დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“

2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“

26-12-2024 18:00:00

კომპანია „კერკი“, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის ჩირს, ჩურჩხელას, ცუკატებსა და ტყლაპებს სთავაზობს, 2024 წელს წარმატებულად აფასებს.

როგორც Business Insider Georgia-ს საწარმოს ხელმძღვანელმა თამარ გაბეჩავამ განუცხადა „კერკის“ პროდუქცია ამ უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის ლიეტუვაში, პოლონეთსა და გერმანიაში, ხოლო 2025 წელს გეგმავენ აშშ-ის ბაზარზე შესვლას.

„ამ მიმართულებით უკვე წლებია ვმუშაობთ და გვაქვს მოლოდინი, რომ 2025 წელს აშშ-ის ბაზარზე შევალთ. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ბათუმში სასტუმროებში და საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ქსელებში. პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე მზარდია“, - ამბობს მეწარმე.

2024 წელი „კერკისთვის“ მნიშვნელოვანი იყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სტრატეგიული გეგმის მიხედვით რაც ჰქონდათ დაგეგმილი შეასრულეს.

კერძოდ, გამოუშვეს ახალი პროდუქტი, დაიწყეს ხილის ხემსების წარმოება, ასევე შევიდნენ სასტუმროების ქსელებში.

რაც შეეხება 2025 წელს, როგორც Business Insider Georgia-ს საწარმოს ხელმძღვანელი თამარ გაბეჩავა ამბობს, გეგმავენ სავაჭრო ქსელებში გაყიდვების ზრდასა და საექსპორტო ბაზრებზე გაფართოებას.

გარდა ტრადიციული თხილისა და ნიგვზის ჩურჩხელისა, „კერკი“ აწარმოებს  ნუშის ჩურჩხელას და ალუბლის ფელამუშში ამოვლებული ჩურჩხელას, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ასევე კომპანიის ექსკლუზიური პროდუქციაა ალკოჰოლში დამზადებული ალუბალი, მარწყვი და წყავი. კომპანიას ბაზარზე გამოაქვს ბოსტნეულის - სტაფილოს, ჭარხლის, პომიდვრისა და მჟავე კიტრის ჩხირები.

 

ცნობისთვის, ჩირის მწარმოებელი საწარმო ,,კერკი" ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარეობს. კომპანია ქართველ მომხმარებელს ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს და ჩურჩხელას სთავაზობს. საწარმო 2021 წლის დეკემბერში ამოქმედდა და სეზონურად 40-მდე ადამიანს ასაქმებს. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი 700 000 დოლარია. კომპანიის მიერ ინვესტირებული თანხის და ბანკის სესხის გარდა, პროექტის თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამების და საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელდა. ცნობისთვის, კერკი ძველქართული სიტყვაა, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახლაც გამოიყენება და მზეზე გამშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები