საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე სებ-ის 31 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს პროფესიული დამსახურებისა და ფასდაუდებელი შრომისთვის საპატიო ჯილდოები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ბანკირის დღეზე ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების თანამშრომლები.
შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივ ძალისხმევაზე, რის შედეგადაც საბანკო სექტორი რეგიონში სამაგალითოა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, რაც სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
„დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და ამ ყველაფრის შედეგად, გვაქვს ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო ჩვენს ქვეყანაში; რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში, საბანკო სექტორს და ეროვნული ბანკის საქმიანობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ასევე უზრუნველყოფილია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, ლარის კურსის სტაბილურობა, დაბალია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ გავზარდეთ საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ამისთვისაც, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი. მას დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ქვეყანაში სტაბილური საფინანსო გარემოს შენარჩუნებაში ეროვნული ბანკის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
„ჯანსაღი საბანკო სისტემა უნდა განვიხილოთ, როგორც არა მარტო ეკონომიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. ამ მხრივ, მინდა ყურადღება გავამახვილო ეროვნული ბანკის განსაკუთრებულ როლზე ჩვენს ქვეყანაში სტაბილური საფინანსო გარემოს შენარჩუნებაში. დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, პირდაპირი საინფორმაციო თავდასხმების პირობებში, რომლებიც, მათ შორის, ჩვენს ვალუტას ეხება, ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეროვნული ბანკის გუნდით ამაყობს. მათი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საბანკო სექტორის განვითარება, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა, რაშიც სექტორში დასაქმებულ 40 ათასამდე პროფესიონალს უდიდესი წვლილი შეაქვს. მან მადლობა გადაუხადა საბანკო სექტორის წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის და ადგილობრივად თუ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული მაღალი ნდობისა და რეპუტაციისთვის.
„სწორედ თქვენ, თქვენი პროფესიონალიზმითა და ცოდნით, გაწეული სამსახურითა და თავდაუზოგავი შრომით შექმენით ის მონაპოვარი, რასაც ძლიერი და სანდო საბანკო სექტორი ჰქვია. მადლობა თქვენ, რომ არაერთი გამოწვევის მიუხედავად, თქვენი დამსახურებით საქართველოს საბანკო სექტორი მაღალი ნდობითა და რეპუტაციით გამოირჩევა როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
თითოეული თქვენგანის დამსახურებით საქართველოს საბანკო სექტორი მუდმივად ვითარდება და სტაბილურად მზარდია. სისტემა ხასიათდება კაპიტალისა და ლიკვიდობის მაღალი ბუფერებით, აქტივების გამორჩეულად მაღალი ხარისხით და მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და მისაბაძი ბევრი იურისდიქციისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდი, მანდატის ფარგლებში, აგრძელებს თანმიმდევრულ და სანდო მონეტარულ პოლიტიკას, ფასების ნორმალიზებას და საბანკო ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებაზე მუშაობას, რათა ფინანსური სტაბილურობა კვლავაც იყოს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი.
ბანკირის პროფესიული დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. ბანკირის დღე პირველი ქართული ბანკის - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად, სიმბოლურად 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა.
ბანკირის დღის დაარსების ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნის.
უახლესი
10 საათის წინ
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა10 საათის წინ
ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა10 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა11 საათის წინ
ყველაზე მეტად წლიურ ჭრილში რომელი პროდუქტები გაიაფდა