მუხიანის დასახლებაში რადიოქალაქის პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
პროექტს თბილისის მერიის კონცეფციით ახორციელებს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი" („აჭარა ჯგუფში" შემავალი კომპანია), რომელმაც 2019 წელს, აუქციონის გზით შეისყიდა ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია.
კახა კალაძემ პროექტი შეაფასა და განმახორციელებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ დაანონსებული გვქონდა რადიოქალაქის პროექტი. ეს არის ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია და გვქონდა იდეა ამ ტერიტორიის სწორად გამოყენების, რომ ყოფილიყო მრავალფუნქციური. გამოვაცხადეთ ტენდერი ჩვენივე კონცეფციით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო აღნიშნული სივრცის განვითარება.
შეიქმნება კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი მუხიანში, სადაც ყველა თაობის ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ ინფრასტრუქტურით. დღეს დავათვალიერეთ პროექტის პირველი ეტაპის დასრულებული სამუშაოები. ეს არის პადელის სამი კორტი, რესტორანი, კაფე, სამუშაო სივრცეები. ასევე გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაბამისი არეალები. ზოგადად, ძალიან მაგარი კონცეფციაა და მომავალი წლისთვის უნდა იყოს დასრულებული", - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე.
რადიოქალაქის სრული ტერიტორია 12 ჰა ფართობს მოიცავს, რომელიც 455 000 თბილისის მცხოვრებისთვის 5-15 წუთის მანძილზე მდებარეობს.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 90 მილიონ ლარამდეა. რადიოქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის მრავალ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
რადიოქალაქი გახდება ტექნოლოგიური სტარტაპების, საგანმანათლებლო პროგრამების, ტექ-კომპანიების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების თავშეყრის ადგილი. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს შორის ახალი კავშირებისა და ცოდნის მიმოცვლას.
ამ ეტაპზე, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ტერიტორიის ნაწილი, რომელიც სარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და სპორტულ სივრცეებს აერთიანებს. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, რესტორანი და პადელის კორტები.
პროექტის გამორჩეული ნაწილია ღონისძიებების სივრცე, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, 8 000-დან 10 000-მდე ადამიანს უმასპინძლოს. სივრცეში ჩატარდება მრავალფეროვანი შინაარსის ფესტივალები, ტექ-სამიტები, სახელოვნებო გამოფენები, საერთაშორისო ექსპოზიციები თუ კონცერტები. პროექტი 2025 წელს დასრულდება.
უახლესი
7 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“