საქართველოს ბაზარზე ოპერირებას შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss იწყებს. Lufthansa Group-ში შემავალი Edelweiss-ი ფრენებს ციურიხი – თბილისი – ციურიხის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.
Edelweiss-ი ორიენტირებულია დასვენებისა და მოგზაურობის მსურველებისთვის ტურისტული მიმართულებების შეთავაზებაზე. ავიაკომპანიის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელმისაწვდომს გახდის საქართველოსა და შვეიცარიას შორის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ევროპიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას.
რა გათვლებით და გეგმებით შემოდის Edelweiss-ი ქართულ ავიაბაზარზე დეტალებზე Business Insider Georgia ავიაკომპანიის ქსელის დაგეგმვისა და განვითარების მენეჯერს დევიდ ნუფერს ესაუბრა.
- რამდენიმე დღეში Edelweiss-ი საქართველოს მიმართულებით პირველ რეისს განახორციელებს. ამ ახალი მიმართულების გამოცხადების შემდეგ, როგორია მოთხოვნა?
- მოთხოვნა აქამდე ოდნავ დაბალი იყო ჩვენს მოლოდინებზე, თუმცა ჩვენ ვხედავთ ჯავშნების პოზიტიურ ტენდენციას. ნებისმიერი ახალ მიმართულებას სრულყოფილად განვითარებისთვის რამდენიმე წელი სჭირდება და ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ საინტერესო ახალ კავშირს - ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.
- რა იყო ძირითადი ფაქტორები, რამაც გავლენა მოახდინა თქვენს გადაწყვეტილებაზე საქართველოს საავიაციო ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით?
- საქართველოს ბევრი რამის შესთავაზა შეუძლია შვეიცარიელი ტურისტებისათვის, როგორც დანიშნულების ადგილს. თავისი მრავალფეროვნებითა და კულტურით ქვეყანა პოპულარობას იძენს შვეიცარიელ ტურისტებში. ციურიხსა და თბილისს შორის მარშრუტი აქამდე არ სრულდებოდა, მაგრამ შვეიცარიასა და საქართველოს შორის სოციალური და ეკონომიკური კავშირების წყალობით, ორ ქვეყანას შორის ყოველწლიურად ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოგზაურობდა. ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის შესაფერისი დრო, რომ შევიდეთ ამ მზარდ ბაზარზე და კიდევ უფრო განვავითაროთ იგი ჩვენი ახალი ფრენებით.
- როგორც Lufthansa Group-ის ნაწილს Edelweiss-ს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს საქართველოში უკვე მოქმედი ჯგუფის სხვა ავიაკომპანიების გამოცდილებით. რა როლი ჰქონდა ჯგუფის არსებულ ცოდნას ქართული ბაზრის შესახებ თქვენს გადაწყვეტილებაზე?
- ჩვენ სარგებელს ვიღებთ ბაზრის შესახებ არსებული ცოდნით და იმ მონაცემებით, რომელიც ბაზრის შესახებ უკვე არსებობს. ჩვენ არ გვჭირდება ყველაფერი თავად ვისწავლოთ, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ Lufthansa-სგან. თბილისსა და ციურიხს შორის ჩვენი ახალი რეისის შემთხვევაში, ამ არსებული ცოდნის წყალობით შევძელით მოსალოდნელი მოთხოვნის პროგნოზირება.
- იყო თუ არა Lufthansa-ს საქართველოში ხანგრძლივი ფუნქციონირება და მისი ბრენდის აღიარება ქართველებში, მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვენი ამ ბაზარზე შესვლისთვის?
- ჩვენი, როგორც შვეიცარიის საკურორტო მიმართულებებზე ოპერირებადი ავიაკომპანიის სტატუსით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახალი მიმართულებების დასაწყებად ყოველთვის არის ტურისტული ნაკადები შვეიცარიიდან ახალ მიმართულებამდე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურისტების ჩამოსვლის მაჩვენებლები იზრდება, რიცხვი ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენი ფრენები შევავსოთ. ქვეყანაში Lufthansa-ს ძლიერი პოზიციონირების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ქართულ ბაზარზეც. საქართველოს გარეთ ბაზარი ამ რეისისთვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია, უშუალოდ შვეიცარიიდან ჩამოსული მგზავრების შემდეგ.
- ციურიხი არის მეორე შვეიცარიული ქალაქი, ჟენევის შემდეგ, რომელიც სთავაზობს პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი უდიდესი ქალაქია შვეიცარიაში, როგორია თქვენი მოლოდინი საქართველოსა და შვეიცარიას შორის მგზავრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით?
- ჩვენ ველით, რომ ეს ახალი კავშირი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მოგზაურობის სტიმულირებას, განსაკუთრებით შვეიცარიიდან საქართველოში მეტი ტურისტის შემოსვლას.
- როგორ ხედავთ ამ ახალი კავშირის სარგებელს როგორც შვეიცარიის მოქალაქეებს, ასევე ქართველებისთვის?
- ამ ფრენებით სარგებელს მიიღებს ადამიანების ფართო სპექტრი. პირველ რიგში: საქართველო ისარგებლებს შვეიცარიიდან უამრავი დამატებითი ტურისტის წყალობით. ცნობილია, რომ შვეიცარიელი ტურისტები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები. ეს დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე. ასევე რეისები სარგებელს მოუტანს საქმიან მოგზაურებს საქართველოსა და შვეიცარიას შორის, ახალი პირდაპირი რეისით. გარდა ამისა, არსებობს შვეიცარიაში მცხოვრები ქართველების და საქართველოში მცხოვრები შვეიცარიელების ჯგუფები, რომლებსაც ახლა გაუადვილდებათ კავშირები თავიანთ ქვეყნებში ოჯახებისა და მეგობრებების მოსანახულებლად. და ბოლოს, ჩვენი ახალი რეისი ქართველებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად დაუკავშირდნენ ციურიხის ცენტრს შვეიცარიის, ან Lufthansa-ს ჯგუფის ნებისმიერ მიმართულებასთან მთელს მსოფლიოში, რაც უზრუნველყოფს სხვა კავშირების ახალ და ეფექტურ ალტერნატივას.
- რა სტრატეგიები აქვს Edelweiss-ს შვეიცარიასა და საქართველოს შორის ტურიზმის გასავითარებლად? გეგმავთ თუ არა თანამშრომლობას ორივე ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან კოორდინირებული მარკეტინგული კამპანიების შესაქმნელად და ამ ახალი მარშრუტის ეფექტური პოპულარიზაციისთვის?
- ჩვენი აქცენტი ამჟამად არის შვეიცარიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდა. ჩვენ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია შვეიცარიელებს საქართველოს, როგორც ულამაზესი ქვეყნის შესახებ. ჩვენი მარკეტინგული კამპანია შვეიცარიაში კოორდინირებულია და მხარდაჭერილია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ. ვცდილობთ გავაძლიეროთ საქართველო შვეიცარიაში მარკეტინგული ღონისძიებების ფართო სპექტრით, რათა მივაღწიოთ ფართო აუდიტორიას. საინაუგურაციო ფრენას შემოუერთდნენ მედიისა და პრესის წარმომადგენლები და ისინი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იმოგზაურებენ - შედეგად, შვეიცარიულ მედიაში საქართველოში მოგზაურობის შესახებ საინტერესო სტატიები გამოქვეყნდება.
უახლესი
1 დღის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა