2024 წელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის და მათ შორის „არდისთვის“ საკმაოდ კარგი იყო და მოზიდული პრემია დაახლოებით 18%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელი „არდისთვის“ იმითაც იყო გამორჩეული, რომ „საქართველოს კაპიტალი“ „არდის“ ძირითადი აქციონერი გახდა.
„გასული წელი კარგი იყო სადაზღვევო ინდუსტრიისთვის და მათ შორის „არდისთვის“. ბაზარი ანუ მოზიდული პრემია დაახლოებით 18%-ით გაიზარდა და პოსტკოვიდურ პერიოდში შემცირებული მომგებიანობაც გაუმჯობესდა. ყველაზე მოთხოვნადი დაზღვევის სახეობა კვლავაც სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაა, შემდეგ მოდის ავტოდაზღვევა, ქონების დაზღვევა და სიცოცხლის დაზღვევა. სხვა სახეობებს შედარებით მოკრძალებული წილი უჭირავთ. ზუსტი მონაცემები დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 12 თვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გვეცოდინება.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან როგორც იცით გასულ წელს ძალიან მსხვილი გარიგების შედეგად „არდიში“ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა და „საქართველოს კაპიტალი“ „არდის“ ძირითადი აქციონერი გახდა“, - განმარტავს მიხეილ ჯაფარიძე.
მისივე განმარტებით, „არდის“ პორტფელში ჯანმრთელობის დაზღვევის წილი 80%-ია.
„ჩვენ სიახლეებზე მუდმივად ვმუშაობთ და ამ კუთხით ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ ჩვენ დაზღვეულებს. კონკრეტიკისგან შეგნებულად შევიკავებ თავს, თუმცა „არდის“ ძირითადი სტრატეგია უცვლელია, რაც მუდმივი განახლების გზით განსაკუთრებული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში მდგომარეობს. შესაბამისად სამედიცინო, ავტო, ქონების და სხვა დაზღვევის სახეობების მიმართულებით კიდევ უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით“, - ამბობს „არდის“ გენერალური დირექტორი.
სადაზღვევო კომპანიამ სერვისების გაციფრულების მიმართულებით აქტიურ სამუშაოები გაწია და აღნიშნული მიმართულებით კომპანია ისევ აქტიურად აგრძელებს სვლას.
„გაციფრულება სავალდებულო თანმდევია ჩვენი ცხოვრების და „არდიში“ პროცესების უდიდესი ნაწილი გაციფრულებულია. ამ კუთხითაც ძალიან ბევრი რამ პირველებმა დავნერგეთ ბაზარზე და ეს ტრენდი არ შეიცვლება. კიდევ უფრო მეტად გაციფრულდება და გამარტივდება არსებული სერვისები, დაემატება ახალი პროდუქტები და ინიციატივები“, - აცხადებს „არდის“ გენერალური დირექტორი.
უახლესი