აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, Credo Bank-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით, მიკროფინანსების მრგვალი მაგიდის ფორმატის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე აღინიშნა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მიკროფინანსების ინიციატივების განვითარებისთვის ერთობლივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ინსტიტუტების, მარეგულირებელი ორგანოებისა და ფინტექ ორგანიზაციების ლიდერები. მათ განიხილეს სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა (MSMEs) და ქალთა ხელმძღვანელობით წამოწყებული ბიზნესების მხარდაჭერას.
ზაზა ფირცხელავამ, კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ღონისძიების მნიშვნელობაზე და აღნიშნა: „შეხვედრაზე განვიხილეთ ის მრავალფეროვანი გამოცდილებები, მიღწევები და გამოწვევები, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის პროცესში ვაწყდებით. აქვე ვისაუბრეთ, თუ როგორ გავხადოთ ფინანსური და ციფრული სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორ შევუწყოთ ხელი ტრადიციულ დაკრედიტებაზე ორიენტირებული მიდგომებიდან, თანამედროვე, ციფრულ პროდუქტებზე გადასვლას, რათა მსოფლიოს მასშტაბით გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება“.
იასემინ ბედირმა, Mastercard-ის აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების პრეზიდენტმა, ისაუბრა კონფერენციისა და MSME-ების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე: „ეს კონფერენცია არის პლატფორმა დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა ერთობლივად განვიხილოთ MSME-ების წინაშე არსებული გამოწვევები, მათ გადასაჭრელად მივიღოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები და შესაბამისად, დავეხმაროთ განვითარებაში. Mastercard-ში ყოველთვის მზად ვართ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება და რესურსები, ვაღიაროთ მათი ზეგავლენა ეკონომიკურ განვითარებასა და ინკლუზიურ კეთილდღეობაზე“.
აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, სიუზან გაბურმა აღნიშნა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების როლი მდგრად განვითარებაში და განაცხადა: „MSME-ების დაფინანსება, განსაკუთრებით კი, იმ ბიზნესების, რომელთაც ქალები ხელმძღვანელობენ, ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც შერწყმულია შესაძლებლობების განვითარებასთან. ეს კი ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების უფრო მდგრადი გზით მუშაობას.
გარდა ამისა, ეს ღონისძიება შეიძლება ჩაითვალოს ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისად, რადგან იგი დაემთხვა საქართველოს მიერ ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობას, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იზრდება ქვეყნის, როგორც რეგიონული განვითარების საკითხებზე დიალოგის ჰაბი.