თხილის აღების სეზონი ივლისის ბოლოდან დაიწყება, თუმცა საპროგნოზო მაჩვენებელი ცნობილია. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა Business Insider Gerorgia - თან ამბობს, რომ მდგომარეობა აშკარად უკეთესია, რაც ხარისხიანი მოსავლის წინაპირობას იძლევა.
კერძოდ, თოდუას ინფორმაციით, წელს მინიმუმ 50 000 ტონას მიაღწევს მოსავალი, ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში, მეტსაც.
რაც შეეხება ფასს, თუკი ხარისხის შენარჩუნება მოხერხდება, ფერმერები მოსავალს დაახლოებით 5-8 ლარის ფარგლებში გაყიდიან.
„წინა წელს თუ შევადარებთ, მოლოდინი აშკარად უკეთესია. შარშან ფერმერებმა ნაკლები წამლობა ჩაატარეს, ამინდმაც ვერ შეუწყო ხელი და შედეგიც არასახარბიელო იყო. წელს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამამ კარგად იმოქმედა. აქედან გამომდინარე, მეთხილე ფერმერებმა თხილის ბაღებს უფრო კარგად მოუარეს და ამიტომ უკეთეს შედეგს ველოდებით როგორც ხარისხის, ასევე რაოდენობის მხრივაც. სულ მცირე, 50 000 ტონას მიაღწევს მოსავლის რაოდენობა, შესაძლოა მეტსაც, თუ ხელსაყრელი ამინდი იქნება.
რაც შეეხება ფასს, ვინც აგროღონისძიებებს ჩაატარებს, მოსავალს დროულად აიღებს და შრობის პროცედურას დაიცავს, თხილის გაყიდვას დაახლოებით 8 ლარად შეძლებს. ცხადია, რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი თუ არ მოახდენს გავლენას, საბოლოო ჯამში, ველოდებით, რომ ფასი საშუალო 5-8 ლარის ფარგლებში იმერყევებს“, - ამბობს გიორგი თოდუა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სწორი წამლობისა და მოვლის სტანდარტების დაცვით ფერმერები თხილის ხარისხს მაქსიმალურად შეინარჩუნებენ. ,,როგორც არ უნდა იყოს მოსავალი, მთავარია სწორად ჩატარდეს წამლობა და მოსავალს მოვუაროთ. გასათვალისწინებელია, რომ წამლობის ვადაც გარკვეულ სტანდარტს მოითხოვს, როგორც წესი, აპრილიდან ივნისის ბოლომდე მიმდინარეობს. სწორი მიდგომით ბევრად უკეთესი მოსავალი გვექნება და რეალიზაციის მხრივ პრობლემა არც ერთ ფერმერს არ შეექმნება“, - დასძენს გიორგი თოდუა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს თხილის მოსავალმა 40 000 ტონას შეადგინა, ფასი კი საშუალოდ 3-დან 5 ლარის ფარგლებში იყო. საქართველოს წილი თხილის გლობალურ ბაზარზე 3%-ია. ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, საფრანგეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ლატვია, ესტონეთი და ბელგია.
უახლესი
35 წუთის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“1 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები