დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კრუასანის ტიპის პროდუქტების რეალიზაცია 30%-ით გაგვეზარდა - Food Alliance საწარმოო პროცესის ავტომატიზაციას მოახდენს

კრუასანის ტიპის პროდუქტების რეალიზაცია 30%-ით გაგვეზარდა - Food Alliance საწარმოო პროცესის ავტომატიზაციას მოახდენს

20-01-2025 19:00:00

2025 წელს ფუდ ალიანსი • Food Alliance წარმოების გაფართოებას და გაყიდვების 15%-მდე ზრდას გეგმავს. მიზნის მისაღწევად კი კომპანია საწარმოო პროცესის ავტომატიზაციას მოახდენს და აპრილიდან საწარმოო რესურსს 40 ტონით გაზრდის. 

როგორც Business Insider Georgia-სთან Food Alliance-ს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ კოხრეიძემ განაცხადა, იგეგმება ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა, რისთვისაც გარკვეული დაფინანსებაა საჭირო.

Food Alliance საკუთარი პროდუქციით ჰორეკა სექტორს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამარაგებს და სადისტრიბუციო ქსელიც გააჩნია. თუმცა ბოლო პერიოდში კომპანიამ მომხმარებლებს პროდუქციის ონლაინ შერჩევის და ყიდვის სერვისიც შესთავაზა. 

„ახლახან ჩავუშვით ონლაინ გაყიდვები რაშიც იგულისხმება ის, რომ კლიენტს საიტიდან შეუძლია პროდუქცია შეარჩიოს და მარტივად შეიძინოს სასურველი პროდუქტები. ეს ყველაფერი კლიენტებთან ურთიერთობის გასამარტივებლად და შეკვეთების ოპტიმიზაციისთვის გაკეთდა. რაც თავის მხრივ აისახება შეკვეთების რაოდენობაზე“, - აცხადებს ვახტანგ კოხრეიძე.

კომპანიაში 2024 წელს გაყიდვების ზრდაზეც საუბრობს, რაც ძირითადად Food Alliance-ს პროდუქციის მაღალმა ხარისხმა და კრუასანის ტიპის პროდუქტების ზრდამ განაპირობა. 

„2024 წელს კომპანიის გაყიდვები გაიზარდა, თუმცა განსაკუთრებული ზრდა დაგვიფიქსირდა კრუასანის ტიპის პროდუქტებზე. უფრო კონკრეტულად კრუასანის ტიპის პროდუქტების რეალიზაცია 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 30%-ითაა გაზრდილი. 

საერთო ჯამში კომპანიის გაყიდვების ზრდა კრუასანის პროდუქტების ზრდის მაჩვენებლებით და მაღალი ხარისხით იყო განპირობებული, რადგანაც ჩვენ პროდუქციას მაღალი ხარისხის ნედლეულით ვამზადებთ და შესაბამისი ხარისხიც გვაქვს. რაც შეეხება კრუასანებს მისი წარმოებისთვის ძირითადად ფრანგული ნედლეულის გამოყენება ხდება. “, - აცხადებს Food Alliance-ს გენერალური დირექტორი.

ვახტანგ კოხრეიძის თქმით, კრუასანებზე მოთხოვნა გაიზარდა, როგორც ჰორეკა სექტორში, ისე რითეილში. 

კომპანია მუდმივად ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზეა ორიენტირებული და მალე ბაზარს გარკვეულ სიახლეებსაც შესთავაზებს. 

„ახალი ტიპის პროდუქტებს დავამატებთ, საუბარია საუზმისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე. უფრო კონკრეტულად პატარა გრამაჟის პურები და სენდვიჩის პურები დავამატეთ“, - ამბობს კოხრეიძე.

​Food Alliance  2019 წელს დაარსებული ქართულ-ფრანგული საწარმოა, რომელიც ნატახტარში მდებარეობს და 150 ადამიანს ასაქმებს.

სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“, სუბსიდირების სახით, Food Alliance-მ 1 400 000 ლარზე მეტი მიიღო. 

Food Alliance აწარმოებს როგორც პურს, ვიენუაზერს და ასევე სხვადასხვა სახის ქართულ პროდუქტებს. 

კომპანიის უპირველესი მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის გაყინული საკონდიტრო პროდუქტი, რომელიც მოიცავს როგორც ფრანგული, ისე ქართული ტრადიციებით შთაგონებულ ინოვაციურ  ნაწარმს.

პროდუქციის განმასხვავებელი მახასიათებელია მისი გამორჩეული გემოვნური თვისებები, რომელიც განპირობებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხით.

ავთენტური ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის დამზადება პრემიუმ ხარისხის ნედლეულთან ერთად მოითხოვს როგორც ტექნოლოგის გამოცდილებას, ასევე მაღალი ხარისხის დანადგარების გამოყენებას.

კომპანიის მიერ პროდუქციის დამზადება ხდება უახლესი ტექნოლოგიით და გაყინვის უნიკალური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს, მასში შემავალი სასარგებლო, ესთეტიკური და გემოვნური თვისების შენარჩუნებას.

პროდუქტის  მომზადება არ საჭიროებს ადგილზე სპეციალიზებულ პერსონალს, რადგან ჩვეულებრივ ღუმელში, მხოლოდ 15-20 წუთით მოთავსებაც საკმარისია საუკეთესო შედეგის მისაღებად.

Food Alliance თანამშრომლობს ფრანგ  წარმოების ტექნოლოგ ვილიამ დენუსთან.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები