზრისთვის, რადგანაც ისინი არამხოლოდ საკუთარ მოთხოვნას იკმაყოფილებენ, არამედ ბაზარს აწვდიან იმ კვალიფიკაციებს, რომელიც აუცილებელია. წლების განმავლობაში იყო პერიოდი, როდესაც სახელმწიფო და ბიზნესი იყო ცალ-ცალკე და ბიზნესიც იყო მომლოდინე. თუმცა 3-4 წლის უკან უკვე დაიწყო სხვა პროცესი, როდესაც სახელმწიფომ დაინახა, რომ ეს არის ფუჭად დახარჯული თანხებია და პრობლემა არ გვარდება.
ამიტომ ვისთან უნდა ითანამშრომლონ? რა თქმა უნდა ბიზნესთან, რათა კონკრეტული კვალიფიკაციები განისაზღვროს თუ რა არის საჭირო. თავის მხრივ სახელმწიფომ ჩამოაყალიბა პრიორიტეტული სექტორები, და ამ სექტორებში მეტი მხარდაჭერა გამოხატა. გეტყვით ერთ პროექტზე, რომელსაც თვითონ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ახორციელებს, რომელიც უკავშირდება ელექტროსადგურების პერსონალის მომზადებას დაშორებულ რეგიონებში. ეს პროექტი, რომელიც ერთის მხრივ სახელმწიფოს მხარდაჭერა იყო და მეორეს მხრივ usaid-ის კონტრიბუცია იყო, ასევე ჩვენი კონტრიბუცია იყო, იყო ჩართულობა ელექტროსადგურების, მზის სადგურების და საბოლოო ჯამში ეს პროექტი მოხვდა ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანების რეპორტში, როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში თუ როგორ უნდა მოხვდეს მომზადება ინდუსტრიის და სახელმწიფოს ჩართულობით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო 20 წელია ახალგაზრდები 3 ძირითად მიმართულებას ირჩევდნენ, ეს იყო: ბიზნეს ადმინისტრირება, სამედიცინო და იურიდიული.
ვეფხვაძის თქმით, ჯამში ამ სამ პროფესიაზე იყო წლები, რომ მოთხოვნა 90%-მდეც კი ადიოდა.
„ჩვენი ერთ-ერთი წევრია Skillwill-ი, რომელმაც გააკეთა შესანიშნავი პროექტი და ბავშვებს კოდირებას ასწავლიდნენ. როდესაც მივედით და ვნახეთ ეს ბავშვები უცნაური ვითარება იყო. გოგონა, რომელიც 4 წელი სამედიცინოზე სწავლობდა და უცებ გადაწყვიტა წამოსულიყო და კოდირება ესწავლა. დღეს მას ყველანაირი მონაცემები აქვს, რომ წარმატებული ადამიანი გახდეს იმ პროფესიაში, რომელსაც ის გაჰყვება. ამიტომ მთავარია, რომ ამ მენტალური მეინსტრიმისგან გამოვიდნენ.
ბიზნეს ადმინისტრირებაში იცით რატომ მიდიან? რომ იქ „ბიზნესია“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ბიზნესში ხარ ფული გაქვს. ეს ასე არ არის. იქ ცოტა სხვა საკითხები და თემებია. ის, რომ დიპლომში ბიზნესის ადმინისტრირება გიწერია არ არის გარანტია, რომ წახვალ და მაღალანაზღაურებად სამუშაოს იპოვი“,- მიიჩნევს ლევან ვეფხვაძე.
უახლესი
32 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა