ას 11 ნოემბერს დაიწყებს.
8 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის ტრადიციული შეკრებისწინა პრესკონფერენცია გაიმართა.
წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ძირითადად უცვლელი ტაქტიკით ვთამაშობთ. ალბანეთთან თამაში გამონაკლისი იყო, ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაციიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სათამაშო სტილი და იდენტობა. შესაბამისად, დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ როგორ ვითამაშებთ, როდესაც ნაკრებში მოდიან.
რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვიყავი ალბანეთთან მატჩის შემდეგ. თამაშის ჩანაწერი ბევრჯერ ვნახე და ისევ იმ აზრზე ვარ, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით. ახლა ორი რთული მატჩი გველის. უკრაინა და ჩეხეთი ძლიერი გუნდები არიან. ჩვენთვის, ეს არის შესაძლებლობა ვაჩვენოთ, რომ ასეთ ძლიერ ჯგუფში კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ. ბ ლიგა საქართველოსთვის რთული ლიგაა. მართალია, ყველანი კიდევ უფრო დიდ წარმატებებზე ვოცნებობთ, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ და დავაკვირდეთ ჩვენს განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
ოქტომბრის მატჩების შემდეგ ზურიკო დავითაშვილი ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს. მეტი თავდაჯერება აქვს და ეჩვევა საფრანგეთის ლიგა 1-ს. კმაყოფილი ვარ მისი თამაშით. მიქაუტაძეს კვლავ რთული პერიოდი აქვს, თუმცა კარგია, რომ ბოლო პერიოდში მეტს თამაშობს. მიქაუტაძე კარგ ფორმაში და თავდაჯერებული გვჭირდება, რადგან ის ჩვენი შეტევის ერთ-ერთი ლიდერია.
მექვაბიშვილი და კვეკვესკირი ეროვნული ნაკრების განუყოფელი ნაწილი არიან. ისინი დაუბრუნდნენ მოედანს ტრავმების შემდეგ და ამით ბედნიერი ვარ. მექვაბიშვილი ყოველთვის საინტერესო მოთამაშე იყო ჩემთვის. მაშინაც კი, როდესაც ჯერ კიდევ დინამო თბილისში თამაშობდა და ნაკრებში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. კვეკვესკირი განსხვავებული სტილის მოთამაშეა. მას უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი როლი მნიშვნელოვანია ფეხბურთელებთან კომუნიკაციაში და მოტივაციის მხრივ. ამასთან, ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. ამავდროულად, სიის მიღმა დარჩნენ ნონიკაშვილი და ალთუნაშვილი. სწორედ ეს არის კონკურენცია, რომელიც საბოლოოდ გუნდს აძლიერებს. ვიმედოვნებ, ნოემბერში ორ კარგ მატჩს ჩავატარებთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის ამაღლება და მზად ვიყოთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის.
გიორგი გულიაშვილი ოქტომბერში პირველად იყო ჩვენთან ერთად. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი გუნდთან ერთად ნახვა. ვფიქრობ, ბოსნიის ჩემპიონატის და სანაკრებო დონე ამ ეტაპზე განსხვავებულია. ვთხოვე, რომ გააგრძელოს მუშაობა, რომ მისცეს საკუთარ თავს ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობა. გადაწყვეტილებას, იმის შესახებ ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში იქნება თუ ახალგაზრდულში, ყოველთვის მე ვიღებ. თუმცა, ზოგჯერ, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის თამაშია, ვსაუბრობთ და საერთო გადაწყვეტილება მიიღება, რადგან ერთი გუნდი ვართ. საბა გოგლიჩიძე უკვე სერია A-ს ფეხბურთელი და ეროვნული გუნდის წევრია. აუცილებლად ითამაშებს ნოემბრის ერთ მატჩში მაინც. ამავდროულად, მინდა წარმატებები ვუსურვო რამაზ სვანაძეს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად. 21-წლამდე ნაკრების დიდ ტურნირზე თამაში უდიდესი გამოცდილებაა სამომავლოდ ეროვნული ნაკრებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივმა გუნდებმა დიდ ტურნირებზე ითამაშონ".
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ნაკრები არ თამაშობდეს მხოლოდ თბილისში. ბათუმში თამაშის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს. ქართველმა გულშემატკივარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი ძალა აქვს. დიდი იმედი მაქვს, გულშემატკივარი და გუნდი ერთად შეძლებს წარმატების მიღწევას. ჩვენი სათამაშო სტილიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ საფარი საუკეთესო მდგომარეობაში იყოს. სწორედ ამიტომ, ბოლო მატჩებში ბათუმი დინამო სხვა სტადიონს იყენებდა. დარწმუნებული ვარ, მინდვრის საფარი ბათუმში საუკეთესო მდგომარეობაში დაგვხვდება.
პირველად საქართველოს ისტორიაში 21-წლამდე ნაკრები პლეი-ოფშია და პირველად გვაქვს შესაძლებლობა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება სპორტულად მოვიპოვოთ. ყველამ ვნახეთ, რაოდენ საოცარი შეგრძნებაა ევროპის ჩემპიონატზე თამაში. მაყურებლის როლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ფეხბურთელებს სათანადო მხარდაჭერა ექნებათ.
გაბრიელ სიგუა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ იყო სანაკრებო განაცხადში ევროპის ჩემპიონატზე. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირად ჰქონდა ტრავმები, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და დიდი იმედი მაქვს დაეხმარება 21-წლამდე ნაკრებს წარმატების მიღწევაში. იმედი მაქვს, რომ შეძლებს თავი გაართვას ტრავმებს, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელად ყოფნა და რაც შეიძლება მეტი თამაში".
უახლესი