„დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ 104 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მკერდით გადაეფარნენ ჩვენს დამოუკიდებლობას", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას რამდენად რთულ რეგიონში მდებარეობს საქართველო.
„გამოწვევები ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ ყოველთვის იყო. 1921 წელს, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით დამოუკიდებლობის შენარჩუნება. მაშინაც, ვხედავდით ქართველებს, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფის ნაწილი იყვნენ. მაშინაც იყვნენ ქვეყნები, ჯგუფები უცხოეთიდან, რომლებიც გვპირდებოდნენ მხარდაჭერას, გვერდში დგომას, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგა, ჩვენი იუნკერების და ჯარისკაცების დასაცავი გახდა ეს ქვეყანა და სამწუხაროდ, ამ დიდ ძალას, მაშინ ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა. გავიდა წლები და დღესაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ იყო", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ზუსტად სამი წლის წინ, 2022 წლის 25 თებერვალს, კოჯორში, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თუ რა იქნებოდა საქართველოს პოლიტიკა.
„104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა - სამი წლის წინ ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა. გავიდა 3 წელი და ახლა ყველა ხვდება, თუ რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. ყველა ხვდება, რომ მაშინაც გვყავდნენ „ორჯონიკიძეები", რომლებიც 3 წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ესკალაციას, სანქციების დაწესებას, ცის, საზღვრების ჩაკეტვას, რაც იყო პირდაპირი გზა ახალი ომისკენ და პირდაპირი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელახალი ხელყოფისკენ. ის „ორჯონიკიძეები" ჩვენს შორის კვლავ არიან და ეს მაშინ, როდესაც ყველაფერი უკვე ცნობილია - ვიცით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რაზეც საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომელიც არის ყველაზე მეტად ჩართული ამ საკითხში, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური,
საინფორმაციო თუ სადაზვერვო მხარდაჭერის მხრივ. დღეს უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა და ასევე ვიცით, რომ რომ არა ჩვენი ხელისუფლების მაშინდელი სწორი პოზიცია, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და მეორე უკრაინა გვექნებოდა.
ვფიქრობ, სამი წლის გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია ყველამ გაანალიზოს, სად იდგა სამი წლის წინ ზუსტად ამ დღეებში, ის ხალხი ვინც საქართველოს ესკალაციისკენ მოუწოდებდა, 21-ე საუკუნის „ორჯონიკიძეები" და იქნებ გაანალიზონ, რომ საკუთარი ქვეყნის გვერდში დგომასა და საქართველოს ინტერესების გატარებაზე მაღლა არაფერი უნდა დააყენოს პატრიოტმა ადამიანმა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უახლესი
3 საათის წინ
„კოსმომ“ ახალი ფილიალი გახსნა4 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8168 ლარი გახდა