დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ ეხმარება სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ ბიზნესს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში და როგორია კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები - ინტერვიუ სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან

როგორ ეხმარება სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ ბიზნესს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში და როგორია კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები - ინტერვიუ სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან

08-02-2025 00:53:00

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი მიმართულებაა. პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით.
პროგრამის ბენეფიციარები იღებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას, რაც მოიცავს როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს, ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
როგორ ვითარდება ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი და რა წვლილი აქვს მასში სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ დეტალებზე Business Insider Georgia სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ირაკლი გაბრიაძეს ესაუბრა.

- გასულ წელს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ჩაერთო ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მიმართულ აქტივობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პროგრამის დაწყებიდან საკმაოდ ცოტა დროა გასული რა შედეგები დადეთ?

- დიახ, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ჩაერთო კაპიტალის ბაზრის სტრუქტურულ რეფორმაში, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას.

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიების მხრიდან. ამ მდგომარეობით შემოსულია 13 კომპანიის 17 განაცხადი და მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისია, რომლებმაც 250 მილიონ ლარამდე დამატებითი საინვესტიციო რესურსი მოიზიდეს საფონდო ბაზარზე. დამატებით 2 განაცხადზე ვაგრძელებთ მუშაობას. მხარდაჭერილი 6 კომპანიიდან ორი მათგანისთვის ეს იყო ობლიგაციების პირველადი განთავსება. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, პროგრამის ამოქმედებიდან დაფინანსებული ემისიების პროცენტული მაჩვენებელი, ქვეყნის მასშტაბით, იმავე პერიოდში გამოშვებული ემისიების 45.9%-ს შეადგენს.

- ესა თუ ის პროგრამა იმპლემენტაციის გზაზე შესაძლოა შეიცვალოს და დაკორექტირდეს, რაც თავის მხრივ გამოცდილების დაგროვების და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე ხდება. უკვე თუ ხედავთ ზოგიერთ ჭრილში აღნიშნული პროგრამის კორექტირების საჭიროებას?

- კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე აქტიურად ვაკვირდებით, ვიკვლევთ და ვსწავლობთ იმ კომპონენტებს, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას. გასული წლის განმავლობაში გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაც კომპანიებს გარკვეულწილად ზღუდავდა ესარგებლათ პროგრამის ბენეფიტებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროგრამაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და მონაწილეობის მსურველი კომპანიებისთვის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავლის ლიმიტი 60 მილიონი ლარიდან 200 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, გაფართოვდა დასაშვები საქმიანობების ნუსხაც და საქმიანობის კოდებს დაემატა საფინანსო-სადაზღვევო სექტორიც.

- როგორ ფიქრობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის კიდევ რა ხელშემწყობი მექანიზმია საჭირო და ზოგადად როგორ აფასებთ ბაზრის განვითარების პერსპექტივას უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში?

- საწყის ეტაპზე ვფიქრობთ, რომ პროგრამის ამოქმედება ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს და გარდამტეხი იქნება მისი განვითარებისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2024-2028 წლებში მოხდება 100-მდე ემისიის მხარდაჭერა, რითაც 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება იქნება შესაძლებელი.

- ერთია კომპანიას დაეხმაროთ ობლიგაციების გამოშვებაში, მეორეა ვინ არის მისი პოტენციური მყიდველი. გარდა იურიდიული პირებისა, არიან თუ არა ობლიგაციების რაღაც რაოდენობის შეძენით დაინტერესებულნი კერძო პირებიც და როგორ ხდება მათი წახალისება?

კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის მნიშვნელოვან და თანაბარ როლს ასრულებენ როგორც ემიტენტი კომპანიები, ისე იურიდიული თუ ფიზიკური პირები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ობლიგაციების როგორც კარგი საინვესტიციო ალტერნატივის პოპულარიზება მოსახლეობაში. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირების მხრიდან ობლიგაციებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია.

- და ბოლოს, ბიზნესს კიდევ ერთხელ რომ განუმარტოთ, რა პირობებით და როგორ ეხმარებით ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ მხრივ თავად ბიზნესი?

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 200 მლნ ლარს. ბენეფიციარი კომპანიები მიიღებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას, რომელიც მოიცავს როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს, ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ერთი დასკვნის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასურის (საკომისიო) თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს, ხოლო ერთი ბენეფიციარისთვის განსაზღვრული თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა ჯამურად ორივე მიმართულებით შეადგენს 1 მლნ ლარს.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები