ოფიციალური სტატისტიკის წარმოების უფლება საქსტატის და სებ-ის გარდა სხვა უწყებასაც მიენიჭება. საქართველოს მთავრობამ უკვე გამოსცა №464 დადგენილება, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებს და მათი აღიარების წესს განსზღვრავს.
აღნიშნული დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან, ანუ მომავალი წლიდან სებ-ის და საქსტატის გარდა ოფიციალური სტატისტკის წარმოების უფლება სხვა სუბიექტსაც შესაძლოა მიენიჭოს.
როგორც დადგენილებაში წერია, „ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესის“ მიზანია განსაზღვროს ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლები და დაადგინოს მათთვის სტატუსის მინიჭების წესი. ამ წესის მიზნებისთვის გამოიყენება „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცნებები.
ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლები, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა (საქსტატი) და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, წარმოადგენენ სტატისტიკის ეროვნული სისტემის ნაწილს.
ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლების განსაზღვრის კრიტერიუმები
1. სხვა მწარმოებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს შემდეგი კრიტერიუმების მქონე დაწესებულებას:
ა) აქვს საჯარო დაწესებულების სტატუსი;
ბ) პასუხისმგებელია ეროვნულ დონეზე სტატისტიკური ინფორმაციის შემუშავებასა და წარმოებაზე და ეს პასუხისმგებლობები მითითებულია მისი ორგანიზაციისა და ფუნქციონირების წესრიგის მარეგულირებელ დოკუმენტებში, ისევე როგორც ოფიციალურ სტატისტიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოში;
გ) აქვს სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, სისტემატიზაციის, განზოგადების, ანალიზის, შეფასებისა და გავრცელების საშუალება ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები წარმოადგენს ამომწურავ მოთხოვნებს, რომლებიც სრულად უნდა იყოს დაკმაყოფილებული და უზრუნველყოფილი შესაბამისი სუბიექტების მიერ.
სხვა მწარმოებლებს არ მიეკუთვნება დაწესებულება, რომელიც არ აწარმოებს ოფიციალურ სტატისტიკას, არამედ მხოლოდ ხელს უწყობს ამ წარმოებას სხვადასხვა გზით, მაგალითად, პირველადი მონაცემების შეგროვებით ან მათზე წვდომის მიცემით, ან მონაცემთა დამუშავების მომსახურების მიწოდებით წარმოების პროცესსა და ინფორმაციის ხარისხზე პასუხისმგებლობის გარეშე. ყველა ასეთი ორგანო შეიძლება კონცეპტუალურად განიხილებოდეს, როგორც „მონაცემების მიმწოდებელი“ და ასოციირებული იყოს სტატისტიკის ეროვნულ სისტემასთან მისი წევრობის გარეშე.
ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლის სტატუსის მინიჭების პროცედურის ინიციირება ხდება ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლის სტატუსის მიღების მსურველი სუბიექტის ან საქსტატის მიერ.
ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლის სტატუსის მინიჭება ხდება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სუბიექტებს, რომლებიც არ აწარმოებენ სტატისტიკურ მონაცემებს, არ შეიძლება ჰქონდეთ ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლის სტატუსი მაშინაც კი, თუ ეს სუბიექტები ხელს უწყობენ ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას ინდივიდუალური ან აგრეგირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და, ამასთანავე, არ არიან პასუხისმგებლები მთელ სტატისტიკურ პროცესზე, მათ შორის, რესპონდენტებისგან მონაცემების შეგროვებაზე ან მონაცემთა სხვა წყაროებიდან მიღებაზე, დამუშავებასა და მათ შემდგომ გავრცელებაზე.
უახლესი
10 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა