ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის არსებულ კომუნიკაციაზე და მათ პოზიციაზე ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, როგორია საფინანსო სექტორთან დაკავშირებით პროგნოზები და მოლოდინები, თურნავამ აღნიშნა, რომ არ შეიძლება მათ შორის განსხვავებული პოზიცია არსებობდეს. „მათი და ჩვენი პოზიცია ერთია და არ შეიძლება განსხვავებული იყოს, რადგან ჩვენ ვართ ფინანსური ინსტიტუტების რეგულატორი და ჩვენც და კომერციული ბანკებიც არიან საქართველოში მოღვაწე სუბიექტები“-აღნიშნა თურნავამ.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მისი ბრძანების გამოცემის შემდეგ, არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა. თურნავამ კომერციული ბანკების მიერ სანქციებთან მიერთების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორ ქმედებად შეაფასა.
„მათი მხრიდან ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება. სწორედ იმის გამო, რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა აუცილებელი გახდა, მათ კიდევ ერთხელ საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების ერთგული არიან. შეგახსენებთ, როდესაც მეც მქონდა ბრიფინგი და პირველი კომუნიკაცია ამ სანქციების აღსრულების წესში შესწორების შეტანის შემდეგ, იმით დავიწყე, რომ ჩვენ ვიყავით და ვრჩებით საერთაშორისო სანქციების ერთგული. ასევე ვიცით და პატივს ვცემთ იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც თითოეულ ბანკს გააჩნია თავის საერთაშორისო პარტნიორებთან. საბანკო სისტემა მთლიანობაში რჩება საერთაშორისო სანქციის ერთგული და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს შესრულდეს“-აღნიშნა თურნავამ.
მისი განმარტებით, არანაირი კონფლიქტი ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის არ არსებობს. საუბარია იმაზე, რომ სწორი ბალანსი იყოს მოძებნილი საერთაშორისო სანქციის აღსრულების მექანიზმსა და ადგილობრივ კანონმდებლობას შორის.
„ჩვენ ბანკებთან მანამდე გვქონდა კომუნიკაცია, მათი მესიჯებიც ვიცოდით და შეჯერებული იყო. აუცილებელი გახდა, რომ მათაც და ასოციაციასაც ეთქვათ, რომ- ჩვენ, საფინანსო ინსტიტუტები ვრჩებით სანქციების ერთგული და აღვასრულებთ. არანაირი კონფლიქტი ჩვენს შორის არ არსებობს. საუბარია იმაზე, რომ სწორი ბალანსი იყოს მოძებნილი საერთაშორისო სანქციის აღსრულების მექანიზმსა და ადგილობრივ კანონმდებლობას შორის.
კომერციულ ბანკებს შეუძლიათ და ვალდებულებიც არიან ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქციის ან საეჭვო კლიენტის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა საქართველოს მოქალაქეა თუ არა, სანქცირებულია თუ არა, ყველა აუცილებელ ზომას მიმართონ, რათა ასეთი ტრანზაქცია არ შედგეს და ჩვენ ვამოწმებთ მათ იმისთვის, რომ ეს ვალდებულება პირნათლად იყოს შესრულებული. ასე რომ, სწორი ბალანსი ამ თვალსაზრისით მონახულია. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის დახვეწის კვალობაზე ჩვენც გავაგრძელოთ ამ მექანიზმების დახვეწა და ეს მოხდება მათთან კომუნიკაციით“-განაცხადა ნათია თურნავამ.
უახლესი
21 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO21 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში