ადრე თვითდასაქმებულად ითვლებოდა ნებისმიერი პირი, რომელიც საკუთარ მამულში ახორციელებდა გარკვეული ტიპის სამუშაოს, თუმცა ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად მხოლოდ ის თვითდასაქმებული ითვლება, რომელიც აწარმოებს პროდუქციას და რომლის 50%-ზე მეტს ყიდის ბაზარზე. ამის შესახებ რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
გოგიტა თოდრაძემ დასაქმების დაანგარიშების მეთოდოლოგიაზე დეტალურად ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო აღნიშნულ ახალ სტანდარტებს რამდენიმე წლის უკან მიუერთდა.
„პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ უმუშევრობის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია. ისინი ამ მიმართულებით ლიდერები არიან. ამისთვის ჩვენ ვატარებთ ყოველ კვარტალურ კვლევებს, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციულ წყაროს. ზოგადად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკაზე მხედველობაში მიიღება მოსახლეობა 15 წლის და ზემოთ. ზედა ასაკი არ არის შემოფარგლული, რადგანაც საპენსიო ასაკშიც, მათ შორის, ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია.
პირველი კომპონენტი, რომ ავიღოთ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა აერთიანებს დასაქმებულებს და უმუშევრებს, ანუ ვინ არის დასაქმებული? ის არის დაქირავებული პირი, რომელსაც ერიცხება ხელფასი, ან თვითდასაქმებული, რომელიც მუშაობს საკუთარ მამულში და ყიდის 50%-ზე მეტს ბაზარზე, ან ძიძა, რეპეტიტორი, ტაქსის მძღოლი და ა.შ, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით და პლუს აქ არის მეორე კატეგორია, ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში ეს არის უმუშევარი.
ვინ ითვლება უმუშევრად? შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით: პირი, რომელიც არ მუშაობდა გასული კვირის განმავლობაში ერთი საათითაც კი პლუს იმავდროულად, ეძებდა სამუშაოს გასული თვის განმავლობაში და მესამე პირობა მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
ანუ, თუ ადამიანი არ მუშაობდა გასული კვირის განმავლობაში, მაგრამ არ ეძებდა სამუშაოს ის უმუშევრად კი არ ითვლება, არამედ ის გადადის კატეგორიზაციაში მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ, ანუ ის მეორე კატეგორია რაც გითხარით.
ანუ შეიძლება ადამიანი ეძებდეს სამუშაოს, მაგრამ მუშაობის დასაწყებად არ იყოს მზად. მაგალითად: მე შეიძლება პროგრამისტად მინდოდეს მუშაობა, მაგრამ არ ვიცი პროგრამირების ენა. შესაბამისად, ამას ორ კვირაში ვერ დავეუფლები და მე არათუ უმუშევარი ვარ, არამედ ვარ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, ანუ ეს სამივე პირობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული.
ახლა როგორ იანგარიშება უმუშევრობის დონე: ეს სწორედ უმუშევართა რაოდენობა ამ კრიტერიუმის მიხედვით განსაზღვრული და ამ კვლევის საფუძველზე მიღებული იყოფა ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაზე და მრავლდება 100-ზე. ანუ პროცენტებში გამოისახება და შესაბამისად ესე მიიღება ეს. კიდევ ვინ შედის მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, დაახლოებით 1 400 000 გითხარით, ანუ ამ შემთხვევაში აქ შედიან პირები, რომლებიც არ ეძებენ სამუშაოს, რომლებიც არ არიან მზად მუშაობის დასაწყებად აქ შედიან, ასევე სკოლის მოსწავლეები 15 წლის და ზემოთ. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სწავლის მიზეზის გამო სწავლობენ და იმიტომ არ ეძებენ სამუშაოს, აქ შედიან დიასახლისები, რომლებიც არ მუშაობენ, აქ შედიან ასევე საპენსიო ასაკში მყოფი პირები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, ან უბრალოდ აღარც ეძებენ. თქვენ ახსენეთ ასევე ცვლილება მეთოდოლოგიაში, ეს იყო რევოლუციური ნაბიჯი მეთოდოლოგიურ თვალსაზრისით.
ადრე თვითდასაქმებულად ითვლებოდა ნებისმიერი პირი, რომელიც საკუთარ მამულში ახორციელებდა გარკვეული ტიპის სამუშაოს. მოჰყავდა ბოსტნეული, ზრდიდა პირუტყვს, ფრინველს და ა.შ მიუხედავად მოცულობისა და მიუხედავად იმისა იყო თუ არა ის ბაზარზე ფოკუსირებული, ორიენტირებული, მაგრამ უკვე ახალი სტანდარტისა და ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელზეც გადასული ვართ რამდენიმე წელია, დასაქმებულად მხოლოდ ის თვითდასაქმებული ითვლება, რომელიც აწარმოებს პროდუქციას და რომლის 50%-ზე მეტს ყიდის ბაზარზე, ანუ ის ითვლება უკვე თვითდასაქმებულად თორემ თუ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს ამ პროდუქციას, რაც ძალიან ხშირი იყო, ამას უკვე რა თქმა უნდა აღარ ვთვლით. სხვათა შორის, 400 000 ადამიანის გადაკვალიფიცირება მოხდა ამ კატეგორიიდან სხვადასხვა კატეგორიაში, რამაც სხვათა შორის რამდენადაც მახსოვს 6 პროცენტული პუნქტით გაზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი. კიდევ ერთი საინტერესო რაღაცაა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები შეგროვებული და მონაცემთა ბაზაში იქ შესაძლებელია უმუშევრობის დონის მიხედვით ქვეყნების შედარება. ბევრი ქვეყანა არ არის დღესაც კი გადასული ამ მაღალ სტანდარტზე და შესაბამისად, ადარებს ზოგიერთი მომხმარებელი ჩვენი ქვეყნის უმუშევრობის მაჩვენებელს ისეთ ქვეყანას, სადაც ძველი მეთოდოლოგითაა დათვლილი. ძველი მეთოდოლოგიით ჩვენ 6 პროცენტული პუნქტით დაბალი გვქონდა უმუშევრობის მაჩვენებელი. იქ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას გაკეთებული აქვს განმარტება, მაგრამ ამ განმარტებას ხშირ შემთხვევაში არ ანიჭებენ დიდ ყურადღებას და შესაბამისად, იმის თქმა მინდა რომ ეს მონაცემები, ანუ სხვადასხვა სტანდარტით და მითოლოგიით დათვლილი მონაცემები აბსოლუტურად არ არის შესადარისი ერთმანეთთან“, - განაცხადა თოდრაძემ.
უახლესი
2 საათის წინ
„კოსმომ“ ახალი ფილიალი გახსნა3 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8168 ლარი გახდა