ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების (KIU) მთავარი ვექტორი, სწორედ სამეწარმეო უნივერსიტეტის იდეაა. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ განაცხადა.
მისი განმარტებით, დროთა განმავლობაში შეიძლება მოთხოვნა ყველაფერზე შეიცვალოს, მაგრამ ცოდნაზე მოთხოვნა მუდმივად გაიზრდება.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების მთავარი ვექტორი, კონცეფცია, რომელზეც იქნება დაფუძნებული სწავლება, არის სწორედ სამეწარმეო უნივერსიტეტის იდეა. იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ერთი ცოდნა უზარმაზარი ინდუსტრიაა და ალბათ ინდუსტრიის ერთადერთი სფეროა, რასაც კონიუნქტურა არ ეხება. დროთა განმავლობაში შეიძლება მოთხოვნა ყველაფერზე შეიცვალოს, მაგრამ ცოდნაზე მოთხოვნა მუდმივად გაიზრდება. ამიტომაც, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთავარი კონცეფცია ფოკუსირებული იქნება სწორედ ამ მიმართულებაზე, ცოდნას შევხედავთ, როგორც ყველაზე დიდ ინდუსტრიას, ყველაზე განვითარებად ინდუსტრიას მსოფლიოში და უნივერსიტეტიც უნდა იმართებოდეს, როგორც დიდი კორპორაცია“, - აცხადებს გიორგი ხუბუა.
KIU-ს რექტორის თქმით, საქართველოსთვის ეს იქნება სიახლე, მაგრამ არა ექსპერიმენტი.
„მსოფლიოს წარმატებული უნივერსიტეტები სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებიან და მხოლოდ ამ ფორმატით შეიძლება გახდეს უნივერსიტეტი განვითარების ფაქტორი ქვეყანაში და ქუთაისის უნივერსიტეტის ძირითადი იდეა და მიზანი არის, რომ სწორედ უნივერსიტეტი გახდეს განვითარების ფაქტორი. ეს შეუძლებელია თუ ჩვენ აქტიური კავშირი არ გვექნება არამხოლოდ ბიზნესთან, არამედ ნებისმიერი ინსტიტუციის, მათ შორის უნივერსიტეტის მომავალი ეკუთვნის სწორედ ქსელურ უნივერსიტეტებს. ქსელურ უნივერსიტეტებს, რომლებიც მაქსიმალურად არიან ინტეგრირებული საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან, ამ შემთხვევაში ბიზნესთან. ჩვენ გვინდა დავნერგოთ და დავნერგავთ აუცილებლად ე.წ. რეალურ პროექტზე დაფუძნებულ სწავლების მიდგომას, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ეს კლასიკური, ორ სუბიექტიანი სქემა უნივერსიტეტებში, რომელიც დღემდე მოქმედებს და შედგება მხოლოდ სტუდენტისა და პროფესორისაგან. ეს ორ სუბიექტიანი სქემა აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ 3 სუბიექტიანი სქემით: პროფესორი, სტუდენტი, დამსაქმებელი. თუ ეს ალიანსი არ შედგა, იმ თავითვე სწავლის დასაწყისიდან სტუდენტი არ იქნება ჩართული რეალური პროექტების სახით, არ ექნება ურთიერთობა ბიზნესთან შეუძლებელია უნივერსიტეტმა განვითარების სიტყვა თქვას“, - აღნიშნა გიორგი ხუბუამ.
უახლესი
4 საათის წინ
„ჯიველი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს5 საათის წინ
Kotejebi.ge საწარმოს გაფართოებას გეგმავს