დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2028 წლისთვის სიღარიბე 4%-მდე შემცირდება - რა წერია 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში

2028 წლისთვის სიღარიბე 4%-მდე შემცირდება - რა წერია 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში

27-11-2024 11:33:00

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მისი მუდმივი გაჯანსაღება წარმოადგენს. როგორც “სამთავრობო პროგრამა 2025-2028“-ში წერია, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად დაბალი ინფლაციაც აქვს. 2023 წელს ინფლაციამ 2.5% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში 0.3%-ს გაუტოლდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები − მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ინფლაციის დაბალი დონე მიანიშნებს ეკონომიკის პოტენციური დონისა და პროდუქტიულობის ზრდაზე, რაც ,თავის მხრივ, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების შედეგია.

მაღალი ეკონომიკური ზრდისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტების პარალელურად, ფისკალური პარამეტრები უმჯობესდება. 2024 წელს მოსალოდნელია ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ის 2.5%-ამდე შენარჩუნება, რაც 3%-იან ფისკალური წესით განსაზღვრულ ზღვარზე დაბალი მაჩვენებელია.

„მაღალი ეკონომიკური ზრდა ასახვას პოვებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 2023 წელს უმუშევრობის დონე შემცირდა 16.4%-ამდე. უმუშევრობის შემცირების ტენდენცია ასევე გაგრძელდა 2024 წლის სამ კვარტალში და უმუშევრობის დონე შესაბამისად რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე − პირველ კვარტალში 14.0%-ამდე, მეორე კვარტალში − 13.7%-ამდე, ხოლო მესამე კვარტალში 13.8%-ამდე შემცირდა. რაც შეეხება სიღარიბეს, 2023 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ისტორიულ მინიმუმამდე − 11.8%-ამდე შემცირდა და მხოლოდ სამი წლის განმავლობაში 350 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია. მთავრობა უზრუნველყოფს გონივრული და თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებასა და სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების გატარებას. მომდევნო წლებში, მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკის შენარჩუნებას. შედეგად, 2028 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი 130 მილიარდ ლარს, მშპ ერთ სულზე კი − 35 000 ლარს (13 000 აშშ დოლარს) გადააჭარბებს. მაღალი ეკონომიკური ზრდა შექმნის შესაძლებლობას, თანდათანობით შემცირდეს სხვაობა საქართველოსა და განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის და მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაფუძნებული მშპ ერთ სულზე 36 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს; შედეგად, საქართველო მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაფუძნებული ერთ სულზე მშპ-ის ოდენობით იქნება ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას შორის, რომელთაც გახსნილი აქვთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან“, - აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში. 

დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური ზრდა გახდება კიდევ უფრო ინკლუზიური და მაღალი ეკონომიკური აქტივობისა და სტრუქტურული გაუმჯობესების პარალელურად, ქვეყანაში დამატებით 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გაგრძელდება სიღარიბის შემცირების ტენდენცია. 2028 წლისთვის სიღარიბე 4%-ამდე შემცირდება და სიღარიბეს დამატებით 290 ათასზე მეტი ადამიანი დააღწევს თავს.

მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფისკალური სტაბილურობის გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში განხორციელდება შემდეგი პოლიტიკა:
 შენარჩუნებული იქნება ფისკალური დისციპლინა და ბიუჯეტის დეფიციტი მუდმივად დაიგეგმება ორგანული კანონით დასაშვები 3%-იანი დეფიციტის ფარგლებში. მოსალოდნელია, რომ 2025 − 2028 წლებში დეფიციტის საშუალო მაჩვენებელი იქნება მშპ-ის 2,5%;
 მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მომდევნო წლებშიც 5 პროცენტის ქვემოთ შენარჩუნდება და კლებადი ტენდენცია ექნება;
 ქვეყნის ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. გაგრძელდება ადგილობრივი ბიუჯეტების ზრდის ტენდენცია და 2028 წელს მათი მოცულობა გაიზრდება დაახლოებით 3,5-ჯერ (6.8 მილიარდ ლარზე მეტი);
 2025 − 2028 წლებში ვალის მაჩვენებელი შენარჩუნებული იქნება მის უსაფრთხო დონეზე, რაც გულისხმობს მშპ-თან მიმართებით არაუმეტეს 40%-იან მაჩვენებელს.

პორტფელის დივერსიფიცირება უზრუნველყოფილი იქნება საშინაო და საგარეო წყაროების ჯანსაღი კომპოზიციით. არსებული პროგნოზებით, 2028 წლისათვის ვალის პორტფელში უცხოური ვალუტის წილი ჩამოცდება 65 პროცენტს;

გაგრძელდება რეფორმები საჯარო ფინანსების მართვისა და მისი გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც შესაძლებელს გახდის ბიუჯეტის ღიაობის ინდექსში მოსალოდნელი ქულების შემდგომ გაუმჯობესებას. აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება
გამახვილდება საბიუჯეტო პროცესში მოსახლეობისა და დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობის გაუმჯობესებაზე;
 გაგრძელდება ხაზინის რეფორმები როგორც საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციებში, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში დამატებით შემოღებასთან დაკავშირებით, ასევე ხაზინის ერთიანი ანგარიშის მომცველობის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას საჯარო სექტორში;
 მუშაობა გაგრძელდება სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის (PIFC) მდგრადი და უწყვეტი განვითარების მიმართულებით მთელ საჯარო სექტორში, ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რომელიც მოიცავს ძლიერი მენეჯერული
ანგარიშვალდებულების, უფლებამოსილების დელეგირების, რისკების მართვის
სისტემისა და ეფექტიანი შიდა აუდიტის მექანიზმს;
 კონკურენტული გარემოს შესაქმნელად და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება საგადასახადო შეღავათების სისტემის ანალიზი;
 შენარჩუნდება ეკონომიკისთვის ოპტიმალური მოცულობის კაპიტალური ინვესტიციები − საქართველო საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების 6-7%-იან დონეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით;
 ქვეყნის ეკონომიკური საჭიროებების შესაბამისად, მოხდება კაპიტალური პროექტების პრიორიტეტიზაცია;
 ხელი შეეწყობა სახელმწიფო საწარმოების მიერ კაპიტალის ბაზარზე დაფინანსების მოზიდვას. 

ეკონომიკური მდგრადობის ზრდის, საგარეო მოწყვლადობის შემცირების, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მმართველობის მაღალი ხარისხის ფონზე, მთავრობის მიზანია, შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია, რაც შესაძლებელს გახდის საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონის მიღწევას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები