მარცვლეულის მწარმოებლები ხორბლის იმპორტზე მოსაკრებლის დაწესებას ითხოვენ. საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, გადასახადი ისეთივე უნდა იყოს, როგორც ფქვილის შემთხვევაშია, რაც ქართული ხორბლის რეალიზაციაზე დადებითად აისახება.
მისი ინფორმაციით, პრობლემა განსაკუთრებით საფურაჟე ხორბალს შეეხება, რომლის შარშანდელი მოსავალი გაუყიდავია.
„რუსული ხორბლის იმპორტმა ძალიან დაგვაზარალა. იმისთვის, რომ ჩვენი მოსავალი გაიყიდოს, ერთადერთი გამოსავალია მოსაკრებელი დაწესდეს. ჩვენი საფურაჟე ხორბლის გაყიდვა საერთოდ გაჩერდა. ფერმერები არნახულ ზარალს განიცდიან. დაღერღილ მდგომარეობაში იაფად შემოდის პროდუქტი რუსეთიდან, რომელიც მოსაკრებლისგან გათავისუფლებულია. ჩვენი მოსავლის ფასი დააგდეს, 43-45 თეთრი ის მაჩვენებელია, რაც თვითღირებულებაც არ არის, აზრი არ აქვს, ამ ფასად არავინ გაყიდის.
შედეგად მივიღებთ ფაქტს, რომ მომავალ წელს ხორბალი არ დაითესება, ჩვენს ფერმერებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ სხვა საქმეს მიჰყონ ხელი ან ქვეყნიდან წავიდნენ. აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, მიდგომა უნდა შეიცვალოს და საფურაჟე მარცვლეული დაიბეგროს“, - განაცხადა ბენიაიძემ Business Insider Georgia- თან.
ამდენად, მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და ფქვილის იმპორტის დაბეგვრამ ქართული ხორბლის პრობლემა რეალურად ვერ გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში 5 თვით დროებითი მოსაკრებელი ამოქმედდა. მიზანია, ხორბლისა და ფქვილის საიმპორტო პირობების გათანაბრება.
უახლესი
11 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“12 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა