2026 წლის პირველ კვარტალში სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალი / Trucks Parking Central-ი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს ტერიტორიაზეც გაიხსნება. კომპანია „ლგ ტრანსმა“ პირველი „სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალი“ მცხეთის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ 2023 წელს გახსნა და ის რუსეთ-საქართველოს შორის მოძრავ, ასევე ტრანზიტულ სატვირთო ავტომობილებს ემსახურება.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ლგ ტრანსის“ ერთ-ერთმა დირექტორმა მამუკა ფრიდონაშვილმა სადახლოს ტერიტორიაზე მიწის შეძენა უკვე მოხდა, სადაც პარკინგის მშენებლობა უკვე მიმდინარე წელს დაიწყება.
„ტერიტორია შევიძინეთ სომხეთი საზღვართან, სადახლოს ტერიტორიაზე. მშენებლობის ნებართვებს ველოდებით და სამუშაოებს უკვე 2025 წლიდან დავიწყებთ. პარკინგი 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი და ობიექტი პირველ ავტომობილებს 2026 წლის პირველი კვარტლიდან მიიღებს“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
სადახლოში „სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალის“ მოწყობა ინვესტორს დაახლოებით 5 მლნ ლარი დაუჯდება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს კომპანია „ლგ ტრანსმა“, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე „სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალი“გაფართოება განახორციელა და ცენტრალს პიკურ პერიოდში 1150-მდე ავტომობილის დატევა შეუძლია.
სატვირთო ავტომობილების პარკინგი ექსპლუატაციაში 2023 წლის 11 ოქტომბერს შევიდა და ის 400 სატვირთო ავტომობილზე იყო გათვლილი, თუმცა კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, რომ მისი გამტარუნარიანობა 2025 წლის პირველი ნახევრისთვის 700-მდე გაეზარდა. თუმცა „ლგ ტრანსმა“ ვალდებულებები ნაადრევადაც შეასრულა და უფრო მეტადაც გაფართოვდა.
არსებულ ტერიტორიაზე “სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალის“ გაფართოება უკვე ვეღარ მოხდება.
„700 მანქანაზე რა ვალდებულებაც გვქონდა ეს პროექტი უკვე დავასრულეთ და დამატებითი გაფართოებაც მოვახდინეთ. პიკურ პერიოდში ჩვენთან უკვე 1150 მანქანა დგება. მეტად გაფართოების საშუალებას უკვე ტერიტორია აღარ იძლევა, რადგანაც ერთის მხრივ მდინარე არაგვი ჩამოდის, ხოლო მეორეს მხრივ უკვე კერძო ნაკვეთებია“, - აღნიშნა მამუკა ფრიდონაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალის გაფართოება ვერ ხერხდება, სამაგიეროდ ტერიტორიაზე გარკვეული სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. აქ უკვე გაიხსნა სხვადასხვა კომერციული ფართები.
„მანქანების გასაჩერებელ ადგილს მეტს ვეღარ დავამატებთ, თუმცა სხვა მხრივ გავფართოვდით, ანუ ტერიტორიაზე გაიხსნა კომერციული ობიექტები. გაიხსნა მარკეტი, სადაც მძღოლებს სურსათის და სასმელის შეძენა შეუძლიათ და ასევე გაიხსნა ავტონაწილების მაღაზია. რეალურად პატარა ზომის, 40 კვ/მ-ზე ავტონაწილების მაღაზია ისედაც გვქონდა, თუმცა მოხდა მისი ფართობის ზრდა და ახლა მაღაზია უკვე 150 კვ/მ-ზეა“, - ამბობს „ლგ ტრანსის“ დირექტორი.
2024 წელს „სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალმა“ დაახლოებით 150 ათასი მანქანა მიიღო. როგორც მამუკა ფრიდონაშვილი ამბობს, საქართველოს დერეფნის მსგავსად ცენტრალშიც იზრდება სატვირთო ავტომობილების რაოდენობა, რომელთაც ტვირთი სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით გადააქვთ, საუბარია დანიშნულებით რუსეთის, ყაზახეთის, სომხეთის, თურქეთის და ყირგიზეთის ტვირთებზე.
კომპანია „ლგ ტრანსმა“ „სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალი“ მშენებლობა/გაფართოებისთვის 14 მლნ ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა და 2025 წელს სხვადასხვა სამუშაოებზე კიდევ 2 მლნ ლარს დახარჯვა აპირებს.
აღსანიშნავია, რომ „ლგ ტრანსმა“ პარკინგის მოსაწყობად მიწა სახელმწიფოსგან 25 წლიანი იჯარით აიღო და წლის განმავლობაში 400 000 ლარამდე საიჯარო თანხის გადახდა უწევს. იმავდროულად აღებული ვალდებულების მიხედვით კომპანიას 30 ადამიანი უნდა დაესაქმებინა, თუმცა დღეისათვის გაცილებით მეტ ადამიანს ასაქმებს.
მეტეოროლოგიურ პირობების გამო ხშირად კობი-გუდაურის გზაზე სატვირთო ავტომობილებს გადაადგილება ეზღუდებათ და იქმნება საცობი. ახლა კი ამ ავტომობილებს უკვე „სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალის“ ტერიტორიაზე ჩასვლა და იქ დაპარკინგება შეუძლიათ. თუ რა პერიოდი გაჩერდება სატვირთო ავტომობილი პარკინგზე ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.
„სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალზე“ მოთხოვნა სულ აქტუალური იქნება, რადგანაც აღნიშნული ინფრასტრუქტურა გზების სატვირთო ავტომობილებისგან განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალი / Trucks Parking Central თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სივრცეა. ადგილზე მოქმედებს ყველა საჭირო სერვისი. საპარკინგე ზონით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს, განუსაზღვრელი დროით, 40 ლარად შეუძლია.
უახლესი
2 საათის წინ
სებ-მა"ზირაათ ბანკი საქართველო" დააჯარიმა3 საათის წინ
საერთაშორისო ბირჟებზე შაქრის ფასი დაეცა4 საათის წინ
,,დადარი" თბილისში მაღაზიის გახსნას გეგმავს