2024 წელს ფაქტობრივად გაგრძელდა ის ტრენდი, რაც 2023 წელს იყო. წელს არჩევნების წელია და იყო მოლოდინი, რომ ამ ფაქტორს გაყიდვებსა და „თბილისი ცენტრალის“ ბრუნვაზე გავლენა ექნებოდა - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისი ცენტრალის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა.
„2024 წელს პირველ სამ კვარტალში გვქონდა 3-4%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. თუმცა ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გავლენა ჰქონდა ტექნიკის მაღაზიების გაყიდვებზე და კლებამ დაახლოებით 30-35% შეადგინა“, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.
რაც შეეხება „თბილისი ცენტრალში“ განთავსებულ სხვა ობიექტებს, მათ შორის „ოქროს ბირჟის“ საქმიანობას, როგორც ლევან ყარალაშვილი ამბობს ოქროზე მოთხოვნა სტაბილურია.
„ოქროზე ფასი გაიზარდა. ტრენდი აჩვენებს, რომ მოსახლეობამ თანხები დანაზოგებისკენ მიმართა და ვითარების გაურკვევლობიდან გამომდინარე, თავს იკავებენ ხარჯვისაგან. რაც შეეხება საცალო ვაჭრობას - ტანსაცმელსა და დაბალფასიან სეგმენტზე, გაყიდვებში მანდაც კლებაა, ოღონდ შედარებით უმნიშვნელო. საბოლოო ჯამში რამდენიმე დღეა დარჩენილი ამ წლის დასასრულამდე, რაც არ მგონია რომ გარდამტეხი იყოს“, - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.
„თბილისი ცენტრალის“ დირექტორის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ფართების 100%-ია გაქირავებული.
„ 2023 წელს განახლდა გრძელვადიანი იჯარები, რომელიც 3-დან 5-წლამდეა. ამ მიმართულებით ფასების გადახედვა და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. ახალ წელს იანვარ-თებერვლის სპეციფიკიდან გამომდინარე უფრო დაბალი სეზონია და ამ ჭრილში იმედს ვიტოვებთ, რომ თუ გაზაფხულზე ვითარება დასტაბილურდა, ნორმალურ რელსებზე დავბრუნდებით“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაში სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ 2010 წლის მაისში გაიხსნა.
ცენტრალური რკინიგზის ვაგზლის შენობა სს "თბილისი ცენტრალს" 49-წლიანი იჯარით 2006 წელს გადაეცა.
პროექტის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებს 30 მლნ აშშ დოლარი დასჭირდა. აქედან 17 მლნ აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრძელვადიანი სესხია; ხოლო დარჩენილი თანხა - "ჯიარდისისა" და "ჯიემსი ჰოლდინგის" აქციონერთა კაპიტალი.
უახლესი
12 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“13 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა