დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სწორი ანალიზი იმისა, თუ ვის ხვდები, უზრუნველყოფს შეხვედრის ხარისხს - მიხეილ ხიდურელი ივესტიციების მოზიდვაზე

სწორი ანალიზი იმისა, თუ ვის ხვდები, უზრუნველყოფს შეხვედრის ხარისხს - მიხეილ ხიდურელი ივესტიციების მოზიდვაზე

14-12-2023 19:30:51

2024 წელს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 10-ზე მეტ როუდშოუს გეგმავს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხელ ხიდურელი Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ მათ მიერ არ ხდება ქვეყნების შერჩევა, არამედ აქცენტი საჭირო და საინტერესო კომპანიებზე კეთდება.

„რომ განვმარტოთ საზოგადოებისთვის, როუდშოუ ნიშნავს იმას, როდესაც ჩვენ პირდაპირ ჩავდივართ ინვესტორებთან, წინასწარ ჩანიშნულ შეხვედრებზე და მათ ცალ-ცალკე ვხვდებით. ჩვენ არ ვარჩევთ ქვეყნებს, არამედ ვარჩევთ კომპანიებს. ეს კომპანია შეიძლება იყოს ავსტრიაში, იტალიაში ან ამერიკაში და ერთ-ერთი მექანიზმი, რაც გვეხმარება არის დარგობრივ გამოფენებზე დასწრება. მაგალითად, ავტონაწილების გამოფენა ფრანკფურტში, საჰაერო ნაწილების გამოფენა ორლანდოში. ამიტომ, როდესაც ვარჩევთ სად წავიდეთ, ვსწავლობთ იმ კომპანიების სიას, რომელიც გამოფენას ესწრებიან და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოვძებნეთ კომპანია, რომელიც გვაინტერესებს და მასთან ჩაინიშნა შეხვედრა, გავიღებთ ხარჯს და მივდივართ. ჩვენ არასდროს არ დავდივართ გამოფენებზე იმიტომ, რომ მონაწილეობა მივიღოთ. დაახლოებით 9-10 ადამიანი მუშაობს ინვესტიციების მიმართულებით, ფინანსურადაც შეზღუდული ხარ, ამიტომ ჩვენი ყველა სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობა უნდა იყოს გაზომილი და ეფექტური.

მაგალითად, ხშირად გვეკითხებიან, რატომ არ ვემუშავებით „მერსედესის“ ქარხანას, რომ მაგალითად ძრავები ავაწყოთ საქართველოში. მარტივად ვპასუხობთ, ეს რეალისტური არ არის. ამაზე უნდა დახარჯო დიდი დრო და თან ამას სჭირდება 30-40 წელი. მაგალითად, პოლონეთში „მაიკროსოფტი“ შევიდა, რისთვისაც 10-15 წელი ემზადებოდნენ და გაიღეს უდიდესი ინვესტიციები. არარეალისტური, ხანდახან პოპულისტური პროექტები, ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად და ზუსტად ამიტომ ხდება შემდეგ ხარისხიანი ინვესტიციების შემოტანა ჩვენთან.

ყველა როდშოუ, რომელზეც წავალთ, ყველა შეხვედრა იქნება ადეკვატური. ახალმა სტრატეგიამ აჩვენა, რომ სწორმა ანალიზმა ვის ხვდები, უზრუნველყო ამ შეხვედრების ხარისხი.

იყო შემთხვევები, როდესაც ჩავდიოდით და შევხვდებოდით ვთქვათ, „ნოკიას“. ავტომატურად იწყებდნენ განხილვას, როგორია ჩვენი სისტემების გაყიდვების მაჩვენებელი თქვენთან? როდესაც ინვესტორი ავტომატურად განიხილავს თავის ინტერესს, ვხვდებით, რომ ის ფულს არ ჩადებს. არ იმუშავა ამ მიმართულებამ და შევცვალეთ“, - ამბობს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.

მისი თქმით, ხდება დიდი კომპანიების  შემაჯამებელი რეპორტების მონიტორინგი, რომლებიც ონლაინ ქვეყნდება.

„ყურადღებას ვაქცევთ დიდი კომპანიების წლის შემაჯამებელ რეპორტებს, სადაც წერენ, რომ გეგმავენ ოპერაციების გაფართოებას კონკრეტულ რეგიონში. მაგალითად, აინტერესებთ ახალი ბაზარი ცენტრალური აზია, როცა ამას ვხედავთ და ევროპული კომპანიაა, საინტერესო დეტალები იკვეთება - ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ცენტრალურ აზიასთანაც და ევროკავშირთანაც, შესაბამისად, ლოგიკურია საქართველოს შეთავაზება. თუ ვხედავთ ასეთ სიგნალებს, ჩავდივართ და პირდაპირ ვეუბნებით, ვიცით რომ გეგმავთ ცენტრალურ აზიაში რაღაცის გატანას და ხომ არ ვიფიქროთ საქართველოში საწარმოს გადმოტანაზე?“, - ამბობს ხიდურელი.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

რა არის ბრომატი?

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები